წავიკითხე სენატორების, კონგრესმენების წერილი, მოსაწონი არ არის, საჭიროა მაგიდასთან მოლაპარაკება, მისასალმებელი არ არის საჯაროდ ნეგატიური თემების განხილვა -ირაკლი ღარიბაშვილი
წავიკითხე სენატორების, კონგრესმენების წერილი, ვნახე ჯეიკ სალივანის განცხადება, არ არის მოსაწონი, საჭიროა დიალოგი, საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, მეტი ახსნა, პოზიციების მეტი დაახლოება და, საბოლოო ჯამში, რაღაც გამოსავლის პოვნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან აუცილებელია მჭიდრო დიალოგი, ურთიერთობა, მაგიდასთან მოლაპარაკება, საჯაროდ მსგავსი თემების და, მით უმეტეს, ნეგატიური თემების განხილვა მისასალმებელი არ არის.
„წავიკითხე წერილიც, ვნახე სალივანის განცხადებაც და ეს არ არის მოსაწონი, რა თქმა უნდა, მიუღებელია და გავიმეორებ, საჭიროა დიალოგი, საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, მეტი ახსნა გვჭირდება, პოზიციების მეტი დაახლოება და, საბოლოო ჯამში, რაღაც გამოსავლის პოვნა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს და არა ისეთი, რომელიც დაასუსტებს. ამერიკა ჩვენი მრავალი ხნის პარტნიორია, მეგობარი სახელმწიფო და საჭიროა მათთან მუშაობა და დიალოგი. ვფიქრობ, დადგა დრო, სხვა ეტაპზე გადავიდეს ურთიერთობა. აუცილებელია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო დიალოგი, ურთიერთობა, მაგიდასთან უნდა მოვილაპარაკოთ, საჯაროდ ასეთი თემების და, მით უმეტეს, ნეგატიური თემების განხილვა არ არის მისასალმებელი. მე გავეცანი კონგრესმენების წერილს, მანამდე სენატორების წერილი იყო, არ არის ეს კარგი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც უკრაინას და მოლდოვას გაუხსნეს ამის შესაძლებლობა და საქართველოს არა, დასავლეთში დიდი შეცდომა დაუშვეს, რადგან „ჯერ საქართველო იმსახურებდა ამას და შემდეგ უკრაინა და მოლდოვა“.
„შარშანწინ სტატუსი რომ არ მოგვცეს, ესეც არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა უნდა დავმშვიდდეთ ყველანი, ეს ძალადობაც არ შეიძლება, მით უმეტეს, არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა და ვგმობ. ერთადერთი, თუ ვინმეს კანონით აქვს მინიჭებული იარაღის თუ სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება, არის პოლიცია, სხვას არავის ამ ქვეყანაში. ამიტომ, როცა იარაღიან და ამ მანდატით აღჭურვილ ადამიანს თავს ესხმი და პროვოკაციაზე მიდიხარ, მით უმეტეს, ვიღაც ნაძირალები „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ და შემდეგ ეს ჩვენი მოღალატე პრეზიდენტი იწყალებდა ასეთ კრიმინალებს, ეს წარმოშობს ძალადობას, ეს არის მიუღებელი და ამაზე უნდა აიმაღლოს საზოგადოებამ ხმა და თქვენ, მათ შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.