“ოცნება” კორუფციას აკანონებს – ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა-ბექა ლილუაშვილი
„ოცნება“ კორუფციას აკანონებს, ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა – ამ კანონის გადავადებით „ ქართული ოცნება“ ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას აფერხებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების, ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება და გაჭიანურდება.
„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კი არა, ძალაუფლების გახანგრძლივება და კორუფციით გამდიდრებაა.
„ოცნებამ“ გადაავადა საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის ამოქმედება, რომელსაც ქვეყანაში უნდა დაერეგულირებინა ყოველწლიურად 10 მლრდ. ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, რომელიც დღეს კორუფციული გარიგებების მთავარ „ბუდედ“ არის ქცეული.
2023 წელს მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სახელმწიფო შესყიდვების რეგულირებისა და კორუფციული რისკების შემცირება იყო, რამაც, როგორც ჩანს, სერიოზული საფრთხე შეუქმნა „ოცნების“ ჩინოვნიკებს, „დაელაგებინათ“ მათთან დაახლოებულ ბიზნესებთან კორუფციული გარიგებები და გაეგრძელებინათ ხალხის ფულით გამდიდრება.
ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების და ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება, გაჭიანურდება და დარჩება ადგილობრივი ფეოდალების და პრივილეგირებული ოჯახების კორუფციულად გამდიდრების მთავარ წყაროდ.
„ოცნება“ იბრძვის არა კორუფციის წინააღმდეგ, არამედ კორუფციისთვის! ეს ნათლად ჩანს! წლების განმავლობაში, ჩვენს ინიციატივებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნაზე, მუნიციპალიტეტებში ანტიკორუფციული კომისიების შექმნაზე, კორუფციასთან ბრძოლის სხვა მეთოდების ამოქმედებაზე – „ოცნება“ მუდმივად უარს ეუბნებოდა!
ახლა კი, ამ კანონის გადავადებით, „ოცნება“ ახალისებს კორუფციას და აფერხებს ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას. ეს, ასევე, კარგად აჩვენებს იმ პროპაგანდის სიყალბეს, რომლითაც „ოცნება“ ამომრჩეველს ატყუებს, რომ მას სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
მატყუარა „ოცნება“ უნდა დასრულდეს და ამისთვის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოვუწოდებთ, მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს იმ პარტიას, რომელსაც არ ჰყავს არც კორუფციონერი ოლიგარქები, არც საერთაშორისო დამნაშავეები და თაღლითები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა