„სცენარი: რა იქნება, თუ უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს?” – რას წერს „ბლუმბერგი“
ცნობილი ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ (Bloomberg) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სცენარი: რა იქნება, თუ უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს? აშშ და მისი მოკავშირეები შიშობენ, ვაითუ დახმარების გარეშე უკრაინა დამარცხდეს“ (ავტორები – ნატალია დროზდიაკი, პიტერ მარტინი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების საკითხში ჩიხური სიტუაციის წარმოქმნის გამო, აშშ და მისი მოკავშირეები იძულებულნი არიან იფიქრონ იმაზე, რაზედაც არ სურდათ ფქირი რუსეთის არმიის შეჭრის პირველი დღეებიდანვე – რა იქნება, თუ პუტინის რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს? უკრაინისთვის პოტენციურად კატასტროფული შედეგების გარდა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა დაიწყო „მშვიდი განხილვა“ იმისა, თუ რა მოჰყვება დასავლეთის (ჩათვალე: ნატოს) ინტერესების მარცხს ევროპაში მიმდინარე უდიდეს კონფლიქტში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
კომპეტენტური ექსპერტების თქმით, რომლებიც „საკითხის განხილვის“ საქმის კურსში არიან, რუსეთის [სავარაუდო] გამარჯვებით გამოწვეული ტალღისებური შედეგები მთელ მსოფლიოში გავლენას მოახდენს, განსაკუთრებით კი ეჭვქვეშ დააყენებს აშშ-ის დაპირებების საიმედოობას. ბალტიისპირა ქვეყნებში ჩინოვნიკები უკვე მოუწოდებენ საზოგადოებას მზად იყვნენ შემდეგი ომისთვის, თუ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს. დისკუსია საკითხიდან – რა იქნება, თუ რუსეთი მათაც თავს დაესხმება – გადაიზარდა კონკრეტული მზადყოფნის განხილვაში იმ შემთხვევისათვის, რომელიც ბოლო დრომდე წარმოუდგენელი იყო. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საჯარო დაპირებების მიუხედავად, რომ ვაშინგტონი ყოფილ საბჭოთა პატარა რესპუბლიკებს რუსეთისაგან დაიცავს, მოსალოდნელი საფრთხის მიმართ ეჭვები და შიშები მატულობს.
უარესი, ვიდრე ავღანეთის შემდეგ
ზემოთხსენებული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის გამარჯვების შედეგები უფრო ღრმა და ნეგატიური იქნება, ვიდრე ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების წარუმატებელი გამოყვანისა 2021 წელს. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს [რომელსაც განზრახული აქვს აშშ-ის გამოყვანა მსხვილი სამხედრო ალიანსებიდან (ნატოს ჩათვლით) და ვლადიმერ პუტინთან გარიგების დადება უკრაინასთან მიმართებით], მაშინ ვითარება მართლაც უპრეცედენტო იქნება.
ერთ-ერთი წყარო დარწმუნებულია, რომ რუსეთის გამარჯვება ლტოლვილების დიდი ნაკადის პროვოცირებას მოახდენს, რომლებიც გეზს ევროკავშირის ქვეყნებისაკენ აიღებენ. ბუნებრივია, დამატებით ასი ათასობით უკრაინელი ლტოლვილის მიღებით ევროკავშირის სოციალური სამსახურები არასასურველ და ზედმეტ დატვირთვას მიიღებენ, რაც, თავის მხრივ, წევრ ქვეყნებს შორის დაძაბულობას გაამწვავებს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები შეიძლება პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ, რაც ასევე მადესტაბილიზებელი ფაქტორია ევროკავშირისათვის, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. კიდევ ერთი მომენტი: რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში კრემლის არმია უშუალოდ აღმოჩნდება პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და რუმინეთის საზღვრებთან, შავი ზღვის ჩრდილოეთ აკვატორიაში კი კვლავ რუსეთის სამხედრო ფლოტი გაბატონდება.
ჯო ბაიდენმა რიტორიკა შეცვალა
მზარდი საფრთხის გრძნობა თანდათანობით ლიდერების საჯარო განცხადებებშიც შეიმჩნევა, რომლებიც სულ უფრო მკვეთრ ტონს იძენენ. უკრაინის მოკავშირეები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც უალტერნატივოდ ჟღერს: „უკრაინას აშშ და ევროკავშირი თუ არ დაეხმარება, მაშინ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს და უარეს დღეში აღმოვჩნდებით“, – აცხადებდა ირლანდიის პრეზმიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი გასულ კვირას, ევროკავშირის სამიტზე, როცა ვერ გადაწყდა უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი (უნგრეთის ვეტოს გამო).
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ კვირას უკრაინას დახმარებას იმდენ ხანს დაპირდა, „რამდენსაც დასავლეთი შეძლებდა“, რაც რიტორიკულ უკანდახევად შეიძლება ჩაითვალოს მისი წინა დაპირებებიდან – „დაგეხმარებით იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება“. პრეზიდენტის თვალსაზრისის ასეთ ტრანსფორმაციას, ალბათ, კონგრესში რესპუბლიკელთა ხისტი პოზიცია განაპირობებს: ამას წინათ ჯერ წამომადგენელთა პალატაში და შემდეგ სენატში, ვერ მოხერხდა კანონპროექტის მიღება უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.
კიევი იძულებული გახდება მოსკოვს დაეთანხმოს…
მზარდ საზოგადოებრივ სკეპტიციზმს თუ უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობასაც დავუმატებთ, მთელი სიმწვავით დგება საკითხი – რეალურია თუ არა უკრაინის საჯაროდ გაცხადებული მიზანი – რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება? ატლანტიკის ორივე ნაპირზე მატულობს უკრაინის მხარდამჭერთა შეშფოთება იმის გამო, რომ კიევმა შეიძლება დამატებითი ტერიტორიები დაკარგოს, თვით სუვერენიტეტის ჩათვლით.
ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, თუ უკრაინა იარაღს ვერ მიიღებს, რუსეთი, ალბათ, მართლაც შეეცდება ქვეყნის ინფრასტრუქტურის მთლიან დანგრევას. კიევი იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და უსიტყვოდ ხელი მოაწეროს კრემლის მიერ წაყენებულ პირობებს.