“კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს”-სერგო ჩიხლაძე
კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს – „ქართული ოცნება“, ბატონი კობახიძე კვლავ დარჩება არაჰუმანურ ადამიანად და ძალად, რომელსაც ადამიანები, ქართველები არ უყვართ, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას დავით ჯელაძესთან დაკავშირებით.
სერგო ჩიხლაძის თქმით, კობახიძის განცხადება ტაქტიკური უკან დახევაა.
„კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს, რადგან დღეს ამ ადამიანს შეუძლია თეთრზე შავი თქვას, შემდეგ გადათქვას და შემდეგ ისევ თქვას თეთრზე შავი. ამიტომ ამით არ იცვლება მათი დამოკიდებულება. ამით ისინი არც კეთილშობილები ხდებიან, არც ემპათიურები, არც ადამიანის მოყვარულები. იმავეს გააგრძელებენ და უკვე აგრძელებენ. მის მონანიებას არაფერი ფასი არ აქვს და ასევე, ათასობით უსახელო ტროლ-ბოტი, რომ ჰყავთ და შეასევენ ხოლმე ადამიანებს, ისინიც მოინანიებენ?! ან სახელ-გვარიანი ტროლ-ბოტები ოფიციალურ სამსახურში რომ ჰყავთ აყვანილი, სარჯველაძეები, ტროლ-ბოტი ოღონდ სახელი და გვარის მქონე, ისიც მოინანიებს?!
როგორც ჩანს დატესტეს, ნახეს, რომ ძალიან ცუდად იმოქმედა ამან და ახლა ტაქტიკურად უკან დაიხიეს, თუმცა ხვალ იმავეს კეთებას გააგრძელებენ, არაფერი ამით არ შეიცვლება. „ქართული ოცნება“, ბატონი კობახიძე კვლავ დარჩება არაჰუმანურ ადამიანად და ძალად, რომელსაც ადამიანები, ქართველები არ უყვართ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, მან „სინანული გამოხატა დავით ჯელაძის გულის ტკენის გამო“.