ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ 2 600 000 ლარად გასხვისდა
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, კურორტ წყალტუბოში, შოთა რუსთაველის ქუჩა N48-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 600 000 ლარად გაყიდა.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალმა მფლობელმა შპს“გოლდენ თაუერსმა“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კურორტ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას.
კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“ და „წყალტუბო“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 11,582,300 ლარი შეადგინა. დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.