1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ევროპელმა „მინი-ტრამპებმა“ ამერიკელი „დიდი ტრამპის“ დაცემა გადაიტანეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ ექს-პრეზიდენტი თეთრ სახლში ისევ დაბრუნდება“
„ევროპელმა „მინი-ტრამპებმა“ ამერიკელი „დიდი ტრამპის“ დაცემა გადაიტანეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ ექს-პრეზიდენტი თეთრ სახლში ისევ დაბრუნდება“

„ევროპელმა „მინი-ტრამპებმა“ ამერიკელი „დიდი ტრამპის“ დაცემა გადაიტანეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ ექს-პრეზიდენტი თეთრ სახლში ისევ დაბრუნდება“

2.22K
0

„როცა დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თეთრ სახლში ყოფნის უფლება წაერთვა, ევროპელმა პოლიტიკურმა პოპულისტებმა ძლიერი მოკავშირე და მფარველი დაკარგეს. და მაინც, ბევრმა ევროპელმა „მინი-ტრამპმა“ ამერიკის პრეზიდენტის დაცემა და მისი მომხრეების კაპიტოლიუმზე შეტევა მეტ-ნაკლებად გადაიტანეს და ახლა ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად რესპუბლიკელთა ლიდერი თეთრ სახლში დაბრუნდება და „ევროპული გემების იალქნებს ქარი დაუბერავს“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპელმა „მინი-ტრამპებმა“ ამერიკელი დონალდ ტრამპის დაცემა გადაიტანეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ ექს-პრეზიდენტი თეთრ სახლში ისევ დაბრუნდება“ (ავტორი – პოლ ტეილორი).

 

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

 

დონალდ ტრამპმა, თავისი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ევროპის კავშირს „მტერი“ უწოდა, ხოლო ნატო „მოძველებულ ბლოკად“ შერაცხა. უფრო ადრე იგი ღიად მიესალმა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას Brexit-ის თაობაზე და მოუწოდა ევროკავშირის სხვა წევრებს ლონდონისათვის მიებაძათ. (…)
გასაკვირი არაა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებში ბევრ მაღალჩინოსანს „შიშისაგან აკანკალებს“ იმ პერსპექტივის წარმოდგენის შემდეგ, თუ რა ბედი ეწევათ მათ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში – მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს წინ სასამართლო პროცესები ელოდება წარდგენილი ბრალდებების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპი თავიდანვე ლიდერობს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის, ევროპელების შიში სულ უფრო ძლიერდება – ვაითუ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან თავისი ქადილი შეასრულოს და უარი განაცხადოს უკრაინის მხარდაჭერაზე, აგრეთვე ტარიფები დასწიოს ევროპული პროდუქციის იმპორტზე.

დონალდ ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერები კონტინენტური ევროპიდან – ისეთები, როგორებიც არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და პოლონეთის ფაქტობრივი ლიდერი, მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ხელმძღვანელი იაროსლავ კაჩინსკი, ბრიუსელთან მწვავე დავას აგრძელებენ ევროპული კანონების უზენაესობასთან, მიგრაციასთან და „ლგბტ-საზოგადოების“ წევრების უფლებებთან დაკავშირებით.
სულ მალე ვიქტორ ორბანს და იაროსლავ კაჩინსკის შეიძლება ახალი არალიბერალი მოკავშირე გამოუჩნდეთ – სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელმაც თავისი ტაქტიკა პირდაპირ დონალდ ტრამპისგან გადაიღო და რომელიც, დიდი ალბათობით, 30 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს. როგორც რობერტ ფიცო აცხადებს, სლოვაკეთის ამჟამინდელი პროევროპული და ლიბერალური მთავრობა ცდილობს არჩევნები ჩაშალოს და კორუფციის ფაქტები მიჩქმალოსო.
რობერტ ფიცო, რომლის პარტია „სმერი“ ევროპელი სოციალისტებისა და სოციალ-დემოკრატების ალიანსში შედის, დასავლეთს ბრალს სდებს რუსეთ-უკრაინის ომის გაჩაღების წინაპირობების შექმნაში და აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიევს ყოველგვარ დახმარებას შეუწყვეტს. სლოვაკი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ Smer-ის ლიდერი ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას შეზღუდავს და ოპოზიციის წმენდას ჩაატარებს ისე, როგორც ეს გააკეთეს მეზობლებმა – ვიქტორ ორბანმა და იაროსლავ კაჩინსკიმ. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ რობერტ ფიცო შეუერთდეს ევროკავშირის მიგრაციული პაქტის მოწინააღმდეგეებსაც.

ბრატისლავური 30 სექტემბრის არჩევნების შემდეგ ევროპელი ტრამპისტების გამოცდის პროცესი ვარშავაში გაგრძელდება, სადაც 15 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში პოლონელი „სიმართლის მოყვარულები“ უპრეცედენტო მესამე ვადით დარჩენას ცდილობენ და ოპოზიციის – ლიბერალურ-მემარჯვენე ცენტრისტული მოძრაობის – ლიდერს დონალდ ტუსკს დემონად წარმოსახავენ. პოლონეთის მმართველი პარტია დღეს ყველას აკრიტიკებს – ბრიუსელს, მოსკოვს, ბერლინს და ახლა კიევსაც კი და მას პოლონელი ფერმერების გაკოტრების მცდელობას აბრალებს, უკრაინული მარცვლეულის ევროპაში ექსპორტის გამო.

უნგრელი ვიქტორ ორბანი, რომელმაც გასულ წელს ბუდაპეშტში ამერიკელი ულტრამემარჯვენე კონსერვატორების კონფერენციას უმასპინძლა და რომელიც „ფოქს ნიუსის“ ყოფილი ტელეწამყვანის თაკერ კარსლსონის მეგობარია, მასმედიას და სოციალურ ქსელებს მკაცრად აკონტროლებს. იგი უნგრულ ოპოზიციას „ბრიუსელის მარიონეტებს“ უწოდებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელ ხალხს და უნგრეთის განათლების სისტემას თავს მოახვიონ „გეი-პროპაგანდა“ და უნგრელ მოსწავლეებს სკოლაში ტრანსგენდერობა ასწავლონ.

პოლონეთის მმართველი პარტიის (PiS) მთავრობაც მსგავსი ტრიუკის განხორციელებას ცდილობს: არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩატარდება ოთხი კითხვით, რომელთაგან ერთ-ერთი ასე „მიმზიდველად“ ჟღერს: „მხარს უჭერთ თუ არა ათასობით არალეგალური მიგრანტის მიღებას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ისე როგორც ამას ევროპული ბიუროკრატია გვთავაზობს?“.

დონალდ ტრამპის ტაქტიკამ – შეუტიოს მასმედიის ძირითად საშუალებებს და უპირატესობა მისცეს მემარჯვენე გამოცემებს, რომლებიც „ალტერნატიულ ინფორმაციას“ ავრცელებენ – ევროპაში პოპულარობა მოიპოვა. იაროსლავ კაჩინსკიმ და ვიქტორ ორბანმა სამაუწყებლო კომპანიები თავიანთ კონტროლქვეშ მოაქციეს. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, გაჩნდა ამერიკული Fox News-ის მსგავსი ულტრამემარჯვენე ტელეარხები (ვთქვათ, ფრანგული Cnews), რომელთა მეშვეობით მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკოსები თავიანთ იდეებს ავრცელებენ და ამით თავს არიდებენ სხვა მასმედიის ჟურნალისტების არასასიამოვნო კითხვებს. პოპულისტი პოლიტიკოსები ფართოდ სარგებლობენ სოციალური ქსელებითაც და მხარდამჭერებს იმრავლებენ.
(…)
Brexit-მა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას აშკარა ზიანი მიაყენა. ამის შედეგად ევროპელმა რადიკალმა მემარჯვენეებმა უარი თქვეს თავიანთ მანიფესტურ დაპირებებზე ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე და ამის ნაცვლად გეზი „ევროპის ეროვნული სახელმწიფოების“ შექმნისაკენ აიღეს, რომელიც ზღუდავს საერთოევროპული კანონმდებლობის უზენაესობას ეროვნულთან შედარებით. ამ ახალი ტაქტიკით ისინი ევროპული ერთიანი საკანონმდებლო წესრიგის დანგრევას ცდილობენ.

არავინ იცის ზუსტად, დაბრუნდება თუ არა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში და თუ დაბრუნდება, რამდენად შეუწყობს ხელს მისი გაპრეზიდენტება მისსავე ევროპელ მეგობრებს და თაყვანისმცემლებს ერთიანი ევროსკეპტიკური მოძრაობის შექმნაში. მაგრამ აშკარაა, რომ თუ ასე მოხდება, ეს უამრავ პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო პრობლემას გააჩენს, რისთვისაც ევროპის მთავრობები ცუდად არიან მომზადებულნი.

წყარო