თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 209 684, 9 ათასი ლარით იზრდება
204
0
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა 209 684,9 ათასი ლარით იზრდება, საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ქალაქის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს, 2 192,862.9 ათას ლარს მიაღწია.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ბიუჯეტის ზრდა თბილისისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს და ეს თანხები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების პროექტებს მოხმარდება.
„თბილისის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის კორექტირების შედეგად იგი 209 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 192,862.9 ათასი ლარი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ქალაქისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. თანხები იმ ძირითად პრიორიტეტებზე გადანაწილდება, რომლებიც ფინანსურ დოკუმენტში უკვე გაწერილია. იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამას გარდა, თანხები მოხმარდება სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ვფიქრობ, ამ მიმართულებით 2025 წელი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ქონების დაკანონების საკითხებსაც განიხილავენ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ათწლეულებია ელოდებიან.
„ჩვენ მუდამ ვცდილობთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, ინვესტიციების მოზიდვას, მეორე მხრივ კი, ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.