1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგი ამილახვარმა სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა
გიორგი ამილახვარმა სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

გიორგი ამილახვარმა სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

267
0

იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა გახსნა, პედაგოგებს და მოსწავლეებს თანამედროვე სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცა და ის პროექტები გააცნო, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. დღეს გავხსენით და დავათვალიერეთ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია და ტრადიცია აქვს.

სკოლა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ეს არის ის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და პირველი ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში გაცილებით უფრო მაღალ აკადემიურ მიღწევებსა და უკეთეს შედეგებს.

მინდა, მივულოცო სამტრედიას, მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლის დირექციას ასეთი განახლებული ინფრასტრუქტურა და ვუსურვო მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი,

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა, რომელიც 1894 წელს დაარსდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება ჯამში 312,770 ლარია. რეაბილიტაციის ფარგლებში სკოლაში გარემონტდა და თანამედროვედ აღიჭურვა საკლასო ოთახები, გაკეთდა სველი წერტილები, მოეწყო სპორტული მოედნები და გარე სივრცეები. ამასთან, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

ამჟამად, სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლაში 360 მოსწავლე ირიცხება. სკოლას ჰყავს 34 პედაგოგი, აქედან 1 მენტორი და 7 წამყვანი მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკვე დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.