“ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა” -პრეზიდენტი
ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციისთვის მადლობას უხდის.
„ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან“, – წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.