1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროკავშირის შეფასებით, უკრაინას ევროკავშირიში გაწევრიანების შემდეგ 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება ექნება”- Financial Times
“ევროკავშირის შეფასებით, უკრაინას ევროკავშირიში გაწევრიანების შემდეგ 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება ექნება”- Financial Times

“ევროკავშირის შეფასებით, უკრაინას ევროკავშირიში გაწევრიანების შემდეგ 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება ექნება”- Financial Times

147
0

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ევროკავშირის შეფასებით, უკრაინას ევროკავშირიში გაწევრიანების შემდეგ 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება ექნება: „ყველა ძველ წევრ სახელმწიფოს მოუწევს მეტი გადაიხადოს საერთო ბიუჯეტში, ახლების სასარგებლოდ და მისგან ცოტა მიიღოს“ (ავტორი – ჰენრი ფოი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

ევროსაბჭოს სამდივნომ კონფიდენციალური დოკუმენტი მოამზადა ევროკავშირის მოსალოდნელ გაფართოებასთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით კიევს, 7 წლის განმავლობაში, დაახლოებით 186 მილიარდი ევროს მიღების უფლება მიეცემა. ევროკავშირის შიდა ბიუჯეტის შეფასებით, ბევრი სახელმწიფო უკრაინის დამფინანსებლად გადაიქცევა.

ის მოდელი, რომელიც პოტენციური ცხრა ახალი წევრის მიღებისათვის იმოქმედებს, ხაზს უსვამს ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს, რაც ორგანიზაციის გაფართოებას მოჰყვება თითქმის მთელი ევროპის კონტინენტზე – უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და კიდევ ექვსი დასავლეთბალკანური სახელმწიფოს ჩათვლით.

დღეისათვის შედგენილია ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტი. თუ ევროკავშირს კიდევ ცხრა წევრი მიემატება, ეს დამატებით მოითხოვს 256,8 მილიარდ ევროს. გვერდითი ნეგატიური მოვლენები ევროკავშირის ძველი წევრებისათვის, სავარაუდოდ, ფერმერული მეურნეობისთვის სუბსიდიების გამოყოფის შემცირება იქნება – დაახლოებით მეხუთედი ნაწილით.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი შეიძლება ათი წელი და მეტი ხანი გაგრძელდეს, არსებულ საბიუჯეტო მექანიზმებს ახლავე სერიოზული რეფორმა დაჭირდება. ამასთან, აუცილებელი ცვლილებების სავარაუდო მასშტაბი ისეთია, რომ მისი რეალიზება ბლოკის შიგნით არსებულ ფინანსურ ბალანსს აუცილებლად დაარღვევს.

„ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწევს მეტი გადაიხადოს საერთო ბიუჯეტში, მეტი ფული შეიტანოს და მისგან ცოტა მიიღოს. ბევრი წევრი ქვეყანა დღეს, რომელიც მხოლოდ ფულის მიმღებია, უახლოეს წლებში მხოლოდ შემტანი იქნება“, – ნათქვამია ევროსაბჭოს სამდივნოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომლის მიხედვით, ცხრა ახალი წევრი-სახელმწიფოს გაჩენასთან დაკავშირებით, მიმდინარე ბიუჯეტი 21%-ით გაიზრდება და 1,47 ტრილიონ ევროს მიაღწევს, რაც 36 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1,4%-ს შეადგენს.

რა თქმა უნდა, ევროკავშირში შედარებით ღარიბი ახალი წევრების მიღება თანხების გადანაწილებას გამოიწვევს: კორექტირება გავრცელდება მდიდარ ქვეყნებზე (იგულისხმებიან საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ.) – მათი საბიუჯეტო შენატანები გაიზრდება ღარიბების სასარგებლოდ. რასაკვირველია, ეს სწრაფად არ მოხდება, ამისათვის საჭიროა გარდამავალი პერიოდი და დამცავი მექანიზმები.

რადგანაც უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო სექტორი ფართოდ არის წარმოდგენილი, აგრარული სფერო შვიდი წლის განმავლობაში96,5 მილიარდ დოლარს მიიღებს. გამოკვლევის თანახმად, ასეთი ფინანსური „შერყევა“, ბუნებრივია, გამოიწვევს სუბსიდიების შემცირებას ევროკავშირის სხვა ქვეყნების ფერმერებისათვის, დაახლოებით 20%-ით.

უკრაინას ასევე შეუძლია ფული მიიღოს სხვადასხვა ფონდებისა და პროგრამებიდან, რომლებიც ევროკავშირის ცარჩოებში მოქმედებენ. მაგალითად, 61 მილიარდი ევრო „ერთიანობის ფონდიდან“, რომელიც ღარიბ წევრებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ეხმარება. სამაგიეროდ, ცხრა ახალი წევრის მიღების შემდეგ ამ ფონდიდან ფულით ვეღარ ისარგებლებენ ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვენია, კვიპროსი და მალტა.

გენერალური სამდივნოს გათვლები მომზადებულია იმისთვის, რომ ევროკავშირმა ყველაფერი აწონ-დაწონოს, სანამ უკრაინის ორგანიზაციის წევრად მიღების თაობაზე წლის ბოლოს ოფიციალური მოლაპარაკება დაიწყება.