ამ განცხადებით საბოლოოდ ჯამში ძირი გამოუთხარეს საკუთარი თავის მიმართ ნდობას -შალვა პაპუაშვილი არასამთავრობოების განცხადებაზე
იმ არასამთავრობოების განცხადების უკან, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, დგანან დონორები, რომელთა გამჭვირვალობაზეა ამ კანონში საუბარი და იმდენად უნდათ რომ დამალონ და ფარულად ხარჯონ თავისი ფული, რომ „ენჯეოებს“ ქართველი ხალხის მიმართ რუსებს აძახებინებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„იმ წერტილამდე მივიდა უცხოური დაფინანსების მდგომარეობა, რომ ქართველ ხალხს ესხმიან დონორები „ენჯეოების“ პირით. ეს არის სირცხვილი და ქართველ ხალხზე თავდასხმა.
რაც შეეხება არასამთავრობოების განცხადებას, რომ არ ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან, პრობლემა ის არის, რომ მათ ხალხი ხალხად და ამ ხალხის ხელისუფლება ხელისუფლებად არ მიაჩნიათ. ისინი ემსახურებიან საკუთარი დონორების ინტერესებს. ვხედავთ, რომ უკვე თავს ესხმიან ქართველ ხალხს და სარცხვინოდ რუსებს ეძახიან.
ამ „ენჯეოებმა“ ამ განცხადებით საბოლოოდ ჯამში ძირი გამოუთხარეს საკუთარი თავის მიმართ ნდობას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გაფორმდნენ როგორც უცხო ძალის ინტერესების წარმომადგენლები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.