1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო: საქართველოში სიტყვა “მაიდანი” პოპულარული ხდება”-Der Standard
“დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო: საქართველოში სიტყვა “მაიდანი” პოპულარული ხდება”-Der Standard

“დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო: საქართველოში სიტყვა “მაიდანი” პოპულარული ხდება”-Der Standard

383
0

ავსტრიის გაზეთ „სტანდარდში“ (Der Standard) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო: საქართველოში სიტყვა “მაიდანი” პოპულარული ხდება” (ავტორი – ჯო ანგერერი), რომელშიც განხილულია საქართველოში შექმნილი ვითარება – თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

საქართველოში სიტუაცია სულ უფრო მწვავდება: ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში ზედიზედ იმართება საპროტესტო აქციები. პოლიცია დემონსტრანტების დაშლას წყლის ჭავლით და ცრემლმდენი გაზით ცდილობს. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები ბარიკადებს აგებენ და პოლიციელებს პეტარდებს და ქვებს ესვრიან. დაკავებულია აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე. პოლიციელებისა და დემონსტრანტების შეტაკების დროს ორივე მხარის წარმომადგენლები დაზიანდნენ, ძალადობა განიცადეს ჟურნალისტებმაც. ყველა მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, სადაც მათ სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.

თბილისში ამჟამად ყველაზე გავრცელებული და სალაპარაკო ტერმინია „მაიდანი“. როგორც ცნობილია, „მაიდანი“ 2014 წელს უკრაინული ენიდან გავრცელდა, როცა კიევში „დამოუკიდებლობის მოედანზე“ („მაიდან ნეზალეჟნოსტი – Майдан незалежностi) გამართული რევოლუციური აქციების შედეგად ქვეყნის პრორუსული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხო. ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება რევოლუციას არ დაუშვებს.

დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო

საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პრორუსულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. დავა ევროკავშირში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გამწვავდა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ მოლაპარაკება ევრობლოკში გაწევრიანებაზე დროებით 2028 წლამდე შეჩერდებაო – იმიტომ, რომ საქართველო შანტაჟს განიცდის ევროკავშირის მხრიდან. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ასევე უარს ამბობს ევროკავშირიდან ფინანსური გრანტების მიღებაზეც.

უფრო ადრე ევროკავშირმა თვითონ განაცხადა, რომ საქართველოს – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის – ბლოკში მიღების პროცესს თავისივე ინიციატივით აჩერებს. სხვათა შორის, ამჟამად აშშ-მაც დროებით შეაჩერა სტრატეგიული თანამშრომლობა სამხრეთკავკასიურ რესპუბლიკასთან: სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა საქართველოს მთავრობა დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალადობის გამოვლენასა და კონსტიტუციის ღალატში დაადანაშაულა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი ქართველების ხმა ევროპამ უნდა გაიგონოს, მათ პოზიციას პატივი უნდა სცეს და მხარი უნდა დაუჭიროს“. საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია გამოხატა კაია კალასმაც – ევროკავშირის ახალმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, რომლის თქმით, ევროკავშირმა შეიძლება თბილისის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს.

კრიზისი პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების აუცილებლობა ქვეყნის ძირითად კანონშია ჩაწერილი. შესაბამისად, ბევრი ქართველი მხარს უჭერს პროევროპული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, თავის მხრივ, საპროტესტო აქციების მონაწილეების გვერდით დგას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახლოვდება ახალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღი – 14 დეკემბერი, რომელიც საინტერესოა იმით, რომ არჩევნებს ძველებურად საყოველთაო ხასიათი კი არ ექნება, არამედ პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია (რომლის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები და სხვა წარმომადგენლები) აირჩევს – „ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს შემოღებული საარჩევნო კოდექსის თანახმად. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წამოაყენებს, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ხაზის გამტარებელი იქნება.
მაგრამ სიტუაცია პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით მოულოდნელად გამწვავდა: სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს პოსტის დატოვებაზე – მისი თქმით, რადგანაც პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, „უკანონო პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ აქვს“.

თუ ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის წინაშე უკან არ დაიხევს – და ამის ნიშნები არ არის – ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. „მე მესმის სალომე ზურაბიშვილს ემოციური განწყობა, მაგრამ 29 დეკემბერს იგი თავის რეზიდენციას კანონიერად არჩეულ ახალ პრეზიდენტს გადასცემს“, – ეს პრემიერ-მინისტრის ნათქვამი გახლავთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო