პრემიერის შეთავაზებაზე პასუხი, ეს არა ახალგაზრდების, არამედ რადიკალური ოპოზიციის პასუხია – ირაკლი ქადაგიშვილი
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „დღის ქრონიკაში“ აცხადებს, რომ პრემიერის შეთავაზებაზე უარი, არის არა ახალგაზრდების, არამედ რადიკალური ოპოზიციის პასუხი. მისი თქმით, არ შეიძლება უნივერსიტეტი სტუდენტებს შორის დაპირისპირების ადგილად გადაიქცეს.
„მთელი ამ პროცესის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია არასდროს აპირებდა, რომ რაიმე კონკრეტულ დისკუსიაში შემოსულიყო. ის ყოველთვის კედელივით ჩამოფარებულ ლოზუნგს იყო ამოფარებული და იმის იქით არცერთ საგნობრივ დისკუსიაში არ შემოდიოდა.
ანალოგიური პოზიცია ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებს და სხვადასხვა პოლიტიკური წრის წარმომადგენელს, როდესაც პრემიერმა მათ შესთავაზა, რომ დისკუსიისთვის მზად იყო და კანონის გარშემო ემსჯელათ, მაგრამ ამ საუბრისთვის მზაობა ჯერჯერობით ვერ გამოხატეს, თუმცა ახლა არის გარკვეული სიგნალები, რომ შეიძლება ამა თუ იმ ფორმით ეს შედგეს.
ანალოგიურია პრემიერის დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ, რადგან ახალგაზრდები ჭარბობდნენ ამ საპროტესტო აქციებზე და მას უნდა, რომ იმ ახალგაზრდებს მიმართოს, რომლებიც არ არიან კონკრეტული, ჩამოყალიბებული ამა თუ იმ პარტიის აქტივისტები და შეიძლება მართლაც აინტერესებდეთ. ზოგადად, ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა და დისკუსია საინტერესოა, მაგრამ პასუხი, ეს არ არის ახალგაზრდების პასუხი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეთავაზების მიუხედავად, მოძრაობა “ჯიუტის”წარმომადგენლები უარს აცხადებენ შეთავაზებულ დისკუსიაზე.