“ვლადიმერ პუტინი დიდ ფულს ხარჯავს და რუსეთის ეკონომიკის ტემპებს სწრაფად ზრდის”-The Economist
ბრიტანული პოპულარული და გავლენიანი ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ვლადიმერ პუტინი დიდ ფულს ხარჯავს და რუსეთის ეკონომიკის ტემპებს სწრაფად ზრდის… მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება წვეულება და დროსტარება?“
სტატიაში განხილულია რუსეთის ამჟამინდელი მეტ-ნაკლებად პოზიტიური ეკონომიკური მდგომარეობა და პროგნოზირებულია მოსალოდნელი კრიზისი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:
ეკონომიკური კრიზისის ნიშნები მთელ მსოფლიოში ფართოვდება: ამერიკაში და კანადაში უმუშევრობა იზრდება, ფასები მატულობს, რაც მომხმარებლებს შორის დეპრესიას იწვევს. ევროპა რეცესიის ზღურბლზე იმყოფება, ჩინეთზე ლაპარაკი ზედმეტია – იქ ეკონომიკის ზრდა ამ ეტაპზე არ მოხდება. მაგრამ არის ერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის განწყობა სრულიად სხვაა – მკაცრი დასავლური სანქციებისა და „გარიყულის“ სტატუსის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა დამაჯერებლად მატულობს. როგორც აღმოჩნდა, ომის დროს მთავრობის მიერ გაწეული მასშტაბური ხარჯები ეკონომიკისათვის ნამდვილად შეიძლება „ყუათიან საკვებს“ წარმოადგენდეს.
მიმდინარე წლის ბოლო მოსალოდნელია, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეალური გამოხატულებით 3%-ით და უფრო მეტად გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტის მატებას. რუსეთში დღეს უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალია, ხოლო რუბლი თავს მეტ-ნაკლებად „კარგად გრძნობს“. მართალია, ინფლაცია სასურველზე მაღალია – ივნისში ფასები 8,6%-ით გაიზარდა (ცენტრალური ბანკის მიერ დაგეგმილი 4%-ის ნაცვლად), მაგრამ ფულადი შემოსავლების 14%-ანი მატების დროს რუსეთის მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა სწრაფად იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ რუსები, დასავლეთის რიგი ქვეყნების მოსახლეობისაგან განსხვავებით, დღეისათვის მთავრობას მიმართ უკმაყოფილებას არ გამოხატავენ და საკუთარ ეკონომიკას მიმართ ნდობით ეკიდებიან.
რუსეთი სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მომხმარებელთა რწმენა მტკიცეა და მნიშვნელოვნად მაღალია იმ მაჩვენებელზე, რომელიც ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დროს – 2000 წელს იყო.
შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ვლადიმერ პუტინი ციფრებს აყალბებს, მაგრამ თვით საზოგადოებრივი განწყობის კვლევის დამოუკიდებელი ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრი“ („უცხოური აგენტის“ სტატუსით) მოწმობს, რომ რუსულ საზოგადოებაში საოცარი ტენდენციები შეიმჩნევა – მოსახლეობა მართლაც კმაყოფილია თავიანთი ფინანსური მდგომარეობით. ასეთი მდგომარეობა უკანასკნელ 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, ახლა კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. რუსები სიამოვნებით ხარჯავენ დიდ ფულს ძვირადღირებული საგნების ყიდვაში (ავტომობილებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული), რესტორნები გადატვირთულია. 2023 წელს რუსებმა შეიტანეს 18%-ით მეტი კონიაკი, ვიდრე 2019 წელს, ხოლო ცქრიალა (შამპანურის ტიპის) ღვინოების იმპორტი – 80%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ხარჯები გაიზარდა 20%-ით.
ამ ყველაფერს ე.წ. „მსუქან“ 2010-იან წლებსაც კი ვერ შევადარებთ, როცა ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები მატულობდა, მაგრამ შედარებით ნაკლებად აისახებოდა რიგითი მოქალაქის ჯიბეზე, თუმცა მოსახლეობა თავს მაინც მაძღრად გრძნობდა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილო არ იყო.
მოგვიანებით რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა 2014-15 წლებში გამოცხადებულა დასავლურმა სანქციებმა და 2019 წლის ბოლოს „აფეთქებულმა“ კორონავირუსის პანდემიამ. უკრაინაში შეჭრისთანავე გამკაცრებულ სანქციებს, ექსპერტების აზრით, რუსეთის ეკონომიკა უნდა დაენგრია, მაგრამ ასე არ მოხდა.
რა არის ასეთი მდგომარეობის მიზეზი?
ალბათ, ბევრი იტყვის, რომ ამაში „ბრალი“ რუსეთის ექსპორტისაგან მიღებულ შემოსავლებს „მიუძღვით“: მართლაც, ვლადიმერ პუტინმა მოახერხა და გაზისა და ნავთობის ექსპორტის მიმართულება შეცვალა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმართა, ანუ ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან აზიის აღმოსავლეთისა და სამხრეთისაკენ. დასავლეთის მოლოდინები არ გამართლდა – რუსეთს, მართალია, ევროპიდან მიღებული შემოსავლები გარკვეულად მოაკლდა, მაგრამ არანაკლებ მოგებას იღებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია არცთუ ისე კარგადაა: დღეს რუსეთი ნავთობს ფასდაკლებით ჰყიდის – შესაბამისად, შემოსავლები (დოლარებით) 2024 წლის პირველ კვარტალში 4%-თ დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე 2023 წელს, ხოლო 10%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს.
ისმება კითხვა: რატომ ხდება ასეთ დროს ეკონომიკის ტემპების სწრაფი ზრდა? სიტუაციაში გასარკვევად მაკროეკონომიკური პოლიტიკის ორი მომენტი განვიხილოთ.
პირველი – საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა – ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა მკაცრ ეკონომიაზე. მიმდინარე წელს რუსეთის ბიუჯეტს დეფიციტი ელოდება – მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი. რუსული ეკონომიკის მასშტაბის მიხედვით, ეს ძალიან ბევრია. მთავრობა ეკონომიკას შიდა რეზერვებით აფინანსებს, რომელიც, მართალია, საკმაოდ შთამბეჭდავია (რომელიც 2010-იან წლებში ენერგოშემცველების ექსპორტით მიღებული შემოსავლების შედეგად დაგროვდა). გამოდის, რომ რუსეთი ფულს ადრე ეკონომიურად ხარჯავდა და ზოგავდა, რომ დღეს ხელგაშლილად დაეხარჯა. ამჟამად საერთო სახელმწიფო ხარჯები დღეს 15%-ით არის გაზრდილი, 2023 წელთან შედარებით, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა ბევრად მოკრძალებულია.
დამატებითი ხარჯების დიდი ნაწილი უკრაინასთან ომის დაფინანსებას ხმარდება. ფინეთის ბანკის გამოკვლევის თანახმად, რუსეთის სამხედრო ხარჯები 2024 წლის ბოლომდე 60%-ით მოიმატებს, რის გამოც, თავის მხრივ, არამარტო იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოება მოიმატებს, არამედ რიგითი მოქალაქეების „ჯიბეებიც გასქელდება“.
ვლადიმერ პუტინი ფულის მარაგს ხელგაშლილად ხარჯავს – ივლისის თვეში პრეზიდენტმა გააორმაგა ფედერალური პრემია მოხალისეებისათვის (არსებული 195 ათასი რუბლიდან 400 ათას რუბლამდე ანუ თითქმის 4500 დოლარამდე). ასევე გაიზარდა რეგიონული პრემიებიც. მთავრობა უდიდეს ფულს ხარჯავს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების კომპენსაციებში, მათი ოჯახის წევრებისათვის. ივნისში ვლადიმერ პუტინმა გულუხვად გაუზარდა პენსიები მოქალაქეთა ზოგიერთ კატეგორიას – თითქმის 10-15%-ით. ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მაგალითად, სწრაფი ტემპით აშენებს ავტობანს ყაზანიდან ეკატერინბურგამდე, რომლის სიგრძე თითქმის 800 კილომეტრს აღწევს. შეიძლება გარე დამკვირვებელს მოეჩვენოს, რომ კრემლი ფულს ხარჯავს ყველაფერზე, რაც მას მოესურვება და მოეწონება. ამას წინათ პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა წაიტრაბახა საბავშვო დასვენების წარმატებული პროგრამით, რაც შავ ზღვაზე (ყირიმშიც) სანატორიუმებისა და პანსიონატების მშენებლობას გულისხმობს.
მეორე – რუსეთის ეკონომიკის ბუმის მიზეზი –დაკავშირებულია კრემლის მიერ გატარებულ უჩვეულო ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან. მაღალი ინფლაციის „მოსათვინიერებლად“, ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 7,5%-დან 18%-მდე მოამატა. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში კიდევ უფრო მეტად გაზარდოს. ასეთი ზომები ხელს უწყობს რუბლის კურსის გამყარებას უცხოური ინვესტიციების მიზიდვით „მეგობრული ქვეყნებიდან“, მაგალითად, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, გლობალური სამხრეთიდან. ეს, თავის მხრივ, აიაფებს იმპორტს და შესაბამისად, ამცირებს სამომხმარებლო ხარჯებს. ნორმალური ეკონომიკის პირობებში განაკვეთების გაზრდა ზიანს მიაყენებდა საბანკო ვალების მქონე ოჯახებს და კომპანიებს, რადგან მატულობს მათი ხარჯები ვალის დაფარვის დროს. მაგრამ რუსეთის მთავრობამ მოახერხა და რეალური ეკონომიკა მკაცრი ფინანსურ-საკრედიტო პოლიტიკისაგან გამოწვეული მავნე შედეგებისაგან თითქმის მთლიანად დაიცვა.
ამ მიზნით მოქმედებენ ჭეშმარიტად გასაოცარი რაოდენობის სქემები: მთავრობამ მნიშვნელოვნად გაამარტივა მომხმარებლებისათვის საკრედიტო ვალის გადახდა – იმ პირობით, თუ ისინი შეძლებენ იმის დამტკიცებას, რომ მათი შემოსავლები საგანგებო გარემოებების გამო შემცირდა. ბანკებმა ომის მონაწილეებს მომხმარებლებს საკრედიტო არდადეგები შესთავაზეს. ამას წინათ ომის მონაწილეებს კრედიტების საპროცენტო გადასახადები 8%-ის დონეზე გაეყინათ, რაც მოქმედი განაკვეთის თითქმის ნახევარს შეადგენს. ფართოდ გამოიყენება შეღავათიანი 3%-იანი კრედიტი. რასაკვირველია, ბანკები ასეთ „შეთავაზებებს“ მთლად ნებაყოფლობით არ აკეთებენ, ისინი ამ შეღავათებზე კრემლის „თხოვნით“ მიდიან. თუმცა ისიც სათქმელია, რომ სახელმწიფო მათ დანაკლისს მეტ-ნაკლებად უნაზღაურებს.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ესოდენ აქტიური ჩარევა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა – რუსეთის მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს კრედიტების აღება. საკრედიტო კომპანიების რაოდენობა ბოლო წელს 20%-თ გაიზარდა. მოკლედ, რუსეთის მოსახლეობის კეთილდღეობა „შვიდმილიანი ნაბიჯებით“ იზრდება. მაგრამ…
როდემდე გაგრძელდება დროსტარება და ქეიფი? ვლადიმერ პუტინის მცდელობები საპროცენტო განაკვეთების ზრდის შეჩერების მიზნით მხოლოდ დროებით შეანელებს ინფლაციის მატებას და მას კიდევ უფრო გაჭიანურებულ სახეს მისცემს. გარკვეულ მომენტში მოსახლეობა ცხოვრების გაძვირების გამო უკმაყოფილებას გამოამჟღავნებს. და ბოლოს, სახელმწიფოს ხაზინა უძირო არ არის, რომ მუდმივად შეავსოს სარეზერვო ფულით ბიუჯეტი და მისი დეფიციტი „ითმინოს“. დღევანდელი ხარჯვის ტემპებით, რუსეთის ფინანსური რეზერვები ხუთი წლის შემდეგ ამოიწურება. გარდა ამისა, მთავრობა უკვე გარკვეული პრობლემების წინაშე დგება, რაც ხელგაშლილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით არის გამოწვეული. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა, თუნდაც ფრთხილი და გააზრებული, თავის ნეგატიურ კვალს მაინც ტოვებს… მაგრამ რადგანაც ვლადიმერ პუტინს ახლა ბრძოლის ველზე გამარჯვება სურს, განსაკუთრებით კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების შეჭრის ფონზე, მთავრობა რეზერვებს კიდევ უფრო მეტად დახარჯავს, რომ მოსახლეობა ფულით აკონტროლოს და დროსტარების შეგრძნება გაუგრძელოს.
მოამზადა სიმონ კილაძემ