„აშშ-მა უკრაინას ნატოს ოფისში 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი აღუთქვა“
აშშ-ის რადიოსადგური „თავისუფალი ევროპა // თავისუფლება“ (Radio Free Europe/Radio Liberty – მთავარი ოფისი პრაღაში, აფინანსებს ამერიკის კონგრესი) თავისი უკრაინული სამსახურის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-მა უკრაინას ნატოს ოფისში 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი აღუთქვა“.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. უკრაინისადმი ამერიკის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ბელგიაში, ნატოს სათავო ოფისში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. ზამთრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასთან გასამკლავებლად მეტ დახმარებას ითხოვს.
„ვამაყობ, რომ შეერთებული შტატები, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების უახლესი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელიც 200 მილიონი დოლარის ღირებულებისაა“, – თქვა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნაზე. საკონტაქტო ჯგუფი „რამშტაინის ფორმატის“ სახელითაა ცნობილი და იმ 50-მდე ქვეყანას აერთიანებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში, კიევს მხარს უჭერენ.
ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო და საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ასევე ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. ამერიკის თავდაცვის მდივანმა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი “უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”.
„ფალკონები“ (F-16-ები) და დახმარების სხვა პაკეტები
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავებს – „ფალკონებს“ (F-16-ებს) უკრაინას მომავალი წლის გაზაფხულზე გადასცემს. როგორც ცნობილია, აგვისტოში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დანიამ დაამტკიცა უკრაინაში 19 მოწინავე სამხედრო თვითმფრინავის გაგზავნა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას F-16-ებს 2025 წლიდან გაუგზავნის და ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებას. „ბელგია, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, 2025 წლიდან შეძლებს“, – განაცხადა ალექსანდრე დე კროომ პრესკონფერენციაზე, თუმცა არ უთქვამს, რამდენ თვითმფრინავზეა საუბარი.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს შტაბ-ბინაში პირველად იმყოფება. იგი 11 ოქტომბერს პირისპირ შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი წინ უსწრებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე, ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრას. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების, ენერგო-ინფრასტრუქტურის და სურსათის ექსპორტის დასაცავად, მეტი იარაღი სჭირდება.
„ახლა ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი, ზამთრის ისევ ომის იარაღად გამოყენებისთვის ემზადება, – ენერგეტიკულ სისტემაზე, გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის საერთაშორისო ფონდი – ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის ბრიტანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, 100 მილიონი ფუნტის (122,70 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. პაკეტი სხვა საშუალებებთან ერთად ასევე მოიცავს დანაღმული ველების გასაწმენდად საჭირო აღჭურვილობას.
ვითარება ფრონტის ხაზზე
ბრძოლის ველზე, რუსულმა ძალებმა გააძლიერა თავდასხმები ავდეევკაზე, დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ინდუსტრიულ ქალაქზე. რუსეთის სრულმასშტაბიან ომის დაწყების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა, 31 000-დან 2 000-მდე შემცირდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტანკებითა და ჯავშანტექნიკით მხარდაჭერილმა სამმა რუსულმა ბატალიონმა, დონეცკის ავდეევკის, ტონენკოს, კერამიკისა და პერვომაისკოეს რაიონებში, შეტევითი მოქმედებები გააძლიერა.