ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია განახორციელა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა პირველად აღიარა, რომ ივლისში თეირანში “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია ისრაელმა განახორციელა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ისრაელ კაცმა ეს კომენტარი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, როდესაც პირობა დადო, რომ მათი სამიზნე იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ხელმძღვანელები იქნებიან. მისი თქმით, ისრაელი ძლიერად დაარტყამს ჰუსიტებს.
„როგორც ჩვენ გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და [ჰასან] ნასრალასთან თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ჩვენ ასე მოვიქცევით ჰოდეიდასა და სანააში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა არ დაუსახელებია ვადები, როდის მოხდება შეთანხმების მიღწევა.