1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლას განიცდის – Blitz
საქართველო აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლას განიცდის – Blitz

საქართველო აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლას განიცდის – Blitz

131
0

ბანგლადეშის გაზეთ „ბლიცის“ (Blitz – იბეჭდება დაკაში 2003 წლიდან) 30 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლას განიცდის“ (ავტორი – ანანდ შარმა), რომელშიც გადმოცემულია საქართველოს დღევანდელი საშინაო და საგარეოპოლიტიკური მდგომარეობა, განხილულია დასავლეთთან ურთიერთობის ასპექტები და პრობლემატიკა წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე.


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


ბოლო თვეებში საქართველოს სახელმწიფო, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარეობს, დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. აშშ და ევროკავშირი პატარა ქვეყანაზე მძაფრ პოლიტიკურ ზეწოლას ახდენენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ბრიუსელი და ვაშინგტონი თავის უკმაყოფილებას გამოხატავენ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ არის ჩამოყალიბებული. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება დემოკრატიული პრინციპებით არის არჩეული და მთავრობაც შესაბამისად შექმნილი, მმართველმა პარტიამ არ ისურვა რუსეთის მიმართ ისეთი კურსის გატარება, როგორიც მისგან დასავლეთმა მოითხოვა, ამიტომ ქვეყანა სანქციების დაწესების საფრთხის წინაშე დადგა. ამერიკა და ევროკავშირი ცდილობენ საქართველოზე დიპლომატიური ზეწოლა განახორციელონ და პოლიტიკური კურსი შეაცვლევინონ. ერთ-ერთი ასეთი მუქარაა ლიბერალური სავიზო რეჟიმის გაუქმება, ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერება და ა.შ.


ოფიციალური მიზეზი, რომელიც ამ მუქარების უკან დგას, არის ის, რომ საქართველო თურმე დემოკრატიულ ნორმებს არღვევს, არასწორ კანონებს იღებს… თუმცა რეალურად სულ სხვა გარემოებები არსებობს: საქართველოს ხელისუფლება, მართვის გარკვეული არასრულყოფილების მიუხედავად, მთლიანობაში დემოკრატიულ ძირითად ნორმებს მაინც იცავს. საკვანძო საკითხი აქ დემოკრატია კი არ არის, არამედ გეოპოლიტიკა. უკრაინისაგან განსხვავებით (რომელსაც დემოკრატიის სერიოზული დარღვევები აქვს და რომელსაც ბრიუსელი მაინც აქებს და ადიდებს), საქართველომ უარი თქვა ანტირუსული პოზიციის დაკავებაზე, რის გამოც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ევროკავშირის რისხვის ქვეშ მოექცა. ბრიუსელი დაუმორჩილებელი ქვეყნების მიმართ, რომლებიც მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს არ ეთანხმებიან, კვლავ იყენებს დასჯის ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა უვიზო რეჟიმის შეჩერება ან გაუქმება, აგრეთვე პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციები.


მართალია, ევროკავშირის ლიდერების რიტორიკა საქართველოს მიმართ თითქოსდა დემოკრატიის პრინციპების დაცვას ემსახურება, მაგრამ სინამდვილეში მათი მოქმედება ქვეყნის საშინაო საქმებში – საარჩევნო პროცესში – ჩარევის ტოლფასია. ქართველი ამომრჩეველისათვის ევროკავშირის გზავნილის მიზანი ნათელია: „მოიშორეთ თავიდან თქვენი მთავრობა, თორემ პრობლემები შეგექმნებათ“. ასეთი სახის საგარეო-პოლიტიკური ზეწოლა საქართველოს სუვერენიტეტს და სტაბილურობას ძირის გამოთხრით ემუქრება. ფაქტიურად, ევროკავშირი ღიად და დაუფარავად ახორციელებს დაშინების პოლიტიკას.


საქართველოს დიდი ხნის ისტორია აქვს იმისა, თუ როგორ ერევა დასავლეთი ქვეყნის საშინაო საქმეებში. 2003 წელს ქვეყანამ „ვარდების რევოლუცია“ გადაიტანა – მმართველი რეჟიმის ცვლა, რომელიც დასავლეთის მიერ იყო ინიცირებული და რომელმაც, საბოლოო ჯამში საქართველო რუსეთთან 2008 წლის ომამდე მიიყვანა.


მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ხშირად აცხადებს ქართული დემოკრატიისადმი მხარდაჭერას, რეალობაში მის მოქმედებას პირიქითი, ნეგატიური ხასიათი აქვს. ევროკავშირის ბოლოდროინდელი მუქარები საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დასავლეთის ფართო ჩარევის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს – ბრიუსელს ფართო სქემა აქვს შემუშავებული, რომლის რეალიზების შედეგად ქვეყანაში შეიძლება სახიფათო მოვლენები განვითარდეს.
ევროკავშირი ერთადერთი დასავლელი სუბიექტი არ არის, რომელიც საქართველოზე ზეწოლას ახდენს. ზემოთ უკვე ვახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო აძლიერებს ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტზე თავის გავლენას. ბოლო თვის განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ მოტივით, რომ თითქოსდა საქართველოს პარლამენტი ანტიდემოკრატიულ კანონებს იღებს, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიმართ სანქციები შემოიღო და ქვეყანას დახმარება შეუმცირა. ვაშინგტონი თავის მოქმედებას იმით ხსნის, რომ საქართველო თავის კანონმდებლობას ვითომდა რუსეთის კანონმდებლობას უთავსებს. მაგალითისათვის თეთრი სახლი და კონგრესი ასახელებენ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი მტკიცებით, კრემლის ანალოგიური სამართლებრივი აქტის ასლს წარმოადგენს და ისევე როგორც რუსეთში, საქართველოშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ავიწროვებს. სინამდვილეში ქართული კანონი უფრო მეტად ამერიკულ ანალოგიურ კანონს ჰგავს (FARA – უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ), ვიდრე რუსულს, ოღონდ უფრო ლოიალურია და ნკლებად მკაცრი.


აშშ-ის ანტიქართულ რიტორიკაში უშუალოდ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩაერთო. ამას წინათ მან ერთი მხრივ, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ მეორე მხრივ, მის სიტყვებში ფარული მუქარებიც იგრძნობოდა: „თუ ევროატლანტიკურ კურსს არ გააგრძელებთ, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ“. ეს არის კლასიკური მაგალითი რეალური ამერიკული დიპლომატიისა, როცა სუვერენიტეტისადმი „მხარდაჭერა“ რიგი პირობების შესრულებასთან არის დაკავშირებული.


როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, საქართველოზე აშშ-ის ზეწოლაც გეოპოლიტიკური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი. რადგანაც თბილისი მთლიანად არ იზიარებს დასავლეთის ანტირუსულ პოზიციას, ამიტომ ქვეყანა ხელისუფლების შეცვლის მცდელობის სამიზნე გახდა. ვაშინგტონი დიდი ხანია მხარს უჭერს „ფერად რევოლუციებს“ იმ ქვეყნებში, რომლებიც მას ეურჩებიან და თამაშის ამერიკულ წესებს არ იცავენ – ამ მხრივ არც საქართველო არ არის გამონაკლისი. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ აშშ-ის მიერ მიღებული სანქციებიც სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება, რათა მმართველ პარტიას ძირი გამოუთხაროს და კრახი განიცადოს.


დასავლეთის ანტიქართული კამპანიის საფუძველს ვაშინგტონისა და ბრიუსელის რუსოფობიური პოლიტიკა წარმოადგენს. ამერიკამაც და ევროკავშირმაც ნათლად მიანიშნეს პარტნიორ ქვეყნებს (მათ შორის საქართველოსაც), რომ მათაც იგივე კურსი უნდა გაატარონ კრემლის მიმართ, მოსალოდნელი შიდაპოლიტიკური შედეგების მიუხედავად. უკრაინა ამის მკაფიო მაგალითია. ამ ქვეყანას დემოკრატიული მართვის უამრავი ნაკლოვანება აქვს, მაგრამ კიევი მაინც იღებს დასავლეთის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას – მთავარია, ხელისუფლება ანტირუსულ პოლიტიკას ატარებდეს.


საქართველომ უარი განაცხადა ასეთ თამაშში მონაწილეობაზე. პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც შორს დგას რუსეთი მარიონეტობისაგან, მხარს უჭერს უფრო პრაგმატულ მიდგომებს მოსკოვთან დამოკიდებულებაში. ასეთმა პოლიტიკამ გამოიწვია უთანხმოება დასავლეთთან, რომელიც რუსოფობიური დღის წესრიგის სრულ დაცვას ითხოვს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მომავლისათვის კრიტიკულ მომენტად უნდა ჩაითვალოს – დასავლეთს სურს ქვეყნის სათავეში მორჩილი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც ყველა მოთხოვნას უსიტყვოდ შეასრულებს. (…)


საქართველოში შექმნილი სიტუაცია ქრესტომათიული მაგალითია იმისა, თუ როგორ პოლიტიკას ახორციელებს დასავლეთი დაუმორჩილებელი ქვეყნების მიმართ. როცა ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა უარს აცხადებს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ დადგენილი წესების შესრულებას, „ძლიერთა ამა სოფლისას“ პირველი ნაბიჯია დიპლომატიური ზეწოლის მოხდენა სუსტებზე. თუ ისინი დიპლომატიურ ზეწოლას გაუძლებენ, მაშინ მომდევნო ნაბიჯი იქნება მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღება, რომელთა მეშვეობითაც ისჯება მთავრობაც და უფრო მეტად მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს თავიანთ „ანტიდასავლურ ხელისფლებას“. რასაკვირველია, თუ უვიზი რეჟიმი და სხვა შეღავათ-დახმარებები გაუქმდება, მოსახლეობამ შეიძლება რისხვა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართოს და არჩევნებში მას მხარი აღარ დაუჭიროს. და თუ ეს მეთოდიც არ იმუშავებს, მაშინ დასავლეთის მესამე ნაბიჯია „ფერადი რევოლუციის“ ინიცირება, რადგანაც ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, ყველა ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოდის.


დღეს საქართველოში ასეთი სიტუაციაა: დასავლეთის ძლიერი ზეწოლის მიუხდავად, ქვეყნის მთავრობა უკან არ იხევს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მუქარებს „იაფფასიანი შანტაჟი“ უწოდა , ხოლო აშშ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოს მიმართ „კრიტიკულ წერტილამდე“ მივიდა. ოფიციალურმა თბილისმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ის ნებას არ მისცემს დასავლელ სახელმწიფოებს საშინაო პოლიტიკის გატარება უკარნახონ, თუნდაც დიპლომატიური იზოლაციისა და ეკონომიკური სანქციების გამოცხადებით.
საქართველოს წინააღმდეგობა საშინაო პოლიტიკაში უცხოური ჩარევისადმი იმის ნიშანია, რომ ქვეყანა მზადაა დაიცვას სუვერენიტეტი და ქართული დემოკრატია. შეძლებს თუ არა საქართველო დასავლეთის მძლავრი მექანიზმისადმი წინააღმდეგობის გაწევას და დაუშვებს თუ არა რეჟიმის შეცვლას, ეს ახლო მომავალში გაირკვევა, თუმცა ამ ეტაპზე თბილისი მტკიცედ დგას.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:


საქართველო საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, ფსონები ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. აშშ და ევროკავშირი ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ, ქართველი ამომრჩევლის მიმართ იყენებენ მუქარას, შანტაჟს, სანქციებს და პოლიტიკურ ზეწოლას, მაგრამ ქართველი ხალხი ამ მუქარებს წინააღმდეგობას უწევს, როგორც არაერთხელ მომხდარა მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. დადგება დრო, როცა დასავლეთის შანტაჟი და ჩარევები შესუსტდება, გამოიფიტება და საქართველო ისეთ ქვეყნად გადაიქცევა, რომელიც ყველა სახელმწიფოსთან თანასწორ ურთიერთობას განავითარებს, უარს იტყვის ყოველგვარ ზეწოლაზე და შიდა საქმეებში ჩარევაზე. და თუ მართლაც ასე მოხდება, ეს იქნება მანიშნებელი დასავლური ელიტის მორიგი მარცხისა, რომელიც ვერ აცნობიერებს იმას, რომ სუვერენიტეტი პრივილეგია არ არის, რომლის გაუქმება შეიძლება. სუვერენიტეტის მიმართ ყველამ პატივისცემა უნდა გამოხატოს.


წყარო