კობა კობალაძემ ამპუტანტ ფეხბურთელებს ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში გამარჯვება მიულოცა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს უმასპინძლა, ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა და გუნდის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
” ადამიანს სული ამოძრავებს და სასიხარულოა, რომ თქვენი სულიერი სიძლიერით მხოლოდ საკუთარი გუნდი კი არა, ჩვენი ქვეყანა ასახელეთ.
ამპუტანტთა ფეხბურთის განვითარებაში, ჩვენს თანამებრძოლს, ომის ვეტერანს, ავთანდილ ჩიხლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის და მიხარია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგაც თქვენ აგრძელებთ დიდი შემართებით თამაშს, რითაც ბრძოლის და შეუდრეკელობის მაგალითს გვაჩვენებთ. ვხედავთ ახალ სახეებს, რომლებსაც ჟინი და მოტივაცია ამოძრავებთ. გილოცავთ ამ გამარჯვებას. დაე, ეს გამარჯვება ყოფილიყოს მომავალი წარმატებების საწინდარი.”- აღნიშნა შეხვედრაზე კობა კობალაძემ.
საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა 6-8 ოქტომბერს, ბელგიაში, ქალაქ ბლანკენბერგში ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში, პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა ფრედ 0:0 ითამაშა უკრაინასთან, 7 ოქტომბერს დაამარცხა საბერძნეთი 2:0, 6 ოქტომბერს ბელგიის ნაკრებს სძლია ანგარიშით 5:0 და ფრედ 3:3 დაასრულა მატჩი ისრაელთან. საბოლოოდ, საქართველომ და უკრაინამ 8-8 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით _ 10:3, საქართველოს ნაკრებმა, პირველი ადგილი მოიპოვა და ჩემპიონის თასს დაეუფლა. 5 გატანილი გოლით, ტურნირის ბომბარდირი გახდა ლაშა ბრეგვაძე, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად რუსლან შაჰუმიანი დასახელდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი გვალია.