1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სუვერენიტეტი და არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია, არ სტკივა და იმიტომ!”-სოზარ სუბარი
“არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სუვერენიტეტი და არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია, არ სტკივა და იმიტომ!”-სოზარ სუბარი

“არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სუვერენიტეტი და არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია, არ სტკივა და იმიტომ!”-სოზარ სუბარი

525
0

არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტი და არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს სალომე ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია. არ სტკივა და იმიტომ! – იმიტომ, რომ ეს არ არის მისი ქვეყანა, ეს არ არის მისი სამშობლო, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან არ აჟღერებს საკითხებს, რომლებიც ყველაზე მტკივნეულია ქვეყნისთვის და ლაპარაკობს იმაზე, რაც „მის დამკვეთებს, პატრონებს სჭირდებათ“.

„ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ“, „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა“, „სრულად აღვადგინოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, „საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ“. ეს სიტყვები დაახლოებით ერთი თვის წინ ითქვა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე და ეს სიტყვები ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნდა. არცერთი ამ სიტყვათაგანი, არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტი და არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს არ მოგვისმენია სალომე ზურაბიშვილისგან. არ სტკივა და იმიტომ! იმიტომ, რომ ეს არ არის მისი ქვეყანა, ეს არ არის მისი სამშობლო, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს და როდესაც ადამიანი ასეთი არჩევანის წინაშე დგება, ის სამწუხაროდ ერთ-ერთს ირჩევს და მან ეს არჩევანი გააკეთა. გააკეთა ეს არჩევანი მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არჩევანი გააკეთა მაშინ, როდესაც მისი ორივე შვილი სრულიად მოულოდნელად დააწინაურეს და მაღალ თანამდებობებზე გადაიყვანეს იქ, სადაც არავინ არ ელოდა და არავითარი დამსახურება იქ არ უძღოდათ. დღეს, როდესაც ის ლაპარაკობს ელიტურ კორუფციაზე, კორუფცია ამას ჰქვია და სხვას არაფერს. როდესაც ის ამ ტრიბუნიდან არ აჟღერებს საკითხებს, რომლებიც ყველაზე მტკივნეულია ქვეყნისთვის და ლაპარაკობს იმაზე, რაც მის დამკვეთებს, პატრონებს სჭირდებათ, აი, ეგ არის ქვეყნის ინტერესების არ მსახურება და ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, როდესაც ის არ ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, რომელიც საქართველოს აქვს ომში ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც მან აღნიშნა, მათ შეცდომა დაუშვეს, როდესაც ქართველ ხალხს უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება გამაერთიანებელი ქვეყნის, „ჩვენი დღევანდელობის და ქვეყნის იმ წარსულის, რომელიც ევროპაში ერთი საუკუნის წინ გაიქცა“.

„კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, როდესაც საქართველოდან სპეციალური თვითმფრინავით ჯარისკაცების, მოხალისეების გაგზავნაზე ლაპარაკი იყო. მოხალისეების გაგზავნა პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართვას და ერთი წუთით არ უთქვამს, რომ ეს საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა გაეკეთებინა, პირიქით, იმათ წისქვილზე ასხამდა წყალს, ვინც ამბობდა, რომ საქართველომ უნდა გაგზავნოს ჯარისკაცები. იგივე მისი მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით. ეს აბსოლუტურად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. რატომ? – იმიტომ, რომ მას ეს ქვეყანა არ სტკივა. როგორც მან თქვა ერთხელ, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქართველი ხალხი, რომელსაც ის ვითომ წარმოადგენს, მაგრამ ვის წარმოადგენს სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ძალიან კარგად ვიცით, როგორ გაიმარჯვა მან და ძალიან კარგად ვიცით, მისი პოლიტიკური წონა, რომელიც ძალიან კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც ის დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს და ეს იყო მაშინ, როცა მისი პოპულარობა პიკში იყო. როდესაც „ქაჯები მიდიან-მოდიან“ რაღაც ფრაზები, რომ ისროლა და უცებ რომ ეგონა, რომ მთელი საქართველო მის გვერდით იდგა, მაშინ ის 2%-ს ვერ გასცდა. მთელს საქართველოში ვერცერთ საკრებულოში ერთი წევრი ვერ გაიყვანა. ეს არის მისი პოლიტიკური წონა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეცდომა დავუშვით, ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს ადამიანი იქნება გამაერთიანებელი ქვეყნის ჩვენი დღევანდელობის და ქვეყნის იმ წარსულის, რომელიც ევროპაში გაიქცა ერთი საუკუნის წინ. გაიქცნენ, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენს წინაპრებს ეს სამშობლო არ დაუტოვებიათ. ჩვენი წინაპრები აქ დარჩნენ, ბევრი მათგანი დაიხვრიტა, ბევრი მათგანი გაციმბირდა, ბევრმა მათგანმა იბრძოლა ქვეყნისთვის და ქართული კულტურა შექმნეს. ივანე ჯავახიშვილი იყო, რომელიც კათედრაზე გარდაიცვალა, როცა ლექციას კითხულობდა. გალაკტიონ ტაბიძე იყო, რომლის მეუღლე გადაასახლეს და ამ ადამიანებმა იბრძოლეს და ამ ადამიანებმა საქართველო შეინარჩუნეს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ემიგრაციასაც, რომელიც უცხოეთში წავიდა, მაგრამ მე ვერ მივიღებ სიტყვა დეფიტიზმს ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით, დეფიტიზმის ხსენებას სალომე ზურაბიშვილისგან, იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში, გერმანიაში და სხვაგან.

30 კილომეტრში არის სამხედრო ბაზა ახალგორთან, ბევრად უფრო ახლოს არის და ბევრად უფრო საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ის ბაზა, რომელიც შეიძლება მომავალში აშენდეს ან არ აშენდეს. ახალგორზე რა ვთქვათ იქნებ ამაზეც გვითხრათ ორი სიტყვა, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, როგორ დაველაპარაკოთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს, როგორ წარმოუდგენია მათთან ლაპარაკის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამაზე მას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. ლაპარაკობს სამაგიეროდ იმაზე, რომ თურმე 19 აპრილის შეთანხმება დარღვეული იყო“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.