უკრაინის შეტევამ კურსკის ოლქზე რუსეთთან მოლაპარაკება ჩაშალა – The Daily Telegraph
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინის შეტევამ კურსკის ოლქზე რუსეთთან მოლაპარაკება ჩაშალა: მხარეები ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა შეთანხმებულიყვნენ“ (ავტორი – ლიზ ქუკმენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინის ჯარების მოულოდნელმა შეჭრამ კურსკის ოლქში ჩაშალა სერიოზული მოლაპარაკებები, რომლებიც, სავარაუდოდ, გამიზნული იყო დაპირისპირებულ მხარეთა შორის ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტისათვის.
აგვისტოს დასაწყისში კიევმა და მოსკოვმა დიპლომატიურ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ დოჰაში – კატარის დედაქალაქში – დელეგაციები გაეგზავნათ იმ მიზნით, რომ შეწყვეტილიყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების (ელექტროსადგურების) დაბომბვები.
მაგრამ რუსულმა მხარემ შეხვედრა გააუქმა მას შემდეგ, რაც ექვს აგვისტოს უკრაინის ჯარების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მოსკოვის დელეგაციის წევრებმა კიევის მოქმედება ომის ესკალაციად ჩათვალეს და დოჰაში გამგზავრებაზე უარი განაცხადეს, – ამბობს დიპლომატი, რომელმაც სახელი არ გაამხილა. მსგავსი ინფორმაცია გამოაქვეყნა ამერიკულმა პრესამაც, მაგალითად, გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“.
ზოგიერთი ოფიციალური პირი იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკება, რომელიც კატარის მთავრობის შუამავლობით უნდა ჩატარებულიყო, პირველი ნაბიჯი იქნებოდა – გადადგმული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისაკენ.
„კურსკის ოლქის სამხრეთში შეჭრის შემდეგ რუსებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს“, – ამბობს კიდევ ერთი წყარო, რომელიც დაგეგმილი მოლაპარაკების საქმის კურსში იყო. ამასთან, როგორც წყარო ირწმუნება, რუსებს მოლაპარაკებაზე საბოლოოდ მაინც არ უთქვამთ უარი და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დოჰაში სამიტი 22 აგვისტოს მაინც გაიმართება – მართალია, ვიდეოჩართვის მეშვეობით, მაგრამ მაინც. უკრაინის დელეგაცია კატარში წასასვლელად მზად არის.
ორივე მხარე ერთმანეთს არ შეხვედრია მას შემდეგ, რაც სტამბოლში და ანკარაში, 2022 წლის მარტ-აპრილში და ივლისში, საიდუმლო მოლაპარაკებები ჩატარდა. საბოლოო ჯამში, სტამბოლისა და ანკარის მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმებები ჩაიშალა. ასევე არ განხორციელებულა გეგმები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის თაობაზეც.
რაც შეეხება შეთანხმებას ძვირადღირებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევების შეწყვეტის თაობაზე, ეს ეკონომიკყრად ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნებოდა.
უკრაინის ენერგოობიექტები ომის პირველივე ზამთრიდან რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნეები გახდნენ, დაბომბვის შედეგადაც ელექტროენერგია გამუდმებით და მასობრივად ითიშებოდა, რაც ძალზე უარყოფითად მოქმედებდა მოსახლეობის მდგომარეობასა და ბიზნესის განვიტარებაზე.
მოგვიანებით, უკვე 2023 წელს, უკრაინამაც შეძლო და განახორციელა საპასუხო საჰაერო დარტყმები რუსეთის სიღრმეში განლაგებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომელთა შედეგად რუსეთში საწვავის წარმოება დაახლოებით 15%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, მოიმატა მსოფლიო ფასებმა როგორც დიზელზე და ბენზინზე, ასევე გაზზე.
რატომ გადადგა უკრაინამ ისეთი ნაბიჯი (იგულისხმება კურსკის ოლქში შეჭრა), რომელიც ხელს შეუშლიდა კატარში დაგეგმილ მისთვის სასარგებლო დიპლომატიურ მოლაპარაკებას? ალბათ, კიევმა აწონ-დაწონა სიტუაცია და უპირატესობა კურსის ოლქში შეჭრაზე შეაჩერა, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე კრემლზე ზეწოლის ბერკეტი ჰქონოდა – ტერიტორიული გაცვლის საკითხის განხილვის დროს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, კიევი იმედოვნებდა, რომ რუსეთი სამხედრო ქვედანაყოფებს დონბასიდან კურსკის ოლქში გადაისვრიდა და ამით აღმოსავლეთის ფრონტზე საომარი მოქმედებები შესუსტდებოდა.
კიევის მტკიცებით, მისი არმია ამჟამად 1000 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებს კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში. უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის იურიდიულ ტერიტორიაზე თავდასხმამ და კურსკის ოლქის რამდენიმე რაიონის ოკუპაციამ კრემლი მსოფლიოს თვალში ძალიან დაამცირა. მოსკოვი იძულებული გახდა უკრაინას მოსაზღვრე ტერიტორიიდან 200 ათასი მშვიდობიანი მცხოვრების ევაკუაცია განეხორციელებინა.
სამხედრო ანალიტიკოსები კიევის მიერ განხორციელებული სამხედრო რეიდის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი და ფიქრობენ, რომ უკრაინა ვერ შეინარჩუნებს მიღწეულ წარმატებას, ანუ კურსკის ოლქში შეჭრა რაიმე გავლენას ვერ მოახდენს დონბასში შექმნილ მძიმე სიტუაციაზე, სადაც უკრაინის არმია უკან იხევს, რუსები კი წინ მიიწევენ და მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს – ქალაქ პოკროვსკს აღებით ემუქრებიან.
როგორც ცნობილია, დღეისათვის სამშვიდობო მოლაპარაკების იდეა ჩიხშია შესული: რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინის არმიამ დატოვოს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, უკრაინა კი აცხადებს, რომ ცეცხლის მთლიან შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როცა მოსკოვი ჩამოთვლილი ოკუპირებულ ტერიტორიებიდან თავის ჯარებს სრულად გაიყვანს – ყირიმის ჩათვლით, რომლის ანექსია კრემლმა 2014 წელს მოახდინა.
სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში უარყო კატარში მოლაპარაკების გამართვის განზრახვა და ხაზი გაუსვა, რომ არავითარი სამიტი დოჰაში დაგეგმილი არ ყოფილა და ამრიგად, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მოლაპარაკების გადატანისა და ჩაშლის თაობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება: „არავის არაფერი არ ჩაუშლია – იმიტომ, რომ ჩასაშლელი არაფერი არ იყო“.