1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,სტრატეგიული არჩევანი”- გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძე
,,სტრატეგიული არჩევანი”- გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძე

,,სტრატეგიული არჩევანი”- გურამ სანადირაძე, ნიკოლოზ სანებლიძე

476
0

 

სტრატეგიული არჩევანი  – წერილი 1

 

ჩინეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ზოგი თვლის, რომ ამგვარი მოკავშირეობა პრორუსული პოლიტიკის გაგრძელებაა. ზოგიც თანხმდება, რომ ეს არ არის პრორუსული ნაბიჯი, მეტიც, ანტირუსულიცაა, ოღონდ, რაც მთავარია, იმავდროულად ანტიდასავლურია, ვინაიდან დასავლეთისაკენ მიმავალ გზას გვიკეტავს. მრავალი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური რისკები არ არის გათვლილი, და ეს  მომავალში სერიოზულ სირთულეებს გვიქადის. ამავე დროს, თითქმის ყველა კრიტიკოსი თანხმდება, რომ სტრატეგიულ მოკავშირედ ჩინეთის არჩევით, ჩვენც ავტორიტარიზმისკენ გადავდგით ნაბიჯი (თუმცა, როგორც ცნობილია, ჩინეთი პრინციპში ინდიფერენტულია პარტნიორი ქვეყნების შიდა მოწყობის მიმართ)  .

 

ვფიქრობთ, მოკავშირეობის ზემოხსენებულ დოკუმენტთან შედარებით, მთელ ამ კრიტიკულ არგუმენტებს რეალური წონა ნაკლებად აქვთ. ვინაიდან, სტრატეგიული შეთანხმება თავისთავად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის და იმდენ გლობალურ აქტორთა ინტერესებს ეხება, რომ კრიტიკოსებისაგან უფრო ღრმა და მრავალწახნაგოვან მიდგომას მოითხოვს.

 

სტრატეგიული არჩევანის შესაძლებლობა და უნარი

 

კავკასია სტრატეგიული თვალსაზრისით ძალზე თავისებური და პოლიფუნქციური რეგიონია. თუ ავიღებთ ისეთ პარამეტრს, როგორიც არის გეოპოლიტიკური არჩევანის შესაძლებლობა დავინახავთ, რომ კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს შორის რეალური ალტერნატივა მხოლოდ საქართველოს აქვს. სომხეთის რესპუბლიკა სულ ბოლო ხანს ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა აიძულა გააფართოვოს სტრატეგიული ჰორიზონტი და იგი ჩრდილოეთიდან (რუსეთი) დასავლეთისკენ მიმართოს. ეს ძალზედ რთული პროცესია და არავინ უწყის თუ როგორ დასრულდება იგი. აზერბაიჯანი ცალსახად თურქეთზე არის ორიენტირებული (ფორმულით: ერთი ხალხი, ორი ქვეყანა). საქართველოს კი რეალური სტრატეგიული არჩევანის საშუალება აქვს. ამას გეოგრაფიული, ისტორიული და  მრავალი სხვა სახის ფაქტორი განაპირობებს.

 

რასაკვირველია, ამ საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი და შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში გადამწყვეტი არგუმენტი უნდა იყოს დასავლური ვექტორის სასარგებლოდ. თუმცა ეს ხელს არ უშლის ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდ ნაწილს ხელისუფლებას ბრალი დასდოს ძირეულად პრორუსული პოლიტიკის გატარებაში. ამგვარი განწყობის მქონე გავლენიანი ძალები საკმარისად მოიპოვებიან დასავლეთშიც. ეს მდგომარეობა მინიმუმ ათი წლის მანძილზე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების მიდგომაში ძალზე მოჭარბებულია სუბიექტივიზმი და რთული ვითარების არაადექვატური გამარტივების სურვილი. მაინც აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შემოიტანა ახალი სტრატეგიული ელემენტები და ქართული პოლიტიკის ბაზისურ სტრუქტურაში მათ დამკვიდრებას მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობს.

 

ეს მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ მრავალ ფაქტორთა გამო (რომელთა შორის გადამწყვეტი სწორედ გეოპოლიტიკური არჩევანის რეალურობა გახლავთ), საქართველოს მთავრობას შეუძლია ამგვარი გაფართოება მოახდინოს. ეს მრავალ წინააღმდეგობასა და საფრთხესთან არის დაკავშირებული. ძალზე იოლია, რომ „გაფართოება“ „შევიწროებად’ იქცეს (თანაც ეს დროში ძალზე სწრაფად მოხდეს). არც გეორგიევსკის ტრაქტატის დავიწყება შეიძლება. ეს უკანასკნელი სწორედ ამგვარი გაფართოების მცდელობა იყო. ამიტომ საჭიროა სწორად დავინახოთ ფაქტები, ტენდენციები და პერსპექტივები. თანაც უეჭველია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულება სწორედ ამ რიგის მოვლენებს განეკუთვნება.

 

კავკასიის გზაჯვარედინი

 

ჩვენი ქვეყნის, მისი შავი ზღვის ნაპირისადმი ინტერესი ჭეშმარიტად ძალზე დიდია. ევრაზიის კონტინენტზე კავკასია უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინს წარმოადგენს. აქ იკვეთება აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო მაგისტრალები. კავკასიურ გზაგასაყარში საქართველოს წილზე ამჟამად მოდის ორი კარიბჭე (ჩრდილოეთით – დარიალის და როკის, დასავლეთით კი შავი ზღვის ნაპირი) და ცენტრი (თბილისი კავკასიის ცენტრია). განსაკუთრებით ღირებულია შავი ზღვის სანაპირო, რომლის მეშვეობითაც კავკასია და შუა აზია ევროპას უკავშირდება.

 

გასაგებია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკვანძო პუნქტს თავის ნებაზე არავინ მიუშვებდა. მას უმეტესად აღზევებული ზესახელმწიფოები აკონტროლებდნენ (რომი, ხალიფატი, მონღოლები, ოსმალეთი, რუსეთი). ეს ქვეყნები, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, სარგებლობდნენ გზაჯვარედინით. თანაც ხშირად სულაც აჩერებდნენ მის საერთაშორისო ფუნქციონირებას. შესაბამისად, იცვლებოდა ამ უკანასკნელის გეოსტრატეგიული ფასიც. სანამ შავი ზღვა ფაქტიურად ოსმალეთის შიდა ტბას წარმოადგენდა, კავკასიის გზაგასაყარის გეოსტრატეგიული ღირებულება თითქმის განულებული იყო. ვითარება არ შეცვლილა რუსეთის იმპერიის (რომანოვების თუ ბოლშევიკების), ბატონობის დროსაც.

 

ამდენად, კავკასიის გზაჯვარედინის სრულყოფილი ამოქმედება დამოკიდებულია:

 

  • ნებისმიერი გავლენისაგან თავდახსნაზე (რაც მეტად რთული მისაღწევია);

 

  • კავკასიაში გავლენის მქონე ზესახელმწიფოთა ინტერესების დაბალანსებაზე (ეს უფრო რეალური ჩანს).

 

როგორც ისტორია გვიჩვენებს, ერთი ზესახელმწიფოს გავლენის ქვეშ ყოფნა მაქსიმალურად კვეცავს გზაჯვარედინის გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ და სხვა პერსპექტივას. შესაბამისად კავკასიის სახელმწიფოებსაც პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებს. ამგვარი ვითარების  თვალსაჩინო მაგალითს გვიჩვენებს დამოუკიდებელი სახელმწიფო პანამა, რომლის ტერიტორიაზეც გადის მსოფლიო მნიშვნელობის არხი, და იგი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის (?!).

 

ახალი აქტორები და ახალი საფრთხეები

 

როგორც ზემოთ ითქვა, დაბალანსების სტრატეგია თავის სირთულეებს და საფრთხეებს შეიცავს. ასეა ამჯერადაც. ახალი აქტორების გამოჩენა არცთუ იშვიათად დაკავშირებულია სხვათა გავლენის შესუსტებასთან. თანაც, ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება მოითხოვს სწრაფ ადაპტაციას და გადაწყობას, რაც იოლი სულაც არ არის. ჩნდება ახალი ამოცანები და წინააღმდეგობანი.

 

ამგვარი სახეცვლილების მაგალითად შეიძლება გამოდგეს ანაკლიის (თუ ლაზიკის) საზღვაო პორტის საკითხი. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ყველასათვის ნათელია, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის პირობებში. ჩვენი ქვეყნისათვის შავ ზღვაზე დამატებითი პორტის საჭიროება აშკარაა და ნავსადგური უნდა აშენდეს. რამდენიმე წლის წინ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კიდეც. პროექტის რეალიზაციას უნდა მოჰყოლოდა დასავლეთის (უპირატესად ამერიკის შეერთებული შტატების) გავლენის გაძლიერება საქართველოსა და კავკასიაში. სხვადასხვა გარემოებათა გამო მისი რეალიზაცია შეჩერდა (მიზეზების გამოწვილვითი განხილვა შორს წაგვიყვანდა). როგორც ვთქვით, სადღეისოდ ამგვარი მშენებლობა კვლავაც დგას დღის წესრიგში და კიდევ უფრო მწვავედ. თუმცა, ამჯერად უცხოელ პარტნიორებად, დიდი ალბათობით ჩინეთი და საუდის არაბეთი მოგვევლინებიან. ასეთ შემთხვევაში კი სულ სხვა სტრატეგიულ მოცემულობას მივიღებთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ოჩამჩირის ტერიტორიაზე მოაწყოს სამხედრო ბაზა, ნათელი გახდება ამ ცვლილების სტრატეგიული არსი. ზემითქმული  კი ნიშნავს, რომ თავის დროზე დაინტერესებულმა ძალებმა (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ), არ გამოიჩინეს საჭირო ძალისხმევა. ვითარება კი მოკლე დროში მკვეთრად გამწვავდა. შავი ზღვა შეიარაღებული დაპირისპირების ზონად იქცა. ყარაბაღის კონფლიქტის ტემპერატურაც მომენტალურად იცვლება, რაც დამატებით სიძნელეებს ქმნის.

 

ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას რუსეთის შესახებაც. ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს. ოჩამჩირის აკვატორიაში ბაზის შექმნის შემთხვევაში, აქ ძირითადად მსუბუქი წყალწყვის ხომალდები და დამხმარე ძალები განლაგდებიან. ეს გარემოება აიოლებს ამგვარი ბაზის მოწყობის ტექნიკური ასპექტის მოგვარებას. მოსკოვს ცხადია, შეუძლია დროთა განმავლობაში (ომის დასრულების შემდეგ), ამ ბაზის გადაიარაღება მოახდინოს და შესაბამისად, გააფართოვოს მისი ლოგისტიკური შესაძლებლობები. მაგრამ ჯერჯერობით ეს სურვილია და არა რეალობა, ამ ეტაპზე მაინც ზემოხსენებული ტერიტორიის შერჩევას რუსეთისათვის ის გამართლებაც აქვს, რომ აქ მისი ხომალდები შედარებით უხიფათოდ იქნებიან (მათ დასაბომბად უკრაინას შესაფერისი წვდომის იარაღი ჯერ არ გააჩნია). თუმცა ვითარება შეიძლება შეიცვალოს და ეს საქართველოსთვის კონფლიქტში ჩართვის საფრთხეს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამასთან ძალზედ გაართულებს  ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას.

 

ვფიქრობთ, ზემოთქმულის შემდეგ უფრო ნათელია, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული შესაძლებლობების ხელიდან გაშვება (ეს ეხება როგორც საქართველოში მოქმედ პროდასავლურ ძალებს, ისე საკუთრივ დასავლეთსაც. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციის დიდი ნაწილი დეკლარაციის დონეზე თავს პროდასავლელად მიიჩნევს). ხელისუფლების მიერ მიღებული თავისთავად სწორი გადაწყვეტილება ნავსადგურის აქციების 51% სახელმწიფოს ხელში დატოვების თაობაზე ამ პირობებში საკმარისი არ არის.

 

ახალი სერიოზული საფრთხე გაჩნდა ახლო აღმოსავლეთში. პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ნიუ-დელიში გაჟღერებული ინიციატივა მუმბაი-პირეოსის გზის ამოქმედების თაობაზე, ისრაელსა და ღაზას სექტორში ბოლო მოვლენების განვითარების გამო, სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება. ეს ინიციატივა გულისხმობს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებას, მშვიდობასა და თანამშრომლობას (მაგ. საუდის არაბეთი – ისრაელი), და როგორც ჩანს, სწორედ ამ იმედით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებიდან პალესტინის ავტონომიამ თითქმის 6 მილიარდი დოლარის დახმარება. დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ამ გზაზე მშვიდობიანობის უზრუნველყოფა ძალზე პრობლემატური ჩანს. სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ღაზის სექტორში სადღეისოდ შექმნილი უკიდურესი გამწვავების ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, სწორედ ისრაელ-საუდიტების დაახლოების რადიკალური აღკვეთის მცდელობა იყოს. ის გარემოებაც ძალზე საგულისხმო ჩანს, რომ მუმბაი-პირეოსის გზა გვერდს უვლის ირანს.

 

ეს მოვლენები კიდევ უფრო ცხადად გამოკვეთენ შუა დერეფნის მნიშვნელობას საქართველოსა და  დასავლეთისათვის. სურათის სისრულისათვის უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შუა აზიის ტერიტორიაზე ჩინეთი თანდათან მონოპოლურ მდგომარეობას აღწევს, რასაც ხელი შეუწყო ამერიკის შეერთებული შტატების ევაკუაციამ ავღანეთიდან. რუსეთს კი არ გააჩნია რეალური ბერკეტები ამ არეალში ჩინეთის გავლენის შესაკავებლად.

 

ცოტაოდენი ისტორია

 

XVIII საუკუნის მიწურულს ოსმალეთმა დაკარგა შავ ზღვაზე მონოპოლური მდგომარეობა, კავკასიამ კი რუსეთისათვის თბილი ზღვებისკენ მისაღწევი ტრამპლინის ფუნქცია შეიძინა. ინდოეთის ოკეანეში ჩექმების გარეცხვა ხომ რუსეთის იმპერიის ცისფერი ოცნებაა დღემდე. სწორედ ამ გარემოებამ ითამაშა უპირატესი როლი რუსთა მიერ კავკასიის მიერთებაში (ტოტლებენის ექსპედიცია, გეორგიევსკის ტრაქტატი, ქართული სამეფო-სამთავროების და კავკასიის სახანოების ანექსია, მრავალწლიანი ომი ჩრდილოეთ კავკასიაში).

 

საინტერესოა, რომ ანალოგიური მიზნები ამოძრავებდა მესამე რაიხსაც 1942 წელს, როცა გენერალ-ფელდმარშალ ზიგმუნდ ვილჰელმ ლისტის ჯარები მოადგა კავკასიას (მანამდე ამ სამხედრო მეთაურმა დიდ წარმატებით ჩაატარა ოპერაცია „მარიტა“ საბერძნეთში). კავკასიის დაკავების შემთხვევაში გერმანიის ჯარები უბრძოლველად მიადგებოდნენ ბრიტანეთის გვირგვინის უძვირფასეს ბრილიანტს – ინდოეთს. სხვათა შორის, ელ ალამეინთან გამართულ ბრძოლაში გენერალ-ფელდმარშალ ერვინ რომელს რომ გაემარჯვა, გერმანული ჯარები ეგვიპტიდანაც ასევე უბრძოლველად მიადგებოდა ინდოეთს (არაბულ და ირანულ ელიტაში ნაცისტური გერმანიისადმი სიმპათიები სჭარბობდა. ამის დასტურად ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ანვარ სადათის მემუარებიც კმარა). გერმანელებმა ვერც სამხრეთ კავკასია აიღეს და ელ ალამეინის ბრძოლაშიც დამარცხდნენ. ამას სტალინგრადის კატასტროფაც დაემატა და ინდოეთზე ლაშქრობა ჩაიშალა.

 

თავის დროზე ინგლისმა სცადა ყირიმის ომში რუსეთის მარცხის გამოყენება შუა აზიაში შესაღწევად. ეს უკანასკნელი ამ დროს  „უპატრონოდ“ იყო მიტოვებული. ამ ოპერაციის წარმატებით შესრულება ყველაზე მოხერხებული სწორედ კავკასიიდან იყო. დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ლორდმა პალმერსტონმა (სწორედ მან, ვინც თავი დაგვამახსოვრა ფრაზით: „ბრიტანეთს არა ჰყავს მუდმივი მეგობრები, არამედ გააჩნია მუდმივი ინტერესები“) დაბეჯითებით მოითხოვა, დამარცხებული რუსეთისთვის საბოლოოდ წაერთმიათ შავი ზღვის სანაპირო. ინგლისის ეს განზრახვა განუხორციელებელი გახდა იმ მიზეზით, რომ პარიზის შეთანხმებამ რუსეთს ზემოხსენებული სანაპირო შეუნარჩუნა (თავი იჩინა რუსეთის კანცლერ გორჩაკოვის მოხერხებამ და საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის სიბრიყვემ).

 

კავკასიის ზღვისპირეთში რომ რუსეთის იმპერიის ინტერესების უფრო ეფექტიანი დაცვა იყო საჭირო, ამას ჯერ კიდევ ნიკოლოზ პირველმა მიაქცია ყურადღება. მან გენერალ პასკევიჩს ზღვისპირეთიდან არასანდო მოსახლეობის (ადიღე-ჩერქეზები) გასახლების მიზანშეწონილობაზე მიუთითა. მართლაც, ყირიმის ომის დროს ინგლისი აქტიურად იყენებდა კავკასიის ზღვის ნაპირს (ანაპის პორტი) აჯანყებულ კავკასიელთა დასახმარებლად და იარაღის მიწოდებისთვის. ყირიმის ომის შემდეგ ალექსანდრე მეორემ, გაითვალისწინა რა მამის რჩევა, ფაქტობრივად ადიღე-ჩერქეზების გენოციდი მოაწყო (ეს მაშინ, როცა კავკასიის ომში ყველაზე შეუპოვარ წინააღმდეგობას იმპერიას დაღესტანი და ჩეჩნეთი უწევდა). დღეს სოჭიდან ანაპამდე სანაპირო ზოლი მთლიანად დაცლილია მკვიდრი მოსახლეობისაგან და ეს რუსეთის გრძელვადიანი პოლიტიკური სტრატეგიის შედეგია. ალექსანდრე მეორემ „უპატრონოდ“ დარჩენილ შუა აზიასაც მიხედა: დაასწრო მისი ოკუპაცია ინგლისს, რომელიც იქ სამხრეთიდან შეღწევას ცდილობდა, მაგრამ ავღანეთში ჩარჩა (ეს მოვლენები ისტორიაში „დიდი აღმოსავლური თამაშის“ სახელით შევიდა). ჩვენ კი მომსწრენი ვართ, როგორ ბარდება ისტორიას შუა აზიაში რუსეთის გავლენა და მის ადგილს ჩინეთი იკავებს.

 

ინგლისმა შუა აზიაში განმეორებით შეღწევა პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანვე სცადა – საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გადავიდა დღევანდელი თურქმენეთის ტერიტორიაზე. თუმცა მისი მეორე მცდელობაც წარუმატებელი გამოდგა. 1920 წელს ლენინმა და ტროცკიმ წამოიწყეს ლაშქრობა პოლონეთში და ვერსალის ზავის სისტემას საფუძვლიანად დაემუქრნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ბრიტანეთისთვის ევროპის ინტერესები გაცილებით  პრიორიტეტული აღმოჩნდა. პოლონეთთან დაზავების სანაცვლოდ ომის პირველ ეტაპზე წარმატებულ საბჭოთა რუსეთს ინგლისმა ფაქტობრივად კავკასიისა და შუა აზიის დაკავება შესთავაზა (ლორდი კერზონის ნოტა). ეს ნაბიჯი აშკარად ნაჩქარევი და საქმისათვის საზიანო გამოდგა, ვინაიდან იმავე წლის აგვისტოში (ომის გადამწყვეტ ფაზაში), პილსუდსკიმ ვარშავასთან გაანადგურა ტუხაჩევსკის არმია („სასწაული ვისლაზე“), რითაც წერტილი დაუსვა ევროპაში რევოლუციის ექსპორტს. ისე გამოვიდა, რომ ბრიტანეთმა თითქმის მუქთად დაუთმო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ვეებერთელა რეგიონი რუსეთს (მათ შორის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკაც).

 

როგორც ვხედავთ, კავკასია რუსეთისათვის პლაცდარმიც არის (სამხრეთისაკენ სალაშქროდ) და დამცავი ბასტიონიც (დასავლეთიდან შუა აზიაში შეღწევის თავიდან ასაცილებლად). ამიტომ არის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვში ძალზედ მტკივნეულად აღიქვამენ კავკასიასა და შუა აზიაში უცხო ძალის შემოსვლის ნებისმიერ მცდელობას. მათ განსაკუთრებით საქართველოს ზღვისპირეთი აწუხებთ. სწორედ ამიტომაა, რომ  მოსკოვი ყველანაირად უშლის ხელს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და აგრესიას ეთნოკონფლიქტების სახით ნიღბავს. ამ მიმართულებით მან სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია. დოყლაპია ბავშვივით გაათამაშა და წამოიკიდა ჯერ შევარდნაძე, შემდეგ სააკაშვილი და მოახერხა საქართველოსაგან ეთნოტერიტორიების დროებით ჩამოცილება. ეს მაშინ, როცა ზვიად გამსახურდიას საკუთარი ნება თავს ვერ მოახვია.  საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა თითქმის უმტკივნეულოდ მიაღწია აფხაზებთან შეთანხმებას. მეორეს მხრივ, მოსკოვისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა ფსონის დადება აჭარაზე. მან სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა აჭარის მოსახლეობა ანტიქართულად განწყობილი ეგონა და ასლან აბაშიძე კი სეპარატისტი.    

 

სანამ რუსეთი დასავლეთიდან შეღწევისაგან იცავდა თავს (ამგვარი საშიშროება ძირითადად მოსკოვის მმართველი ძალების ამბიციებისა და ფობიების შედეგი იყო), საფრთხე საპირისპირო მხრიდან გამოჩნდა. დენ სიაოპინმა ფართოდ გააღო კარები და ჩინეთი საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყვანა. აღმოჩნდა, რომ ვიდრე ჩინეთი დიდ კედელს იყო ამოფარებული, ევროპა-ამერიკის ზღვაოსანმა ქვეყნებმა (რომლებიც დღეს ნატოს შეადგენენ), ისე გადაინაწილეს კონტინენტთა საზღვაო სანაპიროები, რომ ყველა მნიშვნელოვან საზღვაო- სატრანსპოტრო გზებს აკონტროლებენ. მართალია მშვიდობიანობისას საერთაშორისო ვაჭრობას ეს ხელს არ უშლის, მაგრამ, როგორც ორივე მსოფლიო ომმა გვიჩვენა, შეიარაღებული კონფლიქტის დროს  საზღვაო კომუნიკაციები პირველ რიგში ექცევიან ხოლმე დარტყმის ქვეშ და საკმაოდ მოწყვლადნი არიან. შექმნილმა ვითარებამ ბუნებრივად მიიყვანა ჩინეთის ხელისუფლება უპირატესად სახმელეთო „აბრეშუმის გზის“ იდეის აღორძინებამდე. გარდა იმისა, რომ „აბრეშუმის გზა“ (ჩინელები დღეს უწოდებენ “ერთი სარტყელი, ერთი გზა“) ბევრად ამოკლებს მანძილს ცისქვეშეთიდან ევროპამდე (წყნარი ოკეანის აკვატორიიდან ატლანტიკის აკვატორიამდე უმოკლესი სახმელეთო გზა ტიანძინიდან ფოთს აღწევს). ამასთან იგი არ კონტროლდება ნატოს მიერ და შედარებით უხიფათოა (ამ გზაზე მდებარე სახელმწიფოები სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი მისი უსაფრთხოებით). მას შემდეგ რაც „აბრეშუმის გზის“  ჩრდილოეთის ტოტი პრაქტიკულად გაუქმდა (რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო), მკვეთრად გაიზარდა აზერბაიჯან-საქართველოზე გამავალი გზის („შუა დერეფანი“) ღირებულება.

 

ცარცის წრეში

 

შეიქმნა ვითარება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროკავშირიც, ჩინეთიცა და რუსეთიც დაინტერესებულნი არიან შუა დერეფნის უპირატესი კონტროლით (რომ არაფერი ვთქვათ ისეთ ქვეყანაზე, როგორიცაა თურქეთი). ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი მონოპოლია მთელ დერეფანზე – მისი დასავლეთის კარიბჭის ანუ საქართველოს ზღვისპირეთის გაკონტროლებაც კმარა. როგორც ვხედავთ, საქართველო ნელ-ნელა სტრატეგიული დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცა, თანაც ისე, რომ ჯერჯერობით, ომის თეატრს გარეთ იმყოფება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული ვართ საქართველოს ომში ჩათრევის კვაზი მცდელობებსაც კი ყურადღებით მოვეპყროთ – ომის თეატრის ჩვენზე გავრცელების შემთხვევაში შუა დერეფნის ბედი ფაქტობრივად მხოლოდ ორთა შორის (ნატო და რუსეთი, თურქეთის საალბათო მონაწილეობით) იქნება გასარკვევი. ეხლა კი, მესამე ძლიერი მოთამაშის დამატებამ (ჩინეთი) სიტუაცია შესამჩნევად შეცვალა.

 

როგორც ვხედავთ, კავკასიის გზაჯვარედინით საყოველთაო დაინტერესებაა. ვარაუდი, რომ ზესახელმწიფოთაგან რომელიმე თავისი ნებით დაგვტოვებს და შეგვეშვება, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. სამაგიეროდ შექმნილი ვითარება Realpolitik-ის ლოგიკიდან გამომდინარე, უთუო პერსპექტივებს ქმნის:

 

  1. ახლო პერსპექტივაში მაინც, თავიდან ავირიდეთ რუსეთის პირდაპირი აგრესია. მოსკოვი ჩინეთს ამ ეტაპზე ღიად ვერ დაუპირისპირდება. იზოლაციაში მყოფს ძალიან სჭირდება თუნდაც მიუმხრობელი და კეთილგანწყობილი ჩინეთი. ყველას გვეხსომება ყაზახეთის კრიზისი (2022 წლის იანვარი), როცა სი ძინფინის წარბების შეჭმუხვნა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რათა რუსეთს უსიტყვოდ და მაქსიმალური სისწრაფით გამოეყვანა ჯარები ამ ქვეყნიდან. სადღეისოდ რუსეთისაგან უფრო მოსალოდნელია შუა დერეფნის ქვეყნებში (განსაკუთრებით საქართველოში) დესტაბილიზაციის მოწყობა. ამგვარი პოლიტიკის ორგანულ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ რუსეთის პოლიტიკა მთიან ყარაბაღსა და სომხეთში. თუმცა, შექმნილ ვითარებაში საქართველოს წინააღმდეგ ღია აგრესია ნაკლებად არის მოსალოდნელი;

 

  1. გულხელდაკრეფილი არც ნატო იქნება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ნათლად განაცხადა – ოცდაათი წელია აქ ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთო. დასავლეთს შეუძლია მარტივად აირჩიოს უმტკივნეულო გზა – გააწევრიანოს საქართველო ევროკავშირსა და ნატოში. გამართლდება კიდეც ბ-ნ რამაზ საყვარელიძის პარადოქსული პროგნოზი – ჩინეთთან ალიანსი კი არ გვაშორებს, არამედ გვაახლოებს დასავლეთთანო. ოღონდ ესაა, აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემებს სჭირდება დროული მოგვარება. დასავლეთმა რუსეთის კაპრიზებს ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს და მისი ძირგამომთხრელი საქმიანობის გაკონტროლებას მიაღწიოს (უკრაინასთან ომის პარალელურად ან მის შემდგომ, ნების არსებობის შემთხვევაში, ვფიქრობთ, ეს სავსებით რეალური იქნება). ყველა სხვა სტრატეგია ძალზე პრობლემურს გახდის ამ მიზნის მიღწევას. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება და დეკლარაცია საქართველოს დასავლეთის თანამეგობრობაში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ ფუჭი აღმოჩნდება (საშუალო პერსპექტივაში მაინც). სურათის სისრულისათვის უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთი (და განსაკუთრებით ევროკავშირი), ძალიან უნდა იყოს დაინტერესებული შუა დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებით;

 

  1. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში, რომელიც თანდათან მსოფლიო ომის სტატუსს იძენს (მითუმეტეს, რომ არ ვიცით ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შესაძლო მასშტაბები), საქართველოს აქვს პერსპექტივა მიუმხრობელთა შორის აღმოჩნდეს. ჩვენთვის ამას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი მსოფლიო ომის შედეგად ჩვენი სახელმწიფო დამარცხებულთა ბანაკში აღმოჩნდა და ეს ძალზე ძვირად დაგვიჯდა. ამჟამინდელ სიტუაციას ისიც ართულებს, რომ გაუგებარია ვინ გამოვა გამარჯვებული. რუსეთს ამისათვის სჭირდება 2022 წლის 24 თებერვლის ულტიმატუმის აღსრულება, ხოლო უკრაინას – 1991 წლის საზღვრების აღდგენა, რაც სადღეისოდ ორივე მხარისათვის ძალზედ პრობლემატური ჩანს.

 

  1. ჩვენი ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება გადაჭარბებული გვეჩვენება. თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ 1991-1992 წლების მიჯნაზე განხორციელებული გადატრიალების შემდგომ საქართველოს არ ჰყოლია პრორუსი ან პროდასავლური ხელისუფლება. ყველა მოქმედებდა და მოქმედებს იმ მიზნით, რომ მუდამ იყოს და კარგად იყოს. გეოპოლიტიკურ ვექტორებსაც სწორედ ამ მიზნით იყენებს. ეს პუტჩის შემდგომ ხელისუფლებათა დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. რუსეთს გამარჯვებამდე ძალიან ბევრი უკლია. როგორც ვახსენეთ, გამორიცხული არაა ორივე მხარე დამარცხებული აღმოჩნდეს, რაც ხშირად მომხდარა. ჰოდა, რომელი ჭკუათმყოფელი ხელისუფლება დადგება ყრუ იზოლაციაში მყოფი რუსეთის მხარეს? განა ჩვენი მეზობელი სომხეთის გადაწყვეტილება სიგნალი არ არის?

 

*    *    *

უკვე მერამდენედ თამაშდება სერჯიო ლეონეს ფილმის „კარგი, ცუდი, ავი“ ფინალი: სამ სუბიექტს ერთმანეთი მიზანში ყავს ამოღებული განძის (საქართველო და კავკასია) დასაპატრონებლად. ეხლა საჭიროა უზუსტესი სვლების გაკეთება. შეცდომის უფლება არ გვაქვს და არც დრო არის მაინცდამაინც ბევრი.