ადამიანები, რომლებიც გვთხოვდნენ, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში, გვწირავდნენ ეკონომიკური კოლაფსისთვის და, დიდი ალბათობით, ომისთვის-პაპუაშვილი
ადამიანები, რომლებიც ნატო-ს ქოლგის ქვეშ არიან შეფარებული და ჩვენ გვთხოვდნენ, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, თვითმფრინავით გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში, ყველა გვწირავდა ეკონომიკური კოლაფსისთვის და, დიდი ალბათობით, ომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხის ინტერესს საქართველოს მთავრობაზე მეტად არავინ გაითვალისწინებს.
მთავარია, ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესში რა არის. ჩვენ ევროპული ქვეყანა და ევროპელი ხალხი ვართ. ის, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია, ის არის ჩვენი ევროპული მომავლის ინტერესში და არა ის, რაც რომელიღაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის რომელიღაც მინისტრის ინტერესშია. არანაირად არ გვაინტერესებს რომელიღაც მინისტრის ინტერესი. მათი ინტერესები რაცაა, მოვისმინეთ, ესაა სააკაშვილის გათავისუფლება. რა ვქნათ, ამ ინტერესებს ვერ ავყვებით, ეს ინტერესები ჩვენთვის გასაზიარებელი არ არის. ზუსტად იგივე ხალხი გვეუბნებოდა, ან დაუწესებთ რუსებს სანქციებს, ან დაივიწყეთ კანდიდატის სტატუსიო. ხომ არ დავაწესეთ, ხომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რატომ? თვითონაც მიხვდნენ, ჩვენ რომ დაგვეწესებინა, ევროკავშირსაც დააზიანებდა. ხან მოხალისეების თვითმფრინავით გაშვების, ხან სააკაშვილის გამოშვების საკითხი იყო. ჩვენზე კარგად ჩვენს საქმეს არავინ განიხილავს, ჩვენზე მეტად ქართველი ხალხის ინტერესს არავინ გაითვალისწინებს. უცხოელი წარმოადგენს თავისი ქვეყნის ინტერესს და არა საქართველოს ინტერესს. უცხოელი პოლიტიკოსები მიტინგზე რომ დაგიდგებიან და სიყვარულს გეფიცებიან, ისინი უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ხალხის ინტერესს წარმოადგენენ. ერთ წუთში გაგვწირავენ, თუკი დასჭირდათ. როგორც გაგვწირეს, როცა გვეუბნებოდნენ, კარგით რა, ერთი-ორი თვითმფრინავით მაინც გაუშვით მოხალისეებიო. ასეთი ადამიანი ხომ სწირავდა ქართველ ხალხს ომისთვის. ისევე როგორც, გვეუბნებოდნენ, ყველა უწესებს სანქციებს და თქვენც დაუწესეთ სანქციები რუსეთსო. რომ ვეკითხებოდით, თქვენ ნატო-ს წევრი ხართ და დაცული ხართ, გვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას? არა, არ გაძლევთ, მაგრამ დაუწესეთ სანქციებიო. ხომ გვწირავდა ასეთი ადამიანი, ვინც გვთხოვდა, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, თვითმფრინავით გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში. ადამიანები, რომლებიც არ გვთავაზობდნენ უსაფრთხოებას, თვითონ კი ნატო-ს ქოლგის ქვეშ არიან შეფარებული, ყველა გვწირავდა ეკონომიკური კოლაფსისთვის და, დიდი ალბათობით, ომისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.