1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არჩევნების წინ, თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს – Frankfurter Rundshcau
არჩევნების წინ, თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს – Frankfurter Rundshcau

არჩევნების წინ, თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს – Frankfurter Rundshcau

336
0

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundshcau) ეხმაურება თბილისში ქართული ოპოზიციის მიერ გამართულ პროევროპულ მიტინგს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნების წინ თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს“ (ავტორი – კილიან ბეკი). პუბლიკაციაში გადმოცემულია საპროტესტო აქციის მიზანი და მიმდინარეობა – ქართული პოლიტიკური მოვლენა განხილულია მოლდოვას არჩევნებისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ ამომრჩევლები მიტინგზე, რომელზეც მთავარ მოქმედ ფიგურად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოჩანდა. იგი თავისი საქმიანობით ცდილობს საქართველო პროდასავლური (პროევროპული) გზიდან არ გადაახვევინოს და ქვეყანას ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრად მიღებაში. სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს არაერთხელ დასხმია თავს ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომელიც თავის ნეგატიურ გავლენას თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ახორციელებდა. ამჯერად თბილისს აქვს შანსი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით თავიდან აიცილოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების საფრთხე“, – ნათქვამია სტატიაში.

საქართველოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარ ადამიანს 68 წლის მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, წლების განმავლობაში იგი მმართველი პარტიისა და მთავრობის „უჩინარ“ ლიდერად ითვლებოდა, ამჟამად კი საარჩევნო კამპანიაში პირადად მონაწილეობს. მილიარდერმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში საქმიანობის დროს დააგროვა. აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტის შტეფან მაისტერის აზრით, ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება კრემლის პირდაპირ მარიონეტობაში შეცდომა იქნებოდა. იგი, ალბათ, უფრო იმით ხელმძღვანელობს, რომ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება ან გაწევრიანება მისთვის ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს“.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა, მაგრამ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ანტიდემოკრატიული კანონები მიიღო და რუსეთთან დაახლოება დაიწყო, ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

პროდასავლურ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, მაგრამ მისი მთავარი ნაკლი საკუთარ რიგებში განხეთქილების არსებობით გამოიხატება. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ ხმების იმდენი რაოდენობა მიიღონ, რომ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და დღევანდელი პრორუსული ხელისუფლება პროდასავლურით შეცვალონ. ოპოზიციამ მაისში ხელი მოაწერა „ქართულ ქარტიას“ – სამომავლო მოქმედების დეკლარაციას, რომლის თანახმად, ოპოზიციის მიერ ხმების უმეტესი რაოდენობის მიღების შემთხვევაში შეიქმნება ტექნოკრატიული მთავრობა და 2025 წელს თავისუფალ არჩევნები ჩატარდება.

იმისგან დამოუკიდებლად, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება ოპოზიცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, კონრად ადენაურის ფონდის თბილისის ოფისი თავის მოხსენებაში აღნიშნავს, რომ ქართული ლიბერალური სამოქალაქო საზოგადოება დასავლეთისაგან მხარდაჭერას საჭიროებს. „ლიბერალური საზოგადოება „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გულს“ წარმოადგენს. თუ რუსეთთან დაახლოების პროცესი გაგრძელდება, ეს იქნება დიდი დარტყმა ევროკავშირის მეზობლობის პოლიტიკისადმი კავკასიის რეგიონში. ეს იქნება ასევე ცუდი სიგნალი მეზობელი სომხეთისათვის, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლას და ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს. საქართველოსთვის რუსულ-ჩინური ავტორიტარული ბლოკის გავლენა „კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება’, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო