1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გერმანელები ზამთრისთვის ემზადებიან და ელექტროგამათბობლებს ყიდულობენ”- Le Figaro
“გერმანელები ზამთრისთვის ემზადებიან და ელექტროგამათბობლებს ყიდულობენ”-  Le Figaro

“გერმანელები ზამთრისთვის ემზადებიან და ელექტროგამათბობლებს ყიდულობენ”- Le Figaro

499
0

ფრანგულ გაზეთ „ფიგაროში“ (Le Figaro) დაბეჭდილია სტატია სათაურით „გერმანელები ზამთრისთვის ემზადებიან და ელექტროგამათბობლებს ყიდულობენ, თუმცა თბილი სვიტერის ჩაცმა მაინც აუცილებელია“ (ავტორი – ვიოლეტა ბონებასი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

გერმანიის მოსახლეობის ნახევარი ძალიან არის დამოკიდებული რუსული ბუნებრივის გაზის მოხმარებაზე, რომლითაც მათი საცხოვრებელი ბინები თბება. მაგრამ, სამწუხაროდ, მიმდინარე წელს რუსული გაზის მიწოდება ძალიან შემცირდა. თუ ადრე ციმბირული საწვავის წილი გერმანიაში 55%-ს შეადგენდა, ამჟამად მხოლოდ 26% თუ არის. ანუ შემცირდა, მაგრამ ამ საკითხში მოსკოვისაგან დამოუკიდებლობა ძალიან შორს არის. შესაბამისად, გერმანელებმა, რომლებიც დარწმუნებულნი არ არიან, იქნება თუ არა მათ სახლებში ზამთარში სითბო, ელექტროგამათბობლების შეძენა დაიწყეს.

ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა საკმარისი გაზი ყველასათვის, შევძლებთ თუ არა გაზის მოხმარების ხარჯების გადახდას, ფასების ზრდის გათვალისწინებით, ამბობს ერთ-ერთი გერმანელი ფრანგული გაზეთის კორესპონდენტთან საუბრისას. არ არის გამორიცხული, რომ ამ წელიწადში გერმანელებისათვის გაზის ტარიფი გასამმაგდეს.

როგორც გერმანული კანონებშია გათვალისწინებული, თუ ბუნებრივი გაზის მიწოდების რეგულარობა დაირღვევა და წყვეტა მოხდება, მაშინ ასეთ შემთხვევებში უპირატესობა მოსახლეობის უზრუნველყოფას მიეცემა, მაგრამ ადამიანები მაინც ვერ მშვიდდებიან. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ამბობს, გასულ ერთ კვირაში 60 ელექტროგამათბობელი გაიყიდა – იმდენივე, რამდენიც შარშან ცივ დეკემბერში. თანაც კლიენტები ფასს არ კითხულობენ, ისე ყიდულობენ. ძირითადად მყიდველები ასაკოვანი ხალხია, პენსიონერები, რომლებისთვისაც მთავარია ზამთარში არ გაიყინონ.

თუ მაღაზიების ქსელში ელექტროგამათბობლების გაყიდვების სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ,  დავინახავთ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში აპარატების ყიდვა ორჯერ გაიზარდა, ხოლო ზაფხულის დაწყებიდან (რასაც გაზის შემცირება დაემთხვა) – ხუთჯერ მოიმატა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიწოდება მოთხოვნას ძლივძლივობით აკმაყოფილებს. ეს ეხება არამარტო [ზეთის] რადიატორებს, არამედ ყველა აპარატურას, რომელიც ათბობს და შეიძლება გაზით გათბობის ალტერნატივად ჩაითვალოს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ელექტროგამათბობლების გარდა, კლიენტები ყიდულობენ და იმარაგებენ შეშას და ქვანახშირს უჩვეულოდ დიდი რაოდენობით.

საინტერესოა, რომ ელექტრო რადიატორებზე ასეთ დიდ მოთხოვნას სპეციალისტები შეშფოთებით აკვირდებიან. აბა, წარმოიდგინეთ, რომ მოხდება ცივი ზამთრის დროს: თუ ყველა ელექტროგამათბობელს ჩართავს, სისტემა გადაიტვირთება და დენი საერთოდ გაითიშება. გამოდის, რომ მომხმარებლის მოქმედება მთავრობის მოწოდებას ეწინააღმდეგება ენერგიის ეკონომიური მოხმარების თაობაზე. მით უმეტეს, რომ გერმანელებისათვის გასათბობად ელექტროენერგიით სარგებლობა საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს. ასე რომ, იყიდი თუ არ იყიდი გამათბობელს, მაინც უმჯობესია ჯერ თბილი სვიტერი ჩაიცვა.  

წყარო