ჩვენ მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ – პრემიერი
დღევანდელ შეხვედრაზე მე მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავის სომეხ კოლეგასთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას მათ ისაუბრეს საქართველო სომხეთის ურთიერთობის ყველა ასპექტზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და გლობალურ საკითხებზე. კობახიძემ ფაშინიანს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში. ჩემთვის პატივია გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან.
კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო მარტში, ჩემი ვიზიტი სომხეთში და მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩვენი ურთიერთობა, საქართველოს და სომხეთის ურთიერთობა, ეფუძნება მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას და მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის და მრავალსაუკუნოვან პატივისცემას. მოხარული ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შედეგები. დღევანდელ შეხვედრაზე მე მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მე, ასევე, შეხვედრისას მადლობა გადავუხადე კოლეგას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინდა აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობების ძალიან მაღალი დინამიკა, ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი ორმხრივი ვიზიტები უმაღლეს დონეზე, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან ხშირი და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა შევინარჩუნოთ ეს ძალიან კარგი დინამიკა ჩვენს ურთიერთობებში და მაღალი ინტენსივობა ამ ურთიერთობებში. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა თუ თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველა ეს სფერო არის თანაბრად პრიორიტეტული ჩვენთვის,“ – განაცხადა კობახიძემ.
მან ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ.
„საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას და ამ კუთხით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესს და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. ჩვენ მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. დასასრულს მსურს კმაყოფილება იმ შეხვედრებით, რომელიც გაიმართა დღეს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები. მოხარული ვარ, რომ მქონდა კიდევ ერთხელ საშუალება გაგვეცალა მოსაზრებები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქართულ -სომხურ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, გლობალურად მიმდინარე პროცესებს და ბატონ პრემიერს კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მისი წვლილისთვის ქართულ-სომხური ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა კობახიძემ.