ივანიშვილის რუსული რეჟიმი ხელისუფლებად პოზირებს და მე-13 წელს კვლავ საუბრობს ჩვენი პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე – თინა ბოკუჩავა
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წინა ხელისუფლების ქმედებების გამოსაძიებლად დაანონსებულ საგამოძიებო კომისიას საცირკო წარმოდგენას უწოდებს და ამბობს, რომ ამით, ბიძინა ივანიშვილი დანაშაულების გადაფარვას ცდილობს.
როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” აღნიშნული “სანახაობით” მისი არალეგიტიმურობის ფაქტს ვერ გადაფარავს და მოუწევს, ძალაუფლების დათმობას შეეგუოს.
“მეცამეტე წელია, არჩევნების მიტაცების და 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი პოზირებს საქართველოს ხელისუფლებად და მეცამეტე წელს კვლავ საუბრობს იმ პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში არ ყოფილა და რომელსაც მე ამაყად წარმოვადგენ. ეს, რა თქმა უნდა, მორიგი რუსული პროპაგანდისტული მცდელობაა იმისთვის, რომ ივანიშვილმა ამ სანახაობით და მორიგი საცირკო წარმოდგენით, რომლის დადგმასაც ახლა არალეგიტიმურ, დე-ფაქტო პარლამენტში გეგმავს, გადაფაროს საკუთარი დანაშაულები; ის, რომ მას ცივილიზებული სამყარო ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ აღიარებს; ის, რომ სანქციების გამო ეკონომიკა ინგრევა; ის, რომ მას ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია არც ქვეყნის გარეთ, არც შიგნით. ამ საცირკო წარმოდგენით, სანახაობით ვერ გადაფარავს მისი არალეგიტიმურობის ფაქტს და მაინც მოუწევს, შეეგუოს ძალაუფლების დათმობას, რამეთუ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები, გამოვიდეთ ამ ქაოსიდან და მუდმივად წარსულში კი არ ვუყუროთ და პროპაგანდისტულ ტყუილებში ვიცხოვროთ, არამედ გავიხედოთ წინ, ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, წარმატებისკენ და ხელისუფლებამ ხალხის ინტერესებისთვის იმუშაოს და არ იყოს დაკავებული საცირკო წარმოდგენების დადგმით”,- განაცხადა ბოკუჩავამ.