საქართველოსთან მიმართებაში არსებობს განსაკუთრებული ინტერესი და ამიტომ ძალიან ხშირად ხვდება ის საერთაშორისო დღის წესრიგში-მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საკითხი აქტიურად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში და მის მიმართ ინტერესი დიდია, განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ივანიშვილი-მაკრონის სატელეფონო საუბრის საკითხის კომენტირებისას.
„ზოგადად ვხედავთ, რომ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს საქართველოსთან მიმართებაში და სწორედ ამიტომაც ხდება, რომ საქართველო არის ძალიან ხშირად საერთაშორისო დღის წესრიგში. რა ფორმით და როგორ, ეს მეორე საკითხია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს საკითხი ნამდვილად აქტიურად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში. ეს ზარიც, რა თქმა უნდა, გამოხატავს ინტერესს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს შეფასებები, თუ ეს განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით უნდა ხდებოდეს გარკვეულწილად ობიექტური შეფასებების საფუძველზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ვიღაც აკეთებს ისეთ დასკვნას, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული გზიდან, წარმოუდგენელია არ მოისმინო ხელისუფლების პოზიცია და არ გაარკვიო რას აკეთებს ამ ქვეყნის ხელისუფლება იმისათვის, რომ სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იდგეს ქვეყანა და სწორედ იქით გააგრძელოს სვლა.
„რა თქმა უნდა, ბევრ კითხვებს აჩენს ერთგვარი შეფასებების გაკეთების მიზნობრიობა. რას ემსახურება, ვის მიზანს და რა მიზანს ემსახურება საქართველოს ამგვარი შეფასებები. ჩვენ აქ თითო-ოროლა ადამიანზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, რომელშიც ცხოვრებს ხალხი, რომელიც ირჩევს ხელისუფლებას და ეს ხელისუფლება ახორციელებს მის საქმიანობას სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც აპელირება ხდება ქართველი ხალხის ინტერესებზე, უკვე სასაცილოც არის, როდესაც ამას აკეთებენ რაღაც ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე. სახელმწიფოში ხალხის ლეგიტიმურ ინტერესს გამოხატავს ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ყოველთვის ანგარიშგაწეული. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს და არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რომ გაემართლებინა ეს განცხადებები“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა 2022 წელს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა.
„სწორედ ქართველი ხალხის ნების, პროგრესის გათვალისწინებით და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც არის საქართველოში გაკეთდა ეს განაცხადი და მივიწევთ იმისკენ, რომ განაცხადი არ დარჩეს განაცხადად და როდესაც შემდგომი გაფართოება მოხდება საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ეს არის ჩვენი განაცხადი და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც კარგად გააცნობიერონ, როდესაც ასეთ შეფასებებს აკეთებენ. ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.