ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად -კახა კალაძე
აჭარა ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ასეა დღესაც , – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კალაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც მისი თქმით, დგას დღეს ქვეყანა.
“ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არა მხოლოდ საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ, ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარე ბათუმი იყო და რჩება პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკის ცენტრად. ეს ქალაქი ასევე გამორჩეულია თავისი ტოლერანტობით სხვადასხვა რელიგიის მიმართ. საუკუნეებია აქ ღვთისმსახურება ტარდება მართლმადიდებლურ ტაძრებში, მეჩეთებში, კათოლიკურ ეკლესიაში, სომხურ-გრეგორიანულ ეკლესიაში, სინაგოგაში.
ეს მრავალფეროვნება აჭარის სიძლიერე და სიმდიდრეა. სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები აქ ერთ ოჯახშიც ცხოვრობენ. სწორედ ეს ოჯახები ქმნიან სახელმწიფოს. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი საერთო საფიცარი არის საქართველო. ამდენად, ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ამ ქვეყნის აწმყოსა და მის მომავალზე.
გვახსოვს აჭარის მოსახლეობის ღირსეული პასუხი 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ხელისუფლებიდან,”- აღნიშნა კახა კალაძემ.
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ “დემოკრატიის შუქურად” იყო შეფასებული, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობაზე ხორციელდებიდა წარმოუდგენელი მასშტაბის ძალადობა.
“გვახსოვს, რეჟიმს, რომელიც მთლიანად ძალადობაზე იყო დაფუძნებული და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როგორ უწოდებდნენ ე.წ. დასავლელი მეგობრები “დემოკრატიის შუქურას”. ამ დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდებოდა უამრავი დანაშაული: ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეები სავსე იყო დარეკეტებული, ქონებაწართმეული ბიზნესმენებით, დარბეული იყო მედია, სრულიად დაუცველი იყო, როგორც სიტყვის გამოხატვის, ისე არჩევანის უფლება. ეს ხდებოდა ღიად, დაუფარავად, ყველას თვალწინ 21-ე საუკუნეში, როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობდა.
ამ ყველაფერს “დემოკრატიის შუქურად” აფასებდნენ დასავლეთში. რატომ? პასუხი მარტივია – კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე.
ღალატი და დანაშაული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის წინაშე, სწორედ ამგვარი პოლიტიკით იყო ნაკარნახები. ის უდიდესი დარტყმა, რომელიც საქართველომ აგვისტოს ომით მიიღო, სიტყვებით შეუფასებელია. დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, სოფლები, წინაპართა საფლავები, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა უამრავი ოჯახი, დევნილობაში დაიბადა და გაიზარდა თაობა. უმძიმესია ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას, თუ გვინდა რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება. თუ გვინდა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს სახელმწიფო.
ამისთვის კი საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თქვენი მხარდაჭერა, მაქსიმალური მობილიზება არის გადამწყვეტი საქართველოს ხვალინდელი დღისთვის. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად”, -განაცხადა კახა კალაძემ.
მან “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.