TRT World: სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, დაამხოს ქვეყნის ახლად არჩეული მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, დაამხოს ქვეყნის ახლად არჩეული მთავრობა და ჩაატაროს ახალი არჩევნები, – წერს ინგლისურენოვანი თურქული მაუწყებელი TRT World-ი.
თურქული გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს აჩენს შეშფოთებას პოტენციურ საგარეო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.
„ევროპამ უნდა გამონახოს ბერკეტი, რომ იმოქმედოს. თუ ევროპას არ შეუძლია ბერკეტის გამოყენება 3.7-მილიონიან ქვეყანაზე, როგორ უნდა მოველოდოთ იმას, რომ [ევროპა] კონკურენციას გაუწევს 21-ე საუკუნის გიგანტებს? მაშინ, როდესაც თბილისში ევროპული დროშები აკრძალულია, ქართველები კვლავ ელოდებიან სავალდებულო ზომების მიღებას ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. ქუჩის პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ საქართველო არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატებს სტრასბურგში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ჩარევის ხმამაღალი მხარდამჭერია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უბრალოდ გადაიდო საქართველოს საშინაო საქმეებში ბრიუსელის ჩარევის გამო“, – წერს თურქული გამოცემა.