1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო არასწორი გზით მიდის: პარლამენტმა „ლგბტ-საზოგადოების საწინააღმდეგო კანონი მიიღო – Die Tageszeitung
საქართველო არასწორი გზით მიდის: პარლამენტმა „ლგბტ-საზოგადოების საწინააღმდეგო კანონი მიიღო – Die Tageszeitung

საქართველო არასწორი გზით მიდის: პარლამენტმა „ლგბტ-საზოგადოების საწინააღმდეგო კანონი მიიღო – Die Tageszeitung

297
0

გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Die Tageszeitung) გამოქვეყნებულია სტატია-კომენტარი სათაურით „საქართველო არასწორი გზით მიდის: პარლამენტმა „ლგბტ-საზოგადოების საწინააღმდეგო კანონი მიიღო“ (ავტორი – ბარბარა ერტელი), რომელშიც ნათქვამია:

„საქართველოს მთავრობას ნამდვილად ვერ ჩავთვლით ისეთად, რომელიც რჩევებს და რეკომენდაციებს ითვალისწინებს. პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, მიმართული „ლგბტ“-საზოგადოების წინააღმდეგ. მისი დებულებები ისეთია, როგორსაც კრემლი უკეთესად ვერც მოიფიქრებდა. კანონი თითქოსდა ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვას ემსახურება, ამ მიზნით ტექსტში მთელი ჰომოფობიური კატალოგია მოცემული: ოჯახი განისაზღვრება როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი, ხოლო ქვირ-მოქალაქეებს (ჰომოსექსუალისტებს) ბავშვის შვილად აყვანის უფლება არ აქვთ.

აკრძალულია ინფორმაციის გავრცელება როგორც გენდერული იდენტობის თაობაზე, ასევე ისეთ საჯარო ღონისძიებებზე, რომლის დროსაც „ლგბტ“-საზოგადოების წევრები ქუჩაში გამოდიან თავიანთი უფლებების დასაცავად. ამგვარი შეზღუდვები მათ არამარტო „მეორე  ხარისხის“ ადამიანებად აქცევს, არამედ მათთვის იხურება აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მასმედიაში. საერთოდ, შეიძლებოდა უფრო უარესიც კი მომხდარიყო.

ოქტომბერში სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია და ბოლო დროს შესამჩნევად იხრება მოსკოვისაკენ. მას რეალურად შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რომ აღნიშნული დებულებები ქვეყნის ძირითად კანონშიც შეიტანოს. დემოკრატია საქართველოს ხელისუფლებას თავისებურად ესმის და სწორედ ამაში გამოიხატება პრობლემა: ქვეყანას ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსი აქვს.

საქართველოს ევროპული ორიენტაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება ბევრად არის იმ ახალგაზრდების დამსახურება, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ დემოკრატიისა და ევროპული ორიენტაციის დაცვის სახელით. როცა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მსგავსი სამართლებრივი აქტი მიიღო („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“), ევროკავშირი იძულებული გახდა, რომ საქარტველოს წინააღმდეგ სამართლიანი სანქციები დაეწესებინა. თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ისევ ხმების უმრავლესობას მიიღებს, მაშინ ევროკავშირს რეაგირება კვლავ მოუწევს.

უკვე ახლავეა ნათელი, თუ რა მოხდება მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში: დიდი ალბათობით, ქართველებისათვის 2018 წელს ნებადართული უვიზო რეჟიმი შეიძლება გაუქმდეს, თუმცა ეს იქნებოდა ყველაზე მტკივნეული დარტყმა იმ ადამიანების რწმენაზე, რომლებსაც ევროპასთან ინტეგრაციის იმედი აქვთ და რომლებისთვისაც ევროპული გზა შეიძლება დაიხუროს.

წყარო