„იზრდება ევროპული სამხედრო კომპანიების დამოკიდებულება ჩინურ დენთზე“ – უცხოური პრესა
„დასავლეთის ქვეყნების სწრაფვამ – გააფართოონ უკრაინის არმიისადმი დახმარება – საბრძოლო მასალებზე მოთხოვნა უკიდურესად გაზარდა, რის შედეგადაც, ბუნებრივია, გაჩნდა დენთის დეფიციტი, რომლის ძირითად მწარმოებელს და ექსპორტიორს ჩინეთი წარმოადგენს. ახლა ევროპელები და უკრაინელები შიშობენ, რომ პეკინმა მათ შეიძლება უარი განუცხადოს ამ მეტად მნიშვნელოვანი რესურსის მიწოდებაზე“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „იზრდება ევროპული სამხედრო კომპანიების დამოკიდებულება ჩინურ დენთზე“ (ავტორები – არჯუნ ალიმი, პატრიცია ნილსონი და სილვია პფაიფერი). როგორც ცნობილია, ჩინეთში დენთი (მისი კვამლიანი სახეობა) მე-10 საუკუნეში შექმნეს, ევროპაში კი მე-14 საუკუნეში გავრცელდა.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ბამბის მტვერი (უწვრილესი ბუსუსები) გვერდით პროდუქტს და მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს, რომლის გარეშე შეუძლებელია ნიტროცელულოზის (დენთის) წარმოება, რომელიც, თავის მხრივ, გამოიყენება საარტილერიო ჭურვებში, მცირე და მსხვილკალიბრიანი ცეცხლმსროლელი იარაღის ვაზნებში და ასაფეთქებელ ნივთიერებებში.
რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საბრძოლო მასალებზე მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა. რუსეთზე რომ არაფერი ვთქვათ, უკრაინა დიდი რაოდენობით ხარჯავს ჭურვებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში. მაგრამ ევროპელ სამხედრო კომპანიებს (მონარდეებს) არ შეუძლიათ პროდუქციის წარმოების გაზრდა, რადგან მისი დამზადებისათვის საკმაოდ ბევრი კომპონენტია საჭირო, მათ შორის ნიტროცელოლუზა.
იარაღის წამყვანი მწარმოებლები, მათ შორის შვედური „სააბი“ (Saab) და გერმანული „რაინმეტალი“ (Rheinmetall) გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებენ, რომ ევროპა ძალიან მაღალი დონით არის დამოკიდებული ჩინეთში დამზადებულ ნიტროცელოლუზაზე – თითქმის 70%-ით.
„არსებობს რისკი იმისა, რომ ჩინეთმა, გეოპოლიტიკური მიზეზებით უარი განაცხადოს ამ პროდუქციის მოწოდებაზე. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მის შესყიდვას და რეზერვის შექმნას“, ამბობს „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში არმინ პაპერგერი, „რაინმეტალის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ევროკავშირს განზრახული აქვს ნატოს სტანდარტის მქონე 155 მილიმეტრიანი ჭურვების წარმოება წელიწადში 1,4 მილიონამდე, რათა ალიანსის წევრი ქვეყნების არსენალები შეავსოს – იარაღის საწყობები მნიშვნელოვნად დაიცალა იარაღისაგან უკრაინისადმი მიწოდების შედეგად. როგორც ცნობილია, რუსეთი ჭურვების წარმოების თავისი საწარმოო პოტენციალით ბევრად წინ არის, ვიდრე ევროპის ქვეყნები, ერთად აღებული.
უკვე იგრძნობა ნიტროცელოლუზის დეფიციტი, რომელიც მიანიშნებს, რომ საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდა პრობლემატური იქნება. ნიტროცელულოზა ყველა ასაფეთქებელ ნივთიერებისათვისაა აუცილებელი, რომლებსაც ბომბები, ნაღმები, ჭურვები, რაკეტები და უბრალოდ, ავტომატის, შაშხანისა და ტყვიამფრქვევების ვაზნები შეიცავს.
რა თქმა უნდა, ევროპელი ლიდერებიც ასევე ლაპარაკობენ დენთის უკმარისობაზე. „ჩვენ ყველამ მივხვდით, რომ უკრაინის დახმარება თუ გვსურს, დენთის უკმარისობა უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მონაცემებით, ჩინეთის წილზე მოდის მსოფლიოში წარმოებული და გაყიდული ნიტროცელოლუზის თითქმის ნახევარი. ამ მასალის უმსხვილესი იმპორტიორები არიან გერმანია, შვედეთი, ბელგია და სხვა ქვეყნები.
ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მენარდეების თქმით, უახლოეს წლებში ჩინურ ნიტროცელოლუზაზე უარის თქმა გამორიცხულია, ალტერნატიული საწარმოები ძალიან ცოტაა და ისიც რუსეთში, რომელსაც თავისი არ ჰყოფნის და ნაწილობრივ ჩინურ დენთს იყენებს: მოსკოვმა ბოლო ორ წელიწადში ჩინეთიდან ნიტროცელულოზის იმპორტი 2022 წლის 3,4 მლნ. ტონიდან 2023 წლის 10 თვის მაჩვენებლით, 7,18 მილიონ ტონამდე გაზარდა.
როგორც შვედური კომპანია „სააბის“ წარმომადგენელი ამბობს, დღეისათვის მას ჩინეთიდან იმპორტის საკითხში ჯერ-ჯერობით რაიმე პრობლემები არ აქვს, მაგრამ დენთის იმპორტის დივერსიფიცირება და რისკების შემცირება აუცილებელია.
გერმანიაში ნიტროცელულოზას მცირე რაოდენობით „რაინმეტალის“ შვილობილი კომპანია „ნიტროშიმი“ უშვებს, რომლის განცხადებით, განიხილება საკითხი ქვემო საქსონიაში დენთის მსხვილი ქარხნის მშენებლობის თაობაზე, თუმცა, ქარხნის მშენებლობის დაწყება, მისი დასრულება და პირველი პროდუქციის გამოშვება საკმაოდ შორეული მომავლის საკითხს წარმოადგენს.
არმინ პაპენგერის თქმით, „რაინმეტალს“ ამჟამად დენთის საკმაო მარაგი აქვს, თუმცა რადგანაც ჭურვების წარმოება სულ უფრო იზრდება, დენთის მარაგიც იკლებს.. „ჯერ-ჯერობით დენთს რუსეთის მოკავშირე კომუნისტური ჩინეთი შეუფერხებლად გვაწვდის, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე, არავინ არაფერი იცის… ამიტომ აუცილებელია, რომ ევროპა პერსპექტივაში ნიტროცელოლუზის წარმოებაში დამოუკიდებელი უნდა გახდეს“, – ამბობს „რაინმეტალის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.
საერთოდ, ნიტროცელოლუზა საკმაოდ იაფფასიან პროდუქტს წარმოადგენს. საბრძოლო მასალების წარმოების ზრდა მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული: „თუ ჩვენ გვინდა საბრძოლო მასალების მეტი რაოდენობით ვაწარმოოთ, მხოლოდ ნედლეული არ წყვეტს საკითხს. აუცილებელია საწარმოო სიმძლავრეების გაფართოება, რასაც, სტანდარტების მიხედვით, შეიძლება ორ წლამდე ვადა დაჭირდეს“, – ამბობს გერმანელი ანალიტიკოსი ქრისტიან მიოლინგი.