“ბერლინის ბორდელებში დასაქმებული ქალების 50% უკრაინელია”-Die Welt
გერმანული გაზეთი „ველტი“ (Die Welt) ბეჭდავს სტატიას სათაურით: “ბერლინის ბორდელებში დასაქმებული ქალების 50% უკრაინელია” (ავტორი – უმა სოსტმანი), რომელშიც გადმოცემულია რუსეთთან ომს გაქცეული უკრაინელი ლტოლვილი ქალების ბედი – მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ბორდელებშია დაკავებული და თავს სხეულის ვაჭრობით ირჩენს.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
გერმანიაში მყოფ უკრაინელ ლტოლვილ ქალებს უფლება აქვთ სოციალური დახმარება მიიღონ, მაგრამ ბევრი მათგანი საბოლოო ჯამში ბორდელებში „სამუშაოდ“ მიდის: ბერლინის მსგავსი დაწესებულებების პერსონალის 50%, შეიძლება ითქვას, უკრაინელი ქალბატონებისაგან შედგება. რასაკვირველია, ისინი თავდაპირველად იმედოვნებენ, რომ ბორდელებში მხოლოდ დროებით იქნებიან, მაგრამ „დროებითი“ თანდათან „ხანგრძლივად“ გადაიქცევა ხოლმე.
სოციალური სფეროს მუშაკები, რომლებიც გერმანიის დედაქალაქში მყოფ მიგრანტთა და ლტოლვილთა უზრუნველყოფით არიან დაკავებულები, ჰყვებიან, თუ როგორ შეიცვალა ბორდელებში მყოფ მოსამსახურეთა ეთნიკური შემადგენლობა:
„ადრე უკრაინელი ქალები პროსტიტუციით ნაკლებად იყვნენ დაკავებულნი. ქალთა უმრავლესობა წინა წლებში ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იყო წარმოდგენილი – ბულგარელები, რუმინელები და უნგრელები, ახლა კი მათ უკრაინელებიც დაემატნენ.
ისინი უკვე თითქმის ყველგან დომინირებენ: მათი რაოდენობა 50%-ს აღწევს და ხშირად უფრო მეტიცაა. ძალიან ბევრია ახალგაზრდა ქალები – გოგონები, რომლებიც უკრაინიდან ომს გამოექცნენ“, – ამბობს „ველტთან“ საუბარში სოციალური მუშაკი მია.
„როგორც ჩანს, მათ არ იციან თავიანთი უფლებები გერმანიაში. ალბათ, გარკვეული შიში აქვთ დასაქმების ცენტრის მიერ წამოყენებული პირობების მიმართ და იქ არ მიდიან – ერიდებიან, რომ მათი პროსტიტუციური საქმიანობა ყველასათვის ცნობილი გახდება“, – ამბობს მია.
ლტოლვილებს არ ჰყოფნით საცხოვრებელი ფართობი, ეცოტავებათ სოციალურად გარანტირებული თანხა და ამიტომ ზოგიერთები თავშესაფრებში ცხოვრებასთან შედარებით უპირატესობას ბორდელებში მუშაობასა და იქ დღედაღამ ყოფნას ანიჭებენ.
არცთუ იშვიათად ქალებს სექსით დაკავებას მამაკაცები აიძულებენ, რომლებიც მათ უფასო საცხოვრებელს ჰპირდებიან და ამ მიზნით ბორდელებში სამუშაოდ მიჰყავთ. ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა გერმანული პრესა, რომ უსახლკაროდ და უფულოდ დარჩენილ უკრაინელ ლტოლვილ გოგონებს ჩეხი სუტენერები „მფარველობენ“ და პროსტიტუციაში ითრევენ.
გარდა ამისა, არის ცნობები, რომ უშუალოდ უკრაინაშიც მუშაობენ ქალების ე.წ. „დამქირავებლები“, რომლებიც ახალგაზრდა ქალებს ჯერ კარგ პირობებს ჰპირდებიან, ხოლო შემდეგ, როცა ისინი გერმანიაში ჩადიან, იქ უკვე ბორდელებში მიჰყავთ სამუშაოდ.
მოამზადა სიმონ კილაძემ