1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინელი კომიკოსის სასიკვდილო მიამიტობა – Radio Universum
უკრაინელი კომიკოსის სასიკვდილო მიამიტობა – Radio Universum

უკრაინელი კომიკოსის სასიკვდილო მიამიტობა – Radio Universum

954
0

რატომ აირჩიეს უკრაინელებმა პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი? იმიტომ, რომ ისინი ენდნენ მის დაპირებას – „უკრაინას მშვიდობას დავუბრუნებო“.  სამწუხაროდ, უკრაინელებს თავიანთი არჩევანის „სიკეთე“ წინ დაუხვდათ – ქვეყანაში მშვიდობა კი არ დაბრუნდა, არამედ ომი გაფართოვდა: კიდევ უფრო დამანგრეველი და სისხლისმღვრელი გახდა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსებს მხოლოდ ძალის პოზიციით უნდა ველაპარაკოთო, ანუ უარესი ჯერ კიდევ წინ არის. დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, ომის შეწყვეტა ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს“, – ნათქვამია ჩეხეთის რადიო „უნივერსუმის” (Radio Universum) მიერ ეთერში გადაცემულ სიუჟეტში სათაურით „უკრაინელი კომიკოსის სასიკვდილო მიამიტობა“ (ავტორი – იან ჰოფმანი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ რადიოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიას შემოკლებით:

ოდითგანვე, უხსოვარი დროიდან, პოლიტიკოსები იმეორებენ მანტრას იმის შესახებ, რომ მტერს მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა მიუდგე და რომ მოწინააღმდეგესთან ნორმალურად ვერ მოილაპარაკებ – იმიტომ, რომ ის გაიძვერაა, მატყუარა და სალახანა. რუსეთთან ომის შემთხვევაშიც უკრაინის ლიდერები აცხადებენ, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიძლება და ჯიუტად არ თმობენ თავიანთ პრეტენზიებს. რა თქმა უნდა, უცნაურია, რომ ძალისმიერი მიდგომა დაჟინებული აქვს იმ მხარეს, რომელიც სუსტია სამხედრო თვალსაზრისით და რომელსაც, დიდი ალბათობით, „მიწაზე ბეჭებით გააკრავენ“… თუმცა გასაგებია, რით არის განპირობებული სუსტის ესოდენ თამამი ქცევა და მისი მცდელობა მეტოქეს „სილიკონით“ დაბერილი კუნთები აჩვენოს. კიევის მოქმედება ერთი გარემოებით აიხსნება – მას უფრო ძლიერი მოკავშირის იმედი აქვს.

უკრაინაში მშვიდობის დამყარების დაპირებამ პოპულარული მსახიობ-კომიკოსი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელისუფლების მწვერვალის დაკავებით უზრუნველყო. სამწუხაროდ, უკრაინელებს იმედი გაუცრუვდათ, ნდობა არ გაუმართლდათ: ვოლოდიმირ ზელენსკი – აპლოდისმენტების მოყვარული კომედიანტი – ბნელი დრამის მწუხარესახიანი გმირი გახდა. მან დაიჯერა, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთზე გაიმარჯვებს, ჯილდოს სახით კი უკრაინას დასავლურ სტრუქტურებში – ევროკავშირში და ნატოში – წევრად მიიღებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიჯერა, რომ დასავლეთი მას ყველანაირ მატერიალურ დანაკარგებს აუნაზღაურებს და როცა მიხვდა, რომ ასე არ მოხდება, უკვე გვიან იყო. კომედიანტი პრეზიდენტი რთულ სიტუაციაში ჩავარდა – ყველა მას ეუფროსება და იძულებული ხდება სხვების დაკრულზე იცეკვოს: არსებობს რუსეთი, რომელიც დაინტერესებული არ არის კომპრომისებით. არსებობს ამერიკა, რომელსაც არასოდეს არ სჯეროდა უკრაინის გამარჯვება რუსეთზე. არსებობს ევროკავშირი, რომელიც უკრაინისადმი დახმარების ტვირთს აშშ-ის გარეშე „ვერ ზიდავს“. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთისათვის დაუძინებენ მტრებად გადაიქცნენ, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის უიმედო მოვალე გახდა.

ზელენსკის თავგადასავალი, როგორც ერთგვარი გაკვეთილი, არაორიგინალურად ჟღერს: იგი დანაშაულებრივად მოიქცა და დასკვნა ვერ გააკეთა ისტორიიდან, რომელშიც ბერი მაგალითია ერთგული ვასალების, სასარგებლო იდიოტებისა და ცინიკური ინტრიგანებისა, რომლებიც თავიანთი ინტერესების შესაბამისად, თვალს არ დაახამხამებენ და ისე გაწირავენ ყველას – მეგობრებსაც და ახლობლებსაც. ვოლოდიმირ ზელენსკი მიამიტურად მოხვდა ხაფანგში და დასავლეთის მიერ განდიდებული გმირი თანდათან  არასასიამოვნო პრობლემების წყარო ხდება.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგაც კი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯიუტად აცხადებს, რომ უკრაინისათვის კომპრომისები მიუღებელია და რომ მას არ შეუძლია მშვიდობის დამყარება რუსეთისადმი ტერიტორიული დათმობებით ჩაანაცვლოს. უკრაინის პრეზიდენტი დაბეჯითებით აცხადებს, რომ „რუსეთს მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა ველაპარაკოთო“, ხოლო მშვიდობის დამყარება ასე აქვს წარმოდგენილი – „უკრაინაში 200 ათასი ევროპელი ჯარისკაცი შემოიყვანეთო“. დონალდ ტრამპი, ალბათ, ვოლოდიმირ ზელენსკი თუ გაჯიუტდება, არ დააძალებს გადათქმას – „როგორც გინდა, ისე იქნებაო“, რუსეთი კიევის პოზიციის იგნორირებას მოახდენს, ევროპა კი თვითმკვლელობის შეთავაზებაზე თავაზიანად უარს იტყვის.

შანსები იმისა, რომ უკრაინა შეძლებს მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებას, მინიმალურია. ძალიან ბევრია დაღუპული როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მხრიდან. დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზეც კი რეალურად ჩანს მხოლოდ ომის ესკალაცია ან უკრაინის კაპიტულაცია, ან ორივე ერთად. ამერიკის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგასთან ტერიტორიულ დათმობებზე ვერ მოილაპარაკებს – ვერ ეტყვის ვლადიმერ პუტინს, რომ მან დაკავებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს და  დონბასი უკრაინას დიდსულოვნად ისევ უკან დაუბრუნოს.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო ნაკლებად მომგებიანი იქნება უკრაინა კრედიტორებისათვის: ქვეყნისაგან, ფაქტიურად, არაფერი არ დარჩება. უკრაინაში მიმდინარე ომი ევროკავშირს ასუსტებს, ევროპის სტაგნაციით კი დოლარი სარგებლობს. უკრაინელები საკუთარი ბედის გამგებლები თვითონ უკვე აღარ არიან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ მომავალი წაართვა.

მსოფლიოში, სადაც ძალის უზენაესობა ბატონობს და სადაც ძლიერებსაც კი მუდმივი მოკავშირეები არ ჰყავთ, გმირად ყოფნა ტრაგიკულია. ხშირად ხდება ხოლმე – დღეს ყველას სურს გმირთან სურათის გადაღება, მაგრამ ხვალ იმავე გმირს ივიწყებენ. ადრე თუ გვიან დადგება ის მომენტი, როცა გუშინდელ გმირს ხალხი მოჰკითხავს – ღირდა თუ არა ომი, რომელსაც ის უძღვებოდა, ამდენი დაღუპულის ფასად? განა უკეთესი არ იქნებოდა, რომ „დასავლელი მეგობრებისაგან“ დახმარების დაპირებების მიუხედავად, მტერს თავიდანვე შერიგებოდა და ქვეყნის კატასტროფული ნგრევა და ზღვა სისხლი თავიდან აეცილებინა?

უკრაინას, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით, არ გაუმართლა… მაგრამ იმის გათვალისწინებით, რასაც იგი ამბობს – რუსეთს მხოლოდ ძალის პოზიციით უნდა ველაპარაკოთო – უკრაინელებისათვის უარესი ჯერ კიდევ წინ არის.

წყარო