“რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების უსწრაფესი გზა მისი წაგებაა, მაგრამ ეს მშვიდობას არ მოიტანს”-“ამერიკის ხმა”
აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების უსწრაფესი გზა მისი წაგებაა, მაგრამ ეს მშვიდობას არ მოიტანს“, რომელშიც ნატოს საიუბილეო სამიტის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივან იენს სტოლტენბერგის ჟურნალისტებთან საუბარია გადმოცემული.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინარსს:
ვაშინგტონი 9 ივლისიდან ნატოს საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.
ნატოს გენერალური მდივანი სამიტის დაწყებამდე რამდენიმე ჟურნალისტს შეხვდა. მათთან საუბრისას იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს წევრებს მშვიდობა სურთ, რომელიც მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ვლადიმირ პუტინი გაიაზრებს, რომ მას ბრძოლის ველზე გამარჯვება არ შეუძლია.
„[რუსეთ-უკრაინის] ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა მისი წაგებაა. მაგრამ, ეს არ მოიტანს მშვიდობას. ეს ოკუპაციას მოიტანს”, – ამბობს იენს სტოლტენბერგი.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მიიღება, იქნება გაძლიერებული ფინანსური და სამხედრო დახმარება და ორმხრივი ხელშეკრულებები უსაფრთხოების კუთხით. იენს სტოლტენბერგმა, რომლისთვისაც ეს ამ პოსტზე ბოლო სამიტი იქნება თქვა, რომ ეს ყველაფერი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ალიანსის ერთობლივი პოზიციის ნაწილია. მისი განმარტებით, უკრაინასთან დაკავშირებული შეთანხმების საბოლოო ტექსტი ჯერ კიდევ მუშავდება.
გენერალურმა მდივანმა ჯერ კიდევ აპრილში თქვა, რომ უკრაინა ამ სამიტზე წევრობის მოწვევას არ უნდა ელოდოს, მაგრამ ის ამ წევრობისთვის “ხიდს” მიიღებს. წევრობისკენ ხიდი კი უკრიანისთვის, სავარაუდოდ, ხუთი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
პირველი – სამეთაურო ცენტრის შექმნა
ნატოს ერთგვარი სამეთაურო ცენტრი გერმანიაში იქნება და ის აღმოსავლეთ ევროპისთვის ლოგისტიკური ჰაბი უნდა გახდეს. ცენტრი ასევე კოორდინაციას გაუწევს უკრაინისთვის უსაფრთხოების კუთხით გაწეულ დახმარებას. იქ 700-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთაც ნატოს სამვარსკვლავიანი გენერალი უხელმძღვანელებს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ამ ახალმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღმოიფხვრას მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის ამა თუ იმ იარაღის მიწოდების თაობაზე განსხვავებული მიდგომების გამო შეფერხებები. მისი თქმით, ამ ცენტრს ძალიან მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი მანდატი ექნება და თითოეული იარაღის მიწოდებაზე, ცალკეული კონსენსუსი საჭირო არ იქნება.
მეორე – ფინანსური დახმარების დაპირება
2022 წლის თებერვლიდან დღემდე, ნატოს წევრი მოკავშირეები, უკრაინას ყოველწლიურად, დაახლოებით, 43 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას აწვდიდნენ. მომავალ სამიტზე ამ დახმარების მოცულობის გაზრდასაც განიხილავენ.
მესამე – იარაღის დაუყოვნებლივი მიწოდება
სამიტზე, სავარაუდოდ, მოვისმენთ იმასაც, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, სხვა იარაღსა და ამუნიციას. მოსალდონელია გადაწყვეტილებები F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შესახებაც.
მეოთხე – ორმხრივი შეთანხმებები უსაფრთხოების თაობაზე
სამიტის დასაწყისში, ნატოს 20 წევრ სახელმწიფოს უკრაინასთან გაფორმებული ექნება ორმხრივი შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებისა და ერთობლივი თავდაცვის გაძლიერების შესახებ.
მეხუთე – ურთიერთთავსებადობა
ძალისხმევა კვლავ გრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობის გასაზრდელად. მათ შორის, სამხედრო წვრთნების, შესყიდვების ფარგლებში და პოლონეთში საწვრთნელი ცენტრის აქტიური გამოყენებით.