1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რასმუსენის ფორმულის” გამოყენებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს – კურტ უოლკერი
“რასმუსენის ფორმულის” გამოყენებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს – კურტ უოლკერი

“რასმუსენის ფორმულის” გამოყენებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს – კურტ უოლკერი

388
0

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ უოლკერი მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო შეიძლება, ნატოს წევრები გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

უოლკერი შესაძლებლად მიიჩნევს ე.წ „რასმუსენის ფორმულის“ გამოყენებას, რომელიც ორი წლის წინ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა წარადგინა. ის გულისხმობს ნატოსა და კანდიდატ ქვეყანას შორის შეთანხმებას, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებს ძალის გამოყენებით არ დაიბრუნებენ.

„ანუ საქართველო და ნატო განაცხადებენ, რომ არც საქართველო და არც ნატო არ უჭერენ მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალისმიერ ოპერაციას, არამედ მხარს უჭერენ მათ მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოში. ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ იმ პირობით, რომ ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეს მუხლი გავრცელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მშვიდობიანი გზით რეინტეგრაცია მოხდება საქართველოსთან. ანუ საქართველოსთვის ფორმულა არსებობს“, – განაცხადა ვოლკერმა.

ამასთან, ვოლკერის თქმით, უკრაინის შემთხვევაში ეს ფორმულა აღარ იმუშავებს, რადგან რუსეთმა საკუთარი მოქმედებით ასეთი შესაძლებლობა გააქრო.

„ამიტომ უკრაინამ უნდა იომოს, რათა დაიბრუნოს ყველა საკუთარი მიწა. უკრაინის ტერიტორიების ნაწილის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დატოვება სახიფათოა. ეს არის ის, რაც მესმის ჩემი უკრაინელი მეგობრებისა და კოლეგებისგან. ანუ უკრაინა გააგრძელებს ომს. მაგრამ თუ რაღაც მომენტში დამყარდება მშვიდობა, რასმუსენის ფორმულა ამ შემთხვევაში იმუშავებს“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა აჩვენა, რომ ევროპაში ნეიტრალურ და ბლოკგარეშე სახელმწიფოდ ყოფნა სახიფათოა.

„დაუშვებელია, რომ ომის დასრულების მომენტისთვის დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები, რათა რუსეთმა ისევ იგრძნოს, რომ მათზე თავდასხმა შეუძლია. ამიტომ ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, ხოლო უკრაინა უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“, – ამის შესახებ ვოლკერმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.