დონალდ ტრამპი იღებს ინიციატივას მსოფლიო ასპარეზზე -ავთანდილ წულაძე
დონალდ ტრამპმა კონკურენტზე სრული გამარჯვება მოიპოვა. რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა კონტროლი კონგრესის ორივე პალატაზე. იმის გათვალისწინებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა რესპუბლიკელები არიან, ტრამპი აკონტროლებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების შტოებს, კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
თითქმის დიქტატორული ძალაუფლება ტრამპს კარტ-ბლანშს აძლევს მისი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად.
თუმცა, საარჩევნო რბოლას თავისი წესები აქვს, სახელმწიფოს მართვას კი სხვა. მსოფლიო მედია აქვეყნებს კატასტროფულ სცენარებს, რომლებიც აღწერს ტრამპის დაპირებების შესრულების შედეგებს. მაგალითად, აშშ-ს სატარიფო ომმა ჩინეთთან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გლობალური ეკონომიკის ზრდაზე. ევროკავშირთან ვაჭრობის 10%-იანი ტარიფები, რომელსაც ტრამპი დაჰპირდა, შეუქმნის ევროპას ეკონომიკურ პრობლემებს, რასაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა ამძაფრებს.
ტრამპის დაპირება უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შესახებ ჯერ არ არის გამყარებული კონკრეტული გეგმით. ეს იწვევს შეშფოთებას უკრაინაში, რუსეთში, ევროპასა და ჩინეთში. ტრამპის გეგმის ზოგადი კონტურები გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას „კორეული სცენარის“ მიხედვით. მაგრამ კონფლიქტების „გაყინვა“ არ არის პრობლემის გადაწყვეტა, არამედ მისი გადადებაა. ამის ნათელი დადასტურება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის კონფლიქტის მაგალითია. ამიტომ, ომის ცხელი ფაზის მომავალ წელს დასრულება საკმაოდ რეალურია. მაგრამ კონფლიქტი არ გაქრება და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ცივი ფაზიდან ცხელ ფაზაში გადაიზარდოს.
ახლო აღმოსავლეთში ტრამპი გაზრდის ისრაელის მხარდაჭერას და ძლიერ ზეწოლას მოახდენს ირანზე. საუბარია ირანული ტანკერების დაბლოკვის შესაძლებლობაზეც კი, რაც კატასტროფა იქნება ირანისთვის და გამოიწვევს დესტაბილიზაციას ქვეყნის შიგნით.
ამავდროულად, დონალდ ტრამპს კარგი პირადი ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან. საუდის არაბეთმა უკვე გამოაცხადა ნავთობის მოპოვების გაზრდის განზრახვა, რაც გამოიწვევს ფასების შემცირებას. შეერთებულ შტატებში ტრამპი ნავთობკომპანიებს მოუწოდებს, ნავთობის მეტ წარმოებას.
შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს მომავალ წელს ნავთობის ფასის დაცემა ბარელზე 50 დოლარამდე. ეს იქნება ძლიერი ეკონომიკური დარტყმა ირანისა და რუსეთისთვის – ამ ქვეყნების ეკონომიკა კრიტიკულად არის დამოკიდებული ნავთობის ფასებზე. ირანული და რუსული ნავთობის მსოფლიო ბაზრიდან გამოდევნა და მისი ამერიკული და საუდის არაბეთის ნავთობით ჩანაცვლებამ – ტრამპის ამ გეგმამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში.
საშინაო პოლიტიკაში ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება არის არალეგალური მიგრანტების შეერთებული შტატებიდან გამოსახლება. მათი რიცხვი დაახლოებით 11 მილიონი ადამიანია. ტრამპი აპირებს ქვეყანაში სამხედრო მმართველობის შემოღებას და ჯარის გამოყენებას არალეგალური მიგრანტების გასაძევებლად. თუ ტრამპი დაიწყებს მიგრანტების მასობრივ გაძევებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს სოციალური სიტუაციის დესტაბილიზაცია შეერთებულ შტატებში.
დიდი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრამპის გამარჯვება მომგებიანია, რადგან ის კორპორაციებს გადასახადების შემცირებას დაჰპირდა.
Bloomberg-ის მონაცემებით, პლანეტის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი ტრამპის გამარჯვების შემდეგ 64 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მათ შორისაა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყველაზე დიდი დონორი, ილონ მასკი, რომელიც 26,5 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.
https://edition.cnn.com/2024/11/07/investing/billionaires-net-worth-trump-win/index.html
მუშათა კლასის წარმომადგენლებმა ხმა მისცეს ტრამპს იმ იმედით, რომ ის შეასრულებდა დაპირებას, დააბრუნებს ქარხნებს ამერიკაში და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. თუმცა, დონალდ ტრამპმა ვერ შეძლო ამ იდეის განხორციელება მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში და გაურკვეველია, როგორ განახორციელებს მას თუნდაც „დიქტატორული“ უფლებამოსილებით.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ სპონსორს, ილონ მასკს, Tesla-ს ავტომობილების წარმოება აქვს ჩინეთში. საეჭვოა, რომ მასკმა წარმოება აშშ-ში პატრიოტიზმის გრძნობის გამო დააბრუნოს.
აშშ-ში წარმოება უფრო ძვირია და ეს გავლენას მოახდენს მანქანების ღირებულებაზე და მათ კონკურენტუნარიანობაზე მსოფლიო ბაზარზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ტრამპმა მოახერხა, ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე, არის ინიციატივის ხელში ჩაგდება, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ასევე მსოფლიო ასპარეზზე. ტრამპის ქმედებების შედეგები არაპროგნოზირებადია. მიზნები და ამოცანები, რომლებსაც ტრამპი აჟღერებს, ცნობილია, მაგრამ ტრამპის კონკრეტული გეგმები და გათვლები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.
ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო ვადას ორი ომით ამთავრებს – უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. ბაიდენმა ვერ იპოვა გზა ამ კონფლიქტების დასასრულებლად და მისი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია არაეფექტური აღმოჩნდა.
დონალდ ტრამპი, რომელსაც აქვს ინიციატივა მსოფლიო ასპარეზზე, დაარღვევს ძალთა არსებულ ბალანსს, რათა გააძლიეროს შეერთებული შტატების ეკონომიკური ძალა. მთავარი მტრის – ჩინეთის გეოპოლიტიკური შესუსტება მოხდება როგორც ეკონომიკურად, ტარიფების შემოღებით, ასევე ირანზე მკაცრი ზეწოლით.
ირანის ეკონომიკა დამოკიდებულია ჩინეთის ნავთობის შესყიდვებზე, ხოლო ჩინეთისთვის ირანი არის მთავარი მარიონეტული ძალა ახლო აღმოსავლეთში. ირანის დასუსტება შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს გააძლიეროს თავისი პოზიციები ახლო აღმოსავლეთში. ეს ნიშნავს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ვაჭრობის მნიშვნელოვანი წილის კონტროლს და ასევე, შექმნის ალტერნატიულ სავაჭრო დერეფანს ევროპაში. ახლო აღმოსავლეთი ხდება ძალთა გლობალური ბალანსის შეცვლის გასაღები. ამ მიზეზით, ტრამპისთვის მომგებიანია უკრაინაში კონფლიქტის „გაყინვა“, რათა მთელი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინოს ახლო აღმოსავლეთზე.
ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი