USAID-ის ჩართულობით, სამწუხარო, შემაშფოთებელი ფაქტები გროვდება, რომელიც პირდაპირ ასახავს მტრობას – კახა კალაძე
სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტები გროვდება USAID-ის ჩართულობით, რომელიც პირდაპირ ასახავს მტრობას და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საჭიროა განმარტებები.
„შემაშფოთებელი ფაქტია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმ მზაკვრული გეგმისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ აქვთ, თუმცა, კიდევ უფრო შემაშფოთებელი, მძიმე ფაქტია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო აფინანსებს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ამას ახსნა-განმარტება სჭირდება. ველოდებით შესაბამის პასუხს რომ ეს ყველაფერი ახსნილი იყოს. უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მოხდა პარალელული დათვლების გაყალბება და ესეც USAID-ის დაფინანსებული იყო, მათი მხრიდან ხდებოდა აღნიშნული პროგრამის დაფინანსება. სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტები გროვდება USAID-ის ჩართულობით, რომელიც პირდაპირ ასახავს მტრობას და ესაა საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებები გვჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ „ენჯეოებს“, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.