1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სტრატეგიული არჩევანი – გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძე
სტრატეგიული არჩევანი – გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძე

სტრატეგიული არჩევანი – გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძე

300
0

წერილი 2. ზვიადი და ორი გოლიათი

 

სადღეისოდ ანალიტიკოსთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ მეტნაკლებად შეძლო რამდენადმე აერიდებინა თავი მოჭარბებული ზეგავლენებიდან (პრორუსული იქნება ეს, პროჩინური თუ პროდასავლური) და ეროვნულ ინტერესს გაუკვალა გზა. სადავოა ის, თუ რამდენად წარმატებულია ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება, თუმცა თავად დაბალანსების პოლიტიკაში მოულოდნელი არაფერია. საქართველო არ არის გამონაკლისი. ასეთია ზოგადად მცირე სახელმწიფოს (მითუმეტეს ისეთ გეოსტრატეგიულ რეგიონში მდებარისა, როგორიც სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილია) ხვედრი. მან მუდმივად უნდა გაითვალისწინოს ზესახელმწიფოთა ინტერესები და ამ თავსმოხვეულ მანევრირებაში შეძლებისდაგვარად გაატაროს ეროვნულ მიზნებზე დაფუძნებული პოლიტიკა. ამგვარ პრობლემას დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება წააწყდა. მათ მეტ-ნაკლები წარმატებით სცადეს მოეშორებინათ შემოჭერილი არტახები.

 

უფრო მეტიც, ამგვარი პრობლემის წინაშე საქართველოს პოლიტიკური ძალები, ჯერ კიდევ 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებამდე დადგნენ. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ 80-იანი წლების ბოლოს ქართულ ეროვნულ მოძრაობაში განსხვავებულ მიმდინარეობათა გაჩენა სწორედ ამ ვითარებასთან იყო დაკავშირებული. ეროვნული მოძრაობის ორმა ფრთამ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სხვადასხვა გზა აირჩია, ვინაიდან თავად ვითარება იძლეოდა ამგვარი გაყოფის შესაძლებლობას.

 

9 აპრილიდან მალტის შეთანხმებამდე

 

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ეროვნულმა მოძრაობამ გამოიმუშავა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს არ უნდა მიეღო მონაწილეობა საბჭოურ არჩევნებში, სამაგიეროდ მძლავრი ზეწოლა უნდა მოეხდინა ხელისუფლებაზე გარედან, მისი გადემოკრატიულობის მიზნით (პარადიგმა: „ჯერ დემოკრატია, შემდეგ დამოუკიდებლობა“). უნდა ითქვას, რომ გორბაჩოვისეულმა „პერესტროიკამ“ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰპოვა საქართველოში და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ეს სტრატეგიაც პოპულარული გახდა. იგი პრინციპში გარდაქმნის („პერესტროიკის“) პოლიტიკასთან უნისონში იყო. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის რეფორმისტულ ფრთას დროის მოგება და ეკონომიკის გაჯანსაღება სურდა. ამ მიზნით, იგი მზად იყო გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად, მათ შორის პოლიტიკური უფლებების თვალსაზრისით. დემოკრატია და გარდაქმნა აღმოჩნდა ორი გასაღები-სიტყვა, რომელსაც თანაბრად ჩაებღაუჭნენ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. ამ ძირითად ნაკადში აღმოჩნდა ქართული ეროვნული მოძრაობაც.

 

შემუშავებული გეგმის შესაბამისად ეროვნული ძალების ფორუმმა 1990 წლის გაზაფხულზე დაადგინა, რომ არჩევნების გზით შექმნილიყო არასაპარლამენტო ლეგიტიმური ორგანო – ეროვნული კონგრესი – რომელიც თანდათანობით, ოფიციალური ორგანოების დისკრედიტაციის პარალელურად, გადაიბარებდა ხელისუფლებას და დროთა განმავლობაში დამოუკიდებლობასაც გამოაცხადებდა.

 

ასეთ შემთხვევაში ქვეყნის დამოუკიდებლობა იქნებოდა დაგვირგვინება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესისა, რომელსაც დემოკრატიული რეფორმები დაუდებდნენ სათავეს. ამ დროისათვის (1989 წლის ზაფხული) ეს უეჭველად სწორი პოლიტიკური სტრატეგია გახლდათ. 1987-89 წლებში ცხადად გამოჩნდა, რომ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალები უფრო წარმატებით მოქმედებდნენ. მათ ეს დრო გაცილებით უკეთ გამოიყენეს, ვიდრე მოუქნელმა და მძლავრად იდეოლოგიზირებულმა იმპერიის მმართველმა წრეებმა.

 

ამის შედეგად საბჭოთა კავშირში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა და სოციალისტურ ზესახელმწიფოში ცენტრიდანულმა მოვლენებმა იმძლავრეს. გორბაჩოვის რეფორმამ საფრთხე შეუქმნა საბჭოთა კავშირის მთლიანობას. ტოტალიტარულმა საბჭოეთმა იარსება 70 წელი, სადაც ინტეგრაციას კომუნისტური პარტია და მისი იდეოლოგია, აგრეთვე არნახული ძალისა და სისასტიკის პოლიციური ინსტიტუტი უზრუნველყოფდა. რეფორმებმა „ჩამოალაბორანტა“ კომპარტია და შეასუსტა რეპრესიული აპარატი, რითაც საფრთხე შეუქმნა საბჭოთა კავშირის არსებობას. ამასთან, როგორც ითქვა, იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდნენ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალები, რომელთა გაბედულმა და გააზრებულმა მოქმედებებმაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა საბჭოთა მმართველ კლასს.

 

საბჭოთა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ინიციატივა ხელიდან უსხლტება, დეზინტეგრაციულმა პროცესებმა კი რეალური პოლიტიკური ძალა და ინერცია შეიძინეს. იმპერიის დაშლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად და იმავდროულად დემოკრატიული საფარველისა და საკუთარი სახის შენარჩუნების მიზნით (რაც აუცილებელი იყო დასავლეთთან დიალოგის გასაგრძელებლად), პოლიტიკური დღის წესრიგში დადგა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება. იგი სახაროვისა და გეფტერის კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს უნდა დამყარებოდა. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ყველა ავტონომიური წარმონაქმნის (აგრეთვე, კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ჯგუფების) სტატუსთა გატოლებას და ამ გზით მოკავშირე რესპუბლიკებისთვის კავშირიდან გასვლის სამართლებრივი საშუალების ფაქტობრივ მოსპობას. ეს იყო საკმარისად კარგად მოფიქრებული და მზაკვრული გეგმა. მითუფრო, რომ ანდრეი სახაროვის სახელი კარგად იყო ცნობილი დასავლეთის სამყაროსათვის და მას დემოკრატის შეურყეველი იმიჯი ჰქონდა.

 

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 1989 წლის სექტემბრის პლენუმზე გამოცხადდა, რომ დაიწყო ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე მუშაობა და მისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, განახლებული საბჭოთა კავშირის სუბიექტებად გვევლინებოდნენ არა მხოლოდ მოკავშირე რესპუბლიკები, არამედ ავტონომიური რესპუბლიკებიც. გარდა ამისა, ხაზგასმული იყო, რომ ავტონომიური წარმონაქმნების არსებობა ამა თუ იმ რესპუბლიკაში ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგი უნდა ყოფილიყო. პროექტში ამ მუხლის გაჩენა ნიშნავდა, რომ ამგვარ კომპაქტურ ჯგუფებს (მაგ. ჯავახეთსა და ბორჩალოში) შესაძლებლობა ექნებოდათ თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად, არათუ ავტონომიური ტერიტორია შეექმნათ, არამედ აერჩიათ კიდეც, თუ რომელ რესპუბლიკაში გაერთიანებულიყვნენ (გასაგებია, რომ „სამხრეთ ოსეთი“ შეუერთდებოდა რუსეთის ფედერაციას, ანუ გაერთიანდებოდა ჩრდილოეთ ოსეთთან. შესაძლებელი იყო პრობლემების გაჩენა ქვეყნის სამხრეთშიც და სხვაგანაც). პროექტის ტექსტი გამოქვეყნდა ერთი წლის დაგვიანებით, ამიტომ ფართო საზოგადოებისათვის პლენუმის მასალები ფაქტობრივად დაფარული აღმოჩნდა. პლენუმს ესწრებოდა საქართველოს კომპარტიის დელეგაცია, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით მათ ამის გამო განგაში არ აუტეხავთ. ამგვარად ვითარება მოულოდნელად და კარდინალურად შეიცვალა, ხოლო ქართული საზოგადოება ამ უეცარი და უაღრესად სახიფათო „შტორმისათვის“ მზად არ აღმოჩნდა.

 

სწორედ 1989 წლის სექტემბრის პლენუმის გადაწყვეტილებებმა გამოიწვიეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის უკიდურესი გამწვავება. ცხინვალის ხელისუფლება ცდილობდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულების მიღებამდე მოესწრო სტატუსის ამაღლება, რათა მომავალი ფედერაციის სრულუფლებიანი სუბიექტი გამხდარიყო. აფხაზეთის ხელმძღვანელობა ამ მხრივ თავს შედარებით მშვიდად გრძნობდა, რადგან როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას, მას ეს უფლება ავტომატურად ეძლეოდა.

 

სწორედ ამ მიზნით ცხინვალის რეგიონის სეპარატისტებმა 1990 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკანონმდებლო ორგანოს მიაღებინეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის შესახებ. საბჭოთა კონსტიტუციითაც კი ეს სრულიად უკანონო აქტი იყო. ყოველივე ზემოთქმულს ისიც დაემატა, რომ დაინიშნა საკავშირო რეფერენდუმი ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების და განახლებული საბჭოთა კავშირის თაობაზე. იგი კიდევ ერთ დიდ საფრთხეს უმზადებდა საქართველოს. ახალგამომცხვარ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ საკავშირო რეფერენდუმი ლეგიტიმურად რომ ჩატარებულიყო, ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაშიც კი, სამართლებრივად სადავო დარჩებოდა ცხინვალის ოლქის სტატუსი და მისი მიკუთვნებულობა. ამიტომ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა სამხრეთ ოსეთის (ნებისმიერი) ავტონომია უნდა გაუქმებულიყო. თანაც გაუქმებულიყო სამართლებრივად უნაკლოდ.

 

შექმნილ ვითარებაში აშკარა გახდა, რომ ის სტრატეგია, რომელსაც ეროვნული მოძრაობა განუხრელად და წარმატებით ახორციელებდა მინიმუმ ორი წლის მანძილზე (და რაც ოფიციალურად 1989 წლის გაზაფხულზე გაფორმდა), სასწრაფოდ შესაცვლელია. საჭიროა ხელისუფლების სათავეში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალების სრულიად კანონიერი მოსვლა და ქვეყნისათვის სასიცოცხლო საფრთხეების თავიდან აცილება. ეს რთული ამოცანა იყო (ამაზე დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ). ზემოთქმული გასაგებს ხდის, თუ რატომ გააუქმა მრგვალი მაგიდის ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომია მოსვლისთანავე და არ შეუშინდა იმ საფრთხეებს, რაც ამ ნაბიჯს ახლდა თან.

 

მართლაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „მრგვალი მაგიდის“ ინიციატივით სრულად გაუქმნდა სამხრეთ ოსეთის ავტონომია. ამ ისტორიული გადაწყვეტილების სისწორე შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა. სადღეისოდ საქართველოს გააჩნია მტკიცე სამართლებრივი არგუმენტები ცხინვალის რეგიონის ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილად აღიარების თვალსაზრისით. ამ არგუმენტებს მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს. ზემოხსენებული გადაწყვეტილების გარეშე ეს პოზიცია მნიშვნელოვნად შესუსტდებოდა. ხოლო რა მოგვიტანა სამხრეთ ოსეთის აღდგენის ნაჩქარევმა და მოუფიქრებელმა მცდელობამ ეს საყოველთაოდ არის ცნობილი და დღესაც სახეზე გვაქვს.

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (1985 წლის მარტი) მ. გორბაჩოვი და მისი გუნდი გამუდმებით ცდილობდნენ დასავლეთის ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვებას. ოთხი წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, სერიოზული დათმობების გზით (ძირითადად სამხედრო სტრატეგიული შეიარაღების მიმართულებით) მან ეს კიდეც მოახერხა.

 

საშინაო რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის მოსკოვმა საგარეო ფრონტზეც გაიმაგრა პოზიცია. მან მხარდაჭერისათვის დასავლეთის ქვეყნებს მიმართა. ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო მალტის შეთანხმება (1989 წლის 2-3 დეკემბერი). ამ ხელშეკრულების მიხედვით საბჭოთა კავშირი დათმობდა აღმოსავლეთ ევროპას და ბალტიის რესპუბლიკებს, სამაგიეროდ დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნებოდა განახლებული კავშირი (რაც რეფერენდუმით დადასტურდებოდა). ამ ახალი ერთობის სუბიექტები საბჭოთა კავშირის ახლებური ეთნოტერიტორიული წარმონაქმნები გახდებოდნენ. დასავლეთს მალტის ხელშეკრულების ხელმოწერისას არ გასჩენია ეჭვი იმის თაობაზე, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა განუხრელად დაიცავდა ამ შეთანხმებას. სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები ბოლომდე იცავდნენ მალტის პაქტს, მაშინაც კი, როცა ცხადი გახდა საბჭოთა იმპერიის დაშლის რეალურობა.

 

მალტის შეთანხმებით ფაქტობრივად დასრულდა „ცივი ომი“ და, შესაბამისად, შეიცვალა ამერიკის საგარეო პოლიტიკური დოქტრინაც – თუ „ცივი ომის“ მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის შეკავება და ასპარეზიდან ჩამოცილება იყო, ამიერიდან (რახან საბჭოთა კავშირი თავისი ნებით ჩამოქვეითდა), ამერიკა კისრულობდა განახლებული კავშირის მხარდაჭერას. მოინიშნა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, ე.წ. Pax maltica. მას განახლებული ფორმით უნდა შეენარჩუნებინა ბიპოლარული მსოფლიო, რომელიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უკანასკნელ იმედს უკარგავდა მოსკოვის მოდერნიზებულ იმპერიაში დარჩენილ ერებს.

 

დასავლეთიდან გულმოცემულმა გორბაჩოვმა მაქსიმალურად დააჩქარა პროცესები. 1990 წლის 27 დეკემბრის საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობამ დაადგინა 1991 წლის 17 მარტს ჩაეტარებინა საკავშირო რეფერენდუმი „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების“ და მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის შენარჩუნების თაობაზე. 1991 წლის 3 აპრილს გამოიცა კანონი „მოკავშირე რესპუბლიკის კავშირიდან გასვლის წესის“ შესახებ, ხოლო 1990 წლის 26 აპრილს, კანონი „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირსა და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“.

 

ამრიგად, საქართველოს გაუჩნდა „ბრწყინვალე“ პერსპექტივა – საბჭოთა კავშირშივე დაშლილიყო მარტივ მამრავლებად (რაც 1989 წელს მიხეილ სააკაშვილისათვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა გიორგი არბატოვმა). საქართველო ცაიტნოტში აღმოჩნდა. მას საბჭოთა კავშირის სამართლებრივი სივრციდან გასვლის ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადების გარდა სხვა არჩევანი აღარ რჩებოდა. თანაც ეს ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მომხდარიყო. სწორედ დროის ფაქტორი ხდებოდა გადამწყვეტი. შეტრიალდა პარადიგმაც. ამჯერად აქტუალური გახდა „ჯერ დამოუკიდებლობა, შემდეგ დემოკრატია“. მაგრამ როგორ უნდა მიგვეღწია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ამ მოკლე დროში? ჩანდა მხოლოდ ერთადერთი რთული და სახიფათო გზა, ეროვნული მოძრაობა არჩევნების გზით უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში და გამოეცხადებინა ქვეყნის დამოუკიდებლობა. თანაც ეს უნდა მომხდარიყო საერთო საკავშირო რეფერენდუმის ჩატარებამდე.

 

ამრიგად, მოსალოდნელი საკავშირო რეფერენდუმი, ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტი და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტთა მტრული ქმედებები გახდა მთავარი მიზეზი საქართველოში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, ტაქტიკისა და სტრატეგიის მკვეთრად და დაუყოვნებლივ შესაცვლელად.

 

შესაძლებლობათა ფანჯარა

 

მოულოდნელად საქართველო ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირიდან გასვლის მისწრაფება უპირისპირდებოდა არა მხოლოდ რუსეთის იმპერიას, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს (და მთლიანად დასავლეთს). მალტაში შედგა მოსკოვისა და ვაშინგტონის გარიგება. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საქართველოს შეცვლილი სტრატეგიით მოქმედება განახლებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავდა, რაც ერთი შეხედვით ნორმალურ ლოგიკაში არ ჯდებოდა.

 

მალტის გარიგება ცივ ომში ფაქტობრივად დამარცხებულ მოსკოვს საშუალებას აძლევდა შეენარჩუნებინა იმპერია და მოღონიერების შემდეგ მის აღდგენაზეც ეფიქრა. თუმცა ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, რატომ დათანხმდა ვაშინგტონი თუნდაც განახლებული საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას? განა იმიტომ შეალია მთელი ძალები ცივი ომის პერიოდში საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას, რომ ეხლა მის შენარჩუნებაზე ეზრუნა? არადა, აშკარა იყო, რომ პრეზიდენტი ჯ. ბუში-უფროსი უკანასკნელ მომენტამდე მხარს უჭერდა გორბაჩოვს და წინააღმდეგი იყო ნაციონალური რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა (რად ღირს თუნდაც მისი მოწოდება უკრაინის რადაში 1991 წლის 1 აგვისტოს). თავის წერილში პრეზიდენტი ბუში აცხადებდა – მე მინდა მოთვინიერებული საბჭოთა კავშირი და არა დაშლილიო. ამგვარ დამოკიდებულებას კი შემდეგი არგუმენტებით ამართლებდა:

 

  • ბირთვული იარაღის საშიშროება. დასავლეთის პოლიტიკურ ელიტას ერჩივნა ურთიერთობა ჰქონოდა ერთ (დამჯერე) საბჭოთა კავშირთან, სადაც ბირთვული იარაღი მკაცრად კონტროლრდებოდა, ვიდრე ოთხ ბირთვულ და თერთმეტ არაბირთვულ ნაციონალურ რესპუბლიკასთან. როგორც მოსკოვში ამერიკის იმდროინდელმა ელჩმა მეტლოკმა ბრძანა „ჩვენ არ გვინდოდა რამდენიმე ბირთვული სახელმწიფოს გაჩენა“;

 

  • იუგოსლავიის მაგალითი. ამერიკა უფრთხოდა ახალი ეთნო და კონფესიური კონფლიქტების გაღვივებას, ამის შანსი კი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ძალზე რეალური იყო;

 

  • საფუძველსმოკლებული არ უნდა იყოს ის აზრი, რომ დასავლეთისათვის ნამდვილად კომფორტული იყო მოვლენათა ამგვარი მდორე განვითარება. საბჭოთა იმპერიას ჯერ აღმოსავლეთ ევროპის სარტყელი უნდა მოსცილებოდა (ბალტიის ქვეყნებიც სწორედ ამ სარტყელის მოუცილებელი ელემენტები იყვნენ) და შემდგომ ეტაპზე (სავარაუდოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ) შეიძლებოდა დაწყებულიყო ლაპარაკი განახლებული საბჭოთა კავშირის სხვა შემადგენელი სუბიექტების დამოუკიდებლობაზე. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება (ბალტიის ქვეყნების გარეშე) თითქმის სრულად პასუხობდა ამ მოთხოვნას.

 

ამგვარად მალტის ხელშეკრულება ფაქტობრივად მოკავშირე რესპუბლიკების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი სრულად ამოქმედების შემთხვევაში მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში დარჩენილი სუბიექტები დამოუკიდებლობაზე ვეღარც იფიქრებდნენ. უფრო მეტიც, მათი არსებობის გარანტიც კი საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლება იქნებოდა. ამ მნიშვნელოვანმა გარემოებამ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სწორედ რუსეთის ფედერაცია იყო უმძიმესი დარტყმის პირველი კანდიდატი. ამ ძალზე თავისებურმა ვითარებამ ერთერთი უმთავრესი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლაში.

 

აქვე უნდა ითქვას ზ. გამსახურდიას და მისი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე რ.ს.ფ.ს.რ. (რუსეთის, როგორც საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკასა) და ბ. ელცინის მიმართ. ვიდრე რუსეთი და მისი პრეზიდენტი ებრძოდნენ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებასა და საბჭოთა იმპერიალიზმს, ისინი საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ. თუმცა, როცა ელცინმა და Co აჯობა გორბაჩოვსა და Co-ს (ეს ცხადი გახდა ГКЧП-ს დამარცხების შემდეგ), სრულიად რეალური გახდა საფრთხე საბჭოთა იმპერიალიზმის რუსული იმპერიალიზმით ჩანაცვლებისა (რაც მცირე ხანში განხორციელდა კიდეც). ეს კარგად დაინახა ზ. გამსახურდიამ და დაიწყო უკვე ანტირუსული ნაბიჯების გადადგმა. კიდევ უფრო გააძლიერა მხარდაჭერა გენერალ ჯ. დუდაევისა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოძრაობისადმი. იმავდროულად საქართველოს პარლამენტმა დაიწყო თათრეთის დამოუკიდებლობის ცნობის პროცედურა. ამ თვალსაზრისით უაღრესად საგულისხმო იყო პრეზიდენტ ელცინის განცხადება. ჩეჩნეთში პირველი ომის დაწყებისთანავე მან მოიწვია პრეს-კონფერენცია, სადაც განაცხადა, რომ რუსეთს ომის დაწყების გარდა სხვა გზა არ გააჩნდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ასეთ შემთხვევაში ეს ომი უფრო ადრე რატომ არ დაიწყეთო, ბ. ელცინმა ლაკონური და ცხადი პასუხი გასცა – იმიტომ რომ, საქართველოში გამსახურდიას ხელისუფლება იყოო.

 

ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს, რომ საქართველოს წინაშე ერთი შეხედვით დაუძლეველი წინააღმდეგობა აღიმართა. ორი სუპერსახელმწიფო იდგა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირისპირ.

 

საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებულ პროპაგანდას დაემატა ცივი და მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

 

ასეთ ვითარებაში, ჩვენი პოლიტიკური ელიტა და ეროვნული მოძრაობის უმეტესობა  სრულიად არაადეკვატური აღმოჩნდა – ვერ შეაფასა რა ისტორიული მომენტი, ჯიუტად გააგრძელა ერთხელ არჩეული კურსით სვლა, რითაც თავი თამაშგარე მდგომარეობაში ჩაიყენა. შესაბამისად, გამსახურდიასა და მისი მომხრეების გასვლა ფორუმიდან და არჩევნებში მონაწილეობის მიღება ერთმნიშვნელოვნად შეფასდა როგორც ეროვნული ღალატი და ავანტურა. აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზ. გამსახურდიასა და მისი მომხრეების ამგვარ შეფასებაში სოლიდარული აღმოჩნდნენ ერთის მხრივ ეროვნული მოძრაობის დიდი ნაწილი და მეორეს მხრივ კომუნისტური ნომენკლატურა. ამ დაჯგუფების ბუნებრივი მოკავშირე აღმოჩნდა ქართული საბჭოთა ინტელიგენციის უმრავლესობაც. თანაც ეს ერთიანობა საკმაოდ მტკიცე და ხანგრძლივი აღმოჩნდა.

 

ხაზი იმასაც უნდა გაესვას, რომ ჩვენი პოლიტელიტის დიდ ნაწილს გააჩნდა გადაჭარბებული მოლოდინები. ეს თანაბრად ეხება როგორც პერესტროიკის პროცესს, ისე შეერთებულ შტატებს (თავი იჩინა ანტისაბჭოური ხმების მრავალწლიანმა გავლენამ). ამიტომ ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან წამოსული სიგნალები შესაბამის ეფექტებს იწვევდნენ ქართულ პოლიტელიტაში. მთავარი იყო, რომ ეროვნულ მოძრაობას არ მიეღო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. დაიწყო ხმების დაყრა, რომ ბალტიის გზა არ არის საქართველოსათვის მაგალითის მომცემი. რაც მთავარია, გამიზნულად ხდებოდა არჩევნებში მონაწილე ლიდერების დიფამაცია და დასკრედიტაცია. ამ მხრივ მეტად თვალსაჩინო იყო 1990 წლის 4-6 ივლისის პრაღის საერთაშორისო კონფერენცია (დასავლეთის ეგიდით მოწყობილი). აქ მიიღეს N 24 რეზოლუცია, სადაც წახალისებული იყო ეროვნული კონგრესის იდეა, როგორც პარლამენტის საპირწონე პარალელური ხელისუფლება. (ეს გადაწყვეტილება მიმართული იყო იქით, რომ ეროვნულ ძალებს არ მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და სერიოზული ლეგიტიმური გავლენა არ მოეხდინათ პოლიტიკურ პროცესებზე). ამასთან დაგმობილი იქნა ზვიად გამსახურდიას ვითომდა ეთნიკურად შეუწყნარებელი პოლიტიკური კურსი.

 

ზვიად გამსახურდიამ ორჯერ გადადგა სერიოზული ნაბიჯი ეროვნული მოძრაობის იმ ორგანიზაციების გასაერთიანებლად, რომელთაც „მრგვალი მაგიდის“ მსგავსად გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა; რათა საერთო ძალით დაემარცხებინათ კომუნისტური რეჟიმი და ქვეყანისათვის აეცილებინათ ძალზე მნიშვნელოვანი საფრთხეები (ერთხელ „მრგვალი მაგიდის“ შექმნისას, მეორეჯერ ბლოკ „თავისუფლებასთან“ გაერთიანების მცდელობის დროს), მაგრამ უშედეგოდ (მას არ სურდა რისკის გაწევა. ოპოზიციის გაერთიანება არჩევნებში გამარჯვების მყარ გარანტიას იძლეოდა).

 

ამ დრამატულად რთულ ვითარებაში ზ. გამსახურდიამ, როგორც ჩანს, სრულად გაისიგრძეგანა საკუთარი ამოცანა. აშკარა გახდა, რომ დასახული მიზნის შესრულება შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი მეთაურობით. ისიც ცხადი შეიქნა, რომ საჭიროა მაქსიმალური ლეგიტიმაცია. მას გააჩნდა ამგვარი ლეგიტიმაცია, როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერს და საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალწლიან დაუღალავ მებრძოლს. ეს აუცილებელი იყო, მაგრამ არა საკმარისი. საჭირო გახდა მაქსიმალური ოფიციალური ლეგიტიმაციაც: არჩევნების მოგება, შემდგომ რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის გამოცხადება, პრეზიდენტობა. ამგვარ ძალმოსილებათა გარეშე დასახულ ზეამოცანათა შესრულება გაჭირდებოდა. ეს ცხადია, იმასაც ნიშნავდა, რომ სწორედ ზ. გამსახურდია გახდებოდა მოწინააღმდეგეთა მთავარი სამიზნე. მაგრამ ამაზე ფიქრის დრო მას, სავარაუდოდ, აღარ ჰქონდა. ბრძოლაშიც ისინი გაიყვანა, ვინც გაჰყვა და მისი საქმის ძალა და სამართლიანობა იწამა. სავარაუდოდ ამიტომ ვერ შეელია უზენაეს საბჭოს, როცა მას ურჩიეს 1991 წლის სექტემბერში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა (თუმცა თავდაპირველად თავადაც დაჰყვა ამ წინადადებას). ამ პარლამენტში ხომ ხმების გადამწყვეტი უმრავლესობა ჰქონდა. თანაც არჩევნების პროცესი და პროცედურები გულისხმობს დროის დაკარგვას, საკანონმდებლო აქტივობის შემცირებას. დრო კი არც მას და არც ქვეყანას არ დარჩა. აქვე უნდა ვეძიოთ იმ უცნაური ვითარების გასაღებიც, როცა უკვე პრეზიდენტი და ქვეყნის აღიარებული ლიდერი მიტინგებს ატარებდა და თან ამტკიცებდა ეროვნული მოძრაობის არაფორმალური ლიდერიც მე ვარო. მას ლეგიტიმაციის ეს ფორმაც არ ეთმობოდა და ვფიქრობთ, სავსებით სამართლიანად. არ არის შემთხვევითი, რომ ზ. გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ ამ მხრიდან დაიწყო. მან ლეგიტიმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმაც გამოიყენა, დამოუკიდებლობის აქტში 1921 წლის კონსტიტუციაზე მითითებით პირდაპირი გზა მოძებნა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ აქტთან და საკუთარი საქმე მათ დაუკავშირა. ზ. გამსახურდიას რასაკვირველია ჰქონდა შეცდომები და არც თუ ცოტა, თუმცა არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ მთავარი ამოცანა მან საკუთარი სიცოცხლის ფასად შეასრულა.

ნიშანდობლივია ერთი ფაქტი: საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური ძალებიდან (რომლებიც ეროვნული მოძრაობის წიაღიდან გამოვიდნენ), მხოლოდ „მრგვალი მაგიდის“ წინასაარჩევნო პროგრამაში იყო პირდაპირი და ნათელი მითითება საბჭოთა კავშირიდან უმოკლეს დროში გასვლის თაობაზე. ყველა სხვა პოლიტიკური ძალა თუ საარჩევნო ბლოკი მიიჩნევდა, რომ დამოუკიდებლობამდე გრძელი გზაა გასავლელი. აქ აშკარად ჩანდა ლოზუნგის „ჯერ დემოკრატია, შემდეგ დამოუკიდებლობა“ გავლენა. ისიც ცხადი იყო, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ ჰქონდათ კარგად გააზრებული შექმნილი ვითარების ღრმა დრამატიზმი. ისინი, ცხადია დამოუკიდებლობის მომხრენი იყვნენ. თუმცა პროცესის ხანგრძლივობა და საჭირო ნაბიჯების გადადგმის თანმიმდევრობა (რაც შეადგენს კიდეც საკუთრივ პოლიტიკურ პროცესს), განსხვავებულად წარმოედგინათ. მაღალი ალბათობით შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, რომ სწორედ დამოუკიდებლობის გამოცხადების სასწრაფო საჭიროება აღმოჩნდა ის უმნიშვნელოვანესი არგუმენტი, რამაც დიდწილად განსაზღვრა კიდეც საქართველოს უზენაესი საბჭოს პოლიტიკური და ბლოკური სტრუქტურა. რასაკვირველია, არ შეიძება თავად ზ. გამსახურდიას ფაქტორის შეუფასებლობა, მაგრამ მთავარი მაინც დამოუკიდებლობისაკენ საყოველთაო სწრაფვა იყო. ამ ისტორიულ მომენტში მოხდა ზ. გამსახურდიას სახელის მკვიდრი დაკავშირება საქართველოს დამოუკიდებლობასთან. შედეგებიც შესაბამისი დადგა.

 

ამრიგად, „მრგვალი მაგიდა“ დამოუკიდებლად შეუდგა საარჩევნო კამპანიას და მოხდა ის, რასაც არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არავინ ელოდა – 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში „მრგვალმა მაგიდამ“ გაიმარჯვა და აბსოლუტური უმრავლესობით დააკომპლექტა პარლამენტი. საპარლამენტო არჩევნებში წარმატებული მონაწილეობით შეიქმნა მყარი წინაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად, ეს შესაძლებლობა ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა მეთაურმა სრულად გამოიყენეს. როგორც ითქვა, ქვეყნის ბედის განსაზღვრაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ამომრჩევლის განწყობამ. სწორედ მან მისცა „მრგვალ მაგიდას“ შესაძლებლობა ძირითადად განეხორციელებინა საკუთარი გეგმა.

 

1990 წლის დეკემბერში უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით გააუქმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა და გამოაცხადა საბჭოთა კავშირიდან გასვლის პროცესის დაწყება (გარდამავალი პერიოდი). მან უარი თქვა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების თაობაზე 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმში მონაწილეობაზე და პარალელურად აღმასრულებელ ხელისუფლებას დაავალა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მომზადება. 1990 წლის 24-27 დეკემბერს გამართულ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების IV ყრილობაზე გამოვიდა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ა. ასათიანი. მან საჯაროდ და ნათლად განაცხადა, რომ საქართველო არასოდეს მოაწერდა ხელს განახლებულ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. საქართველოს ეროვნული ხელისუფლება, რომელსაც ზ. გამსახურდია ედგა სათავეში უკანასკნელ მომენტამდე იცავდა თავის ამ გადაწყვეტილებას.

 

ამდენად საქართველოს პარლამენტმა სრულად გამოიყენა შექმნილი შესაძლებლობების ფანჯარა დამოუკიდებლობის მისაღწევად. როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენეს, ეს დროებითი ფანჯარა მოიცავდა 1990-91 წლებს. ამ პერიოდის შემდეგ ამგვარი ამოცანის შესრულება მაღალი ალბათობით, შეუძლებელი იქნებოდა.

 

მალტის პაქტის დასასრული

 

საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის დეკემბრის დადგენილება სსრკ-დან გასვლის თაობაზე, 1991 წლის 31 მარტის სახელმწიფო დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი წარმოადგენდნენ პირველი სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებმაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადეს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება და ბზარი გაუჩინეს მალტის პაქტს. შემდეგ იყო ელცინის არჩევა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად (1991 წლის 12 ივნისი), ГКЧП ბუნტი (1991 წლის 19 აგვისტო) და ბოლოს უკრაინის რეფერენდუმი (1991 წლის 1 დეკემბერი), რომლებმაც საბოლოოდ დაშალეს საბჭოთა კავშირი და წირვა გამოუყვანეს მალტის შეთანხმებას. თუმცა, პირველი სამართლებრივი აქტები, საიდანაც დაიწყო სსრკ-სა და მალტის პაქტის რღვევა სწორედ საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ კი არ გახადა შესაძლებელი საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ დაუდო საფუძველი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს და პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა მალტის პაქტს.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ვაშინგტონს უპასუხოდ არ დაუტოვებია. მთელი 1991 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს მიმართ რუსული დეზინფორმაციების უპრეცედენტო ენერგიული ტირაჟირება დასავლეთის მას-მედიაში. მისი გამოხატულება იყო პრეზიდენტ ბუშის რეპლიკა „გამსახურდია აღმა მიცურავსო“. გამსახურდია მოინათლა სისხლიან ტირანად. გამაოგნებელი იყო ამერიკის იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სიტყვა პრინსტონის უნივერსიტეტში 1991 წლის 12 დეკემბერს (მიაქციეთ ყურადღება თარიღს): „ზვიად გამსახურდიას მაგალითი აჩვენებს, რომ კომუნიზმის შემდგომ შეიძლება სხვა ავტორიტარული რეჟიმი მოვიდეს… თვალსაწიერ მომავალში დასავლეთი არ აპირებს დაეხმაროს საქართველოს“. მოკლედ, ვაშინგტონმა ზვიად გამსახურდიას არ აპატია უპრეცედენტო თავხედობა – მიღწეული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა. (და მაინც, იყო საპირისპირო ტენდენციაც. ამერიკის შეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტი რ. ნიქსონი არაოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. იგი შესამჩნევი სიმპათიით განიმსჭვალა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ხალხისა და მისი ხელისუფლების მიმართ, თავისი ეს პოზიცია ნიქსონმა ოფიციალურად გამოთქვა ამერიკაში დაბრუნების შემდეგ).

 

საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისა და პირადად ზ. გამსახურდიას მიმართ დამოკიდებულება შეერთებულ შტატებს ფაქტობრივად დღემდე არ შეუცვლია. გამოცხადებულია სიჩუმის ბლოკადა. მხოლოდ ჯორჯ ბუშ-უმცროსმა 2005 წლის საქართველოში ვიზიტის დროს ახსენა დადებით კონტექსტში ზვიად გამსახურდია. ეს არის და ეს.

 

როგორც ვხედავთ, საბჭოთა და რუსულმა იმპერიალიზმმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ისტორიის ამ მონაკვეთზე ამერიკის შეერთებული შტატების სახით საიმედო მოკავშირე იპოვა. ძალზე დამახასიათებელია დღევანდელი რუსეთის მმართველი წრეების დამოკიდებულება ზ. გამსახურდიას პოლიტიკურ კურსთან. ამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვ. პუტინი დღესაც დარწმუნებულია, რომ შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ წამოიწყო.

 

გასაგებია თუ რა წინააღმდეგობის დაძლევა გახდა საჭირო საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. მოსკოვისა და ვაშინგტონის გარიგება ჩვენ დავძლიეთ მაგრამ ძალიან ძვირად დაგვიჯდა ეს. ისტორია ყურადღებით უნდა გავაანალიზოთ. გამორიცხული არაა, რომ უკრაინის კონფლიქტის ჩამთავრებისას დიდი მოთამაშენი კვლავ გარიგდნენ ერთმანეთში და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

 

კავკასიური პოლიტიკა

 

მალტის შეთანხმების შედეგად შექმნილი მსოფლიო წესრიგი დამოუკიდებელ საქართველოს გასაქანს არ აძლევდა და ეროვნული ინტერესების შესაბამისი საერთაშორისო პოლიტიკის გატარებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა. ეს ხელშეკრულება პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

 

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კავკასიური პოლიტიკის გატარებაში მოიძებნა. კავკასიას ზ. გამსახურდიას პოლიტიკურ კონცეფციაში მუდამ მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა. მალტის პაქტის შემდეგ სრულიად აშკარა გახდა კავკასიის განსაკუთრებული როლი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ამ თეზისის შებრუნებაც მართებული იქნება. გამსახურდიასდროინდელმა საქართველომ განსაკუთრებული როლი ითამაშა კავკასიის განთავისუფლებისათვის გამართულ შეურიგებელ დაპირისპირებაში. ეს არც შემთხვევითია და არც მოულოდნელი. ამ საკითხის განხილვა შორს წაგვიყვანს. მას ღრმა და ძლიერი ისტორიული ფესვები აქვს. ისტორიის იმ ეტაპზე გამსახურდია-დუდაევის ტანდემმა ძალზე სერიოზული დარტყმა მიაყენა საბჭოთა იმპერიას, მისი დაშლის შემდეგ კი რუსეთის ამბიციებს კავკასიაში.

 

საქართველოს ეროვნული ხელისუფლების კავკასიური პოლიტიკის მოუცილებელი და ორგანული ელემენტი იყო შეთანხმება აფხაზეთის ხელისუფლებასთან. როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურეს ეს იყო არამხოლოდ საუკეთესო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, არამედ ღრმად გააზრებული სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც უზრუნველჰყოფდა ეროვნულ თანხმობას საქართველოს სახელმწიფოში და მშვიდობას კავკასიაში.

 

კავკასიური პოლიტიკის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ აგრეთვე ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ გაუქმებაც.

 

ვიმეორებთ, ზ. გამსახურდიას ხელისუფლების კავკასიური პოლიტიკა სერიოზულ განხილვას მოითხოვს. ეს ცალკე საკითხია და საკმაოდ რთული ამოცანაა. სურათის სისრულისათვის ჩვენ ამჯერად მხოლოდ მოვნიშნეთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი პუნქტი.

 

დასკვნები

 

  • საქართველო მხოლოდ იმიტომ გახდა დამოუკიდებელი, რომ ქვეყნის ხალხი და მისი ლიდერი არ შეეპუენ გოლიათების წინააღმდეგობას და ეფექტურად გამოიყენა ქვეყნის წინაშე გაღებული შესაძლებლობის ფანჯარა. მართლაც, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უპირობოდ უჭერდა მხარს ზ. გამსახურდიას პოლიტიკას. გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ფანატიზმის ელემენტი ამ მხარდაჭერაში ნაკლებად იყო. ვითარება უფრო მარტივი ჩანდა. ხალხი მხარს უჭერდა ხელისუფლებას, რომელიც მისი თავისუფლებისათვის იბრძოდა და რასაც ამ ადამიანებმა სრულიად გაცნობიერებულად მისცეს ხმა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე;

 

  • საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად კი არ გახდა საქართველო დამოუკიდებელი, როგორც მრავალს სურს წარმოაჩინოს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაა გახდა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი  საბჭოთა კავშირის დაშლისა და მალტის პაქტის გაუქმებისა;

 

  • ჩვენთვის კავკასიური პოლიტიკა იყო Pax maltica-დან თავის დაღწევის ერთადერთი შესაძლებლობა;

 

  • საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა გაატაროს მხოლოდ ეროვნული ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკა. დიდ სახელმწიფოთა ან სახელმწიფოთა ჯგუფის ინტერესების უგულებელყოფა დაუშვებელია, მაგრამ ყოველთვის უნდა მოვახერხოთ ეროვნული ინტერესების დაცვა;

 

  • უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველ ერი ობოლი ერია. მას არა ჰყავს არც ნათესავი და არც მუდმივი მეგობარი (ფორმალური სტრატეგიული მოკავშირეობა დროებითი მოვლენაა). სიტუაციურად მას შეიძლება მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდეს, მაგრამ კონიუნქტურა შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს. საერთაშორისო ურთიერთობებიც ამ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა წარვმართოთ;