“ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა” – მეუფე შიო
ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა…შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი! , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ კვირის ყოველი დღე აღდგომის ტოლფასი მნიშვნელობისაა.
“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს და გიორგობას. შეგახსენებთ, რომ ამ კვირის ყოველი დღე აღდგომის ტოლფასი მნიშვნელობისაა.
დღეს სახარებიდან წაკითხული იყო ასეთი სიტყვები, რომ „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა“ (ინ. 1, 18).
ყველაფრის, რაც სულიერია, ფიზიკური თვალით დანახვა შეუძლებელია. წმინდა წერილში სიტყვა ,,ხილვა” არ ნიშნავს მხოლოდ თვალით დანახვას, არამედ რაიმეს სრულყოფილად შეცნობასაც ნიშნავს. ამიტომ გამოთქმა – ,,ღმერთი არასდროს არავის უხილავს” – ნიშნავს, რომ ღმერთის სრულყოფილად შეცნობა შეუძლებელია.
ამიტომ როდესაც ვკითხულობთ ძველი თუ ახალი აღთქმის წიგნებში, რომ წმინდანებმა იხილეს ღმერთი, მათ ჰქონდათ ღმერთის გამოცხადება, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მათ ღმერთის არსება იხილეს, არამედ ეს ადგილები ისე უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთმა აღირსა ამა თუ იმ წმინდანს ხილვა და გამოცხადება და მისი რწმენის მიხედვით გამოუცხადა ცოდნა ღმერთზე იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო ამა თუ იმ წმინდანისთვის.
ამიტომ ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომლითაც შესაძლებელია უხილავი ღმერთის დანახვა. ეს რწმენა ჩვენ მოგვცა განკაცებულმა ძე ღმერთმა, რომელმაც იხილა ღმერთი და რომელიც თვითონ ღმერთია. სწორედ მასზე ამბობს მამაზეციერი, რომ ,,ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ” (მთ. 3, 17).
და აი, რაც დაფარული იყო მამაში, ეს გამოავლინა ძემ, გამოავლინა განცხადების სისავსე, ნება ღვთისა და ჩვენი გადარჩენის გზა. სწორედ ეს არის აღდგომის მადლი, ბრწყინვალება და ჭეშმარიტება.
დიდი მარხვის პერიოდში დედაეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ. მრავალმა შეისმინა ეს მოწოდება, მოვიდა აღსარებაზე და განიწმინდა, მაგრამ ახლა ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს, ისევ არ მივუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებზეც უარი ვთქვით, რომ ისევ არ დარჩეს ჩვენი სული მზრუნველობისა და სულიერი საზრდოს გარეშე. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: ,,სულს ნუ ჩააქრობთ!” (შდრ: ,,სულსა ნუ დაავსებთ!” – 1თეს. 5,19)
ამგვარად, გავიდა დიდი მარხვა და დადგა აღდგომის ბრწყინვალე დღეები, აღდგომის შემდგომი პერიოდი და შეგვაძლებინოს უფალმა, სული არ ჩავაქროთ, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ძლევაშემოსილი, საკვირველმოქმედი, დიდი მოწამე გიორგი, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა, ამინ!- აღნიშნა მეუფე შიომ.