1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 156 ადამიანიდან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა – სახალხო დამცველი
156 ადამიანიდან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა – სახალხო დამცველი

156 ადამიანიდან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა – სახალხო დამცველი

266
0

უკვე 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც დაკავებულთა თითქმის 80%-ია. ეს ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენებელია. მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მან ბრიფინგზე მიმდინარე მედიას, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„თქვენ თვალ-ყურს ადევნებდით ჩვენს გამოხმაურებას, მათ შორის შეფასებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხებოდა მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას, პროპორციულობას ან ძალის გადამეტების შემთხვევებს. გეტყვით, რომ 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც არის თითქმის 80%. ეს ძალიან შემაშფოთებელი რიცხვი, იმიტომ, რომ თუ დავაკვირდებით დინამიკას, მათ შორის წინა მანიფესტაციების, საგანგაშოდ იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს და გამოიყენონ მხოლოდ ლეგიტიმური ძალა მოქალაქეების მიმართ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა ასეთ შემთხვევაზე მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, დაკავებულების მოსანახულებლად დღესაც იზოლატორებში იმყოფებიან.

„ეს არის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველო. თითქმის ყველა ქალაქში, სადაც არის იზოლატორები და არიან დაპატიმრებული ადამიანები, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან და ამ წუთშიც აგრძელებენ თავიანთი უფლება-მოსილების შესრულებას.

ჩვენ ინფორმაციას ყოველდღიურად ვაწვდით საზოგადოებას მიმდინარე რეჟიმში იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს აპარატი. ამავე დროს, არსებობს ცხელი ხაზი და მოვუწოდებ ყველას, მომართონ ცხელ ხაზს და მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ უფლებადარღვევის შესახებ, რაც მათთვის გახდა ცნობილი. შესაბამისად, როგორც კი ვადგენთ ჩვენ, ჩვენი მხრიდან დაკავებულების ადგილსამყოფელს, ასევე, ვაწვდით მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ა.შ.“ – განაცხადა იოსელიანმა.