ტრამპი ნამდვილად უჭერდა მხარს აჯანყებას, ამაზე არცერთი კითხვა არ არსებობს -ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში.
აღნიშნული კომენტარით ბაიდენი გამოეხმაურა კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
„მე-14 შესწორება ვრცელდება თუ არა, ჩვენ სასამართლოს მივცემთ უფლებას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ტრამპი ნამდვილად უჭერდა მხარს აჯანყებას, ამაზე კითხვა არ არსებობს. არცერთი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
როგორც გამოცემა „ჰილი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უარი განუცხადა საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ეპასუხა კითხვაზე – უნდა მოიხსნას თუ არა ტრამპი საპრეზიდენტო კენჭისყრიდან.
ამასთან, კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა თავად დონალდ ტრამპმა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „დიქტატურის დასაწყისია“. მისივე თქმით, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე დემოკრატების მიერ იყო დანიშნული და ის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს.