,,ექვსგვერდიანი კანონი ქვეყანას საერთაშორისო პოლიტიკურ კურსს ვერ შეაცვლევინებს”- გრიგოლ ლილუაშვილი
ერთგვარი „ბაბლი“ შეიქმნა იმისა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში, კრასნოდარში – დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში , – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც კითხვა დასავლეთისგან მოსალოდნელ სანქციებზე დაისვა.
სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ექვსგვერდიანი კანონი ქვეყანას საერთაშორისო პოლიტიკურ კურსს ვერ შეაცვლევინებს.
„დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ე.ი. დეკემბერში ითვლებოდა, რომ საქართველო მიდის მყარად ევროატლანტიკური სივრცისკენ, რაც ეჭვგარეშეა და ფაქტი სახეზეა იმ მიღწევებში, იმ რეიტინგებში, სადაც ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა ეჭვს არავის არ უტოვებს. როგორ შეიძლება, დეკემბრიდან ხუთ თვეში ერთმა ექვს გვერდიანმა კანონმა საერთაშორისო კურსიდან გადაახვევინოს ქვეყანას, ეს ხომ წარმოუდგენელია.
როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს? დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი? დეკემბერში ხომ ყველამ აღიარა, ისე ხომ სტატუსს ვერ მისცემდნენ, ე.ი. საქართველო იმსახურებდა – დამსახურებულად, ღირსეულად, იმსახურებდა, ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება და მოგვანიჭეს. რა შეიცვალა? – გამჭვირვალობამ შეცვალა? გამჭვირვალობის ექვსგვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ეს ხომ ნონსენსია. იმდენად პოლიტიზება მოხდა ამ საკითხის, იმდენად ბევრი აქტორი იყო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩართული ამ პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტები, რომ ერთგვარი „ბაბლი“ შეიქმნა იმისა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში, კრასნოდარში… დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.