1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქართველი მეღვინეები, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, უპირატესობას მაინც დასავლეთს ანიჭებენ”-The New York Times
“ქართველი მეღვინეები, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, უპირატესობას მაინც დასავლეთს ანიჭებენ”-The New York Times

“ქართველი მეღვინეები, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, უპირატესობას მაინც დასავლეთს ანიჭებენ”-The New York Times

291
0

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 21 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით: „ქართველი მეღვინეები, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, უპირატესობას მაინც დასავლეთს ანიჭებენ“.

პუბლიკაციის ავტორია ამერიკელი ჟურნალისტი, გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტი ივანე ნეჩეპურენკო, რომელიც ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა და პუბლიკაციების სერიალი გამოაქვეყნა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის თაობაზე. ამჯერად იგი ამერიკელ მკითხველს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მდგომარეობას აცნობს (კახეთის მაგალითზე) და ქართველ ბიზნესმენებს და მეღვინეებს ესაუბრება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

კავკასიის ჯერ კიდევ მწვანით მოსილი ქედების ფონზე ლევან ელოშვილი საბჭოური წარმოების დაჟანგებულ სატვირთო ავტომანქანას ქოქავს და ყურძენი ჩასაბარებლად ახლოს მდებარე ღვინის ქარხანაში მიაქვს. იქ ვაზის ნაყოფი – ყურძენი – გადამუშავდება, დაიწურება და მიღებული პროდუქცია – ქართული ღვინო – გარკვეული დროის შემდეგ გასაყიდად რუსეთში გაიგზავნება.

მეორე, არცთუ ისე დიდ ღვინის ქარხანაში, [რომელიც კომპანია „ჭოტიაშვილების მარანს“ ეკუთვნის] ვხედავთ, თუ როგორ ურევს კახა ჭოტიაშვილი ქვევრებში (თიხის დიდ ჭურჭლებში) ჩასხმულ წითელ და ფორთოხლისფერ „მდუღარ“ ყურძნის წვენს, რომელიც დაღვინების შემდეგ ევროპისა და შეერთებული შტატების მოდური რესტორნებისა და ღვინის ბარებისთვისაა განკუთვნილი.

ეს ორი სცენა ასახავს ორ მიდგომას საქართველოს მეღვინეობაში, რომელიც დღეს კახეთში და მევენახეობის სხვა რეგიონებში დისკუსიების საგანს წარმოადგენს: საით უნდა იყოს ორიენტირებული ქართული მეღვინეობის  ბიზნესი – რუსეთისაკენ თუ დასავლეთისაკენ?

კახეთში და მევენახეობის სხვა რეგიონებში შექმნილი სიტუაცია გვაჩვენებს იმას, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ძლიერი ქვეყნების ინტერესებს შორის მოქცეული. ერთნი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეღვინე-ბიზნესმენები, ცდილობენ, რომ ევროპასთან მეტი კავშირი ჰქონდეთ, სადაც ისინი თავიანთ პოლიტიკურ მომავალს ხედავენ, მეორენი კი ფიქრობენ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ტრადიციულ მომხმარებელთან ჰქონდეთ ეკონომიკური კავშირები, ანუ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას უფრო მეტად რუსეთთან ვაჭრობა განაპირობებს.

საერთოდ, ქართული მეღვინეობა დიდი ხანია რუსეთთან არის დაკავშირებული, რომელიც საქართველოსთვის მსოფლიოში უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს. ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვა განსაკუთრებით გაიზარდა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როცა დასავლეთმა რუსეთს სანქციები გამოუცხადა და იტალიურ-ფრანგული ღვინოების ექსპორტი აიკრძალა.

ამჟამად ბევრი ქართველი მეღვინე ფიქრობს, რომ დროა შეწყდეს რუსეთზე დამოკიდებულება, რომელიც პოლიტიკურ რისკებთანაა დაკავშირებული და უფრო მეტად ორიენტაცია ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე აიღონ.

კახა ჭოტიაშვილი, თავის მხრივ, ქართული მეღვინეობის ნათელ მომავალს იმაში ხედავს, თუ ისინი რუსულ ბაზარს მოწყდებიან და რაოდენობის ნაცვლად, ყურადღებას ხარისხზე გაამახვილებენ, რომელიც დასავლეთის ბაზრებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. იმ დროს, როცა ღვინის მსხვილი კომპანიები მეტ-ნაკლებად მაინც რუსეთზე დამოკიდებულები რჩებიან, შედარებით მცირე ბიზნესისთვის უპირატესობა ისაა, რომ ბოთლებში ცოტა, მაგრამ მაღალხარისხოვანი ღვინო ჩამოასხან და შემოსავლები დასავლური ბაზრებიდან მიიღონ. როგორც კახა ჭოტიაშვილი ამბობს, მისი კომპანია ამაყობს, რომ ყოველწლიურად გაყიდულ 50 ათას ბოთლს „ჭოტიაშვილების მარნის ეტიკეტი ამშვენებს. „ჩვენ მხოლოდ ღვინოს კი არ ვყიდით, არამედ რეკლამირებას ვუწევთ ქართულ კულტურასაც“, – ამბობს იგი და ქარხნის სადეგუსტაციო დარბაზში, ბოკალში ასხამს მშრალ ღვინოს, ქარვისფერ „ჩიტითვალას“, ანანასის არომატით. „ჩვენთან საქართველოში, ნავთობი არ გვაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ გვაქვს ღვინო“, – ხუმრობს კახა.

რუსეთში გასაყიდი ღვინო უფრო ტკბილი და იაფფასიანი ჯიშებისგან არის დამზადებული, ის ბითუმად იყიდება და შეიძლება სუპერმარკეტში ერთი ბოთლი რამდენიმე დოლარი ღირდეს, რაც ბევრად ნაკლებია დასავლეთის ღვინის ბუტიკების ფასებზე.

„კარგი იქნებოდა, თუ ქართული ღვინო რუსულ ბაზრის მოწყდება და უფრო მომგებიან ბაზრებს იპოვის“, – ამბობს თინა კეზელი, საქართველოს მეღვინეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ნაწილობრივ ეს აიხსნება იმით, რომ „რუსეთის ბაზარი ყოველთვის ძალზე პოლიტიზებულია“ – მოსკოვი წარსულში ხშირად კრძალავდა ქართული ღვინების იმპორტს, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბული ხდებოდა, მაგალითად, 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში. „რუსეთი ხელმძღვანელობს პრინციპით: „თუ გინდათ ქართული ღვინო გაიყიდოს და თქვენთვის ბაზარი არ დავხუროთ, როგორც გეტყვით, ისე უნდა მოიქცეთ“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ზოგიერთმა ქართველმა მეღვინე-ბიზნესმენმა უარი თქვა ღვინის რუსეთში გაყიდვაზე, თუმცა სხვებმა რუსეთის ბაზარზე თავიანთი პროდუქციის გატანა გაზარდეს.

საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქართული ღვინის 70% რუსეთში იქნა რეალიზებული, 214 მილიონი დოლარის მოცულობით, რაც 54%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ომამდე.

ბევრი ქართველისათვის დისკუსიას ქართული ღვინის მრეწველობის პერსპექტივის საკითხს პირადული ხასიათი აქვს.

საქართველოში მეღვინეობა ჯერ კიდევ 8 ათასი წლის ჩაისახა და ქვეყნის თვითმყოფადობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ყოველი ქართველი მეღვინეა და რომ ყველას აქვს სახლში თავისი საკუთარი მარანი – ტრადიციული ღვინის სარდაფი.
საქართველოს როგორც ქრისტიანული ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ რელიქვიად ითვლება ვაზის ლერწმისაგან შექმნილი ჯვარი. ქართული სუფრა და ნადიმები ღვინით თქმული სადღეგრძელოების გარეშე წარმოუდგენელია, ეს არის ყოველი ქართველის ცხოვრების წესი.

ქართულ სოფლებში ჩასული მოგზაურები უარს ვერ იტყვიან იქაური მარნების ნახვაზე და იმ ღვინის დეგუსტაციაზე, რომლებიც მიწაში ჩაფლულ თიხის დიდ ჭურჭლებში – ქვევრებშია შენახული, ძირითადად პირადი სარგებლობისათვის. საბჭოთა პერიოდში, როცა ღვინო სამრეწველო წესით მზადდებოდა, როგორც წესი, ტკბილი და დაბალი ხარისხისა იყო, თუმცა მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში დღემდე ცნობილია ლეგენდა, რომ ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ ძალიან მოსწონდა იოსებ სტალინს, რომელიც წარმოშობით საქართველოდან იყო.

„ბევრი ქართული ღვინო იმ დროს მაინცდამაინც კარგი ხარისხით არ გამოირჩეოდა“, ამბობს რობერტ ჯოზეფი, ბრიტანელი ღვინოთმცოდნე და კრიტიკოსი, რომელიც საქართველოს პირველად ჯერ კიდევ 1988 წელს ეწვია.

მისტერ ჯოზეფის თქმით, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს მეღვინეობაში სერიოზული გარდაქმნები მოხდა. ცხადია, გაიზარდა ღვინის სამრეწველო წესით დამზადება, მაგრამ იმავდროულად იმატა იმ ენთუზიასტების რაოდენობამაც, რომლებიც ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდებით ხელმძღვანელობენ და მაღალხარისხოვან სასმელებს აწარმოებენ, ძირითადად დასავლურ ბაზრებზე გასაყიდად.

გიორგი დაქიშვილი სწორედ ამ ენთუზიასტთა ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც მეღვინის ოჯახში დაიბადა. მამამისი ხელმძღვანელობდა „საფერავის“ წარმოებას, რომელიც იოსებ სტალინის კიდევ ერთ საყვარელ ღვინოს წარმოადგენდა. გიორგი დაქიშვილმა პირველმა დაიწყო 2000-იანების დასაწყისში ამ ტრადიციული ქარვისფერი ღვინის ქვევრში დაყენება და დღეს მისი პროდუქცია ძირითადად დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და იაპონიის ბუტიკებში იყიდება, მცირე რაოდენობით – რუსეთშიც.

„რუსეთის ბაზარი იოლი ბაზარია – იქ ქართული ღვინოები კარგად არის ცნობილი და დიდი ფულის ჩადება რეკლამისათვის საჭირო არ არის“, – ამბობს გიორგი, – მაგრამ იმავდროულად რუსული ბაზარი არასტაბილურია პოლიტიკური მიზეზების გამო“.

2006 წელს, როცა კრემლსა და თბილისის ახალი პროდასავლურ მთავრობას შორის ურთიერთობა დაიძაბა, რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი 7 წლით აკრძალა. ამის გამო ბევრი ღვინის კომპანია გაკოტრდა, თუმცა ბევრსაც დასავლური ბაზრებისაკენ ლტოლვის მოტივაცია გაუჩნდა.

„მე მადლობას ვუხდი რუსეთს ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესებისათვის. იმიტომ, რომ ემბარგო რომ არ ყოფილიყო, ჩვენ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებოდით რუსეთზე დამოკიდებული, ახლა კი დასავლეთთან ფართო კავშირები გვაქვს“, – ამბობს გიორგი დაქიშვილი, – ამავე დროს შეცდომა იქნებოდა, რუსულ ბაზარზე მთლიანად უარი რომ ვთქვათ“.

ზურაბ მღვდლიშვილი, კომპანია „ნიკალას მარანის“ მფლობელი, რომელიც ნატურალური ღვინოების დამზადებაზე სპეციალდება (ქიმიკატების გარეშე) თავის სოფელ კარდენახში (კახეთში), ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე ღვინოს არ გაყიდის.

„მე, უბრალოდ, რუსეთი არ მომწონს“, – ამბობს ზურაბი, რომელიც იმავდროულად საქართველოს ნატურალური ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა, იგი ყოველწლიურად 10 ათას ბოთლ ღვინოს აყენებს და მათი დიდი ნაწილი ნიუ-იორკში იყიდება.

რასაკვირველია, მცირე მეწარმეების შესაძლებლობები იმ მსხვილი კომპანიების ფონზე ფერმკრთალდება, რომლებიც რუსეთის ბაზრით სარგებლობენ.

თუმცა, ზურაბ მღვდლიშვილის ერთი ბოთლი ღვინო ნიუ-იორკში 18 დოლარი ღირს, ქართული ღვინის მასობრივი წარმოების პროდუქტი კი რუსულ ბაზარზე მხოლოდ 2-3 დოლარად იყიდება.

რობერტ ჯოზეფი, რომელიც ვლადიმერ კუბლაშვილთან – ღვინის უდიდეს მწარმოებელ კომპანიის „ხარებას“ მთავარ მეღვინესთან თანამშრომლობს, ამბობს, რომ იქმნება პროექტი დასავლეთის ბაზრებზე გასასვლელად, რომელიც კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის დიდი რაოდენობით გაყიდვას ითვალისწინებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: