1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აგვისტოს ომის დღეებში რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც მათთვისაც კი დღემდე ყველაზე მძიმე ფაქტად რჩება”- სოზარ სუბარი
“აგვისტოს ომის დღეებში რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც მათთვისაც კი დღემდე ყველაზე მძიმე ფაქტად რჩება”- სოზარ სუბარი

“აგვისტოს ომის დღეებში რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც მათთვისაც კი დღემდე ყველაზე მძიმე ფაქტად რჩება”- სოზარ სუბარი

540
0

სააკაშვილის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებები არ გვიკვირს და ძალიან ბევრია, თუმცა აგვისტოს ომის დღეებში რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ კი დღემდე რჩება ყველაზე მძიმე ფაქტად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ერთ-ერთი ასეთი არის 16 აგვისტოს როინ შავაძის მკვლელობა.

„ამავე პერიოდში დააკავეს დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა. ორივე გაიყვანეს ზღვაში, დახვრიტეს, ფეხზე ქვები მოაბეს და ისე ჩაძირეს ზღვაში, მათი გვამები, დღემდე არ არის ცნობილი, სად არის. რაც შეეხება შავაძეს, ის წამოიყვანეს ქობულეთის მიმართულებით და მოხდა მისი დახვრეტა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე ვიყავი სახალხო დამცველი და ვიკვლევდი ამ საქმეს, ისინი აშანტაჟებდნენ შავაძის ოჯახს, მათ ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ ამოეღოთ, რადგან როინ შავაძეს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მის შვილებს მოუწევთ მოღალატის იარლიყით ცხოვრება. მაშინ გავარკვიეთ პირველად ის დეტალები, რომლებიც დღეს პროკურატურამ გაცილებით ფართოდ, მასშტაბურად და დეტალურად გახადა ცნობილი. პროკურატურამ თქვა, როინ შავაძეს მართლა გაქცევა რომ სდომოდა, ვერ მოახერხებდა გაქცევას, იმდენად სასტიკად იყო ნაწამები, რომ მას მოძრაობის საშუალებაც კი არ ჰქონდა. ეს ფაქტები მაშინ მე არ მქონდა. ასევე, პროკურატურამ გამოავლინა საქმეში მონაწილე ყველა პირი, მაშინ მე მხოლოდ რამდენიმე პირის სახელი და გვარი მქონდა დასახელებული.

კიდევ ერთხელ რომ ვისაუბრო სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკესა და არაადამიანურობაზე, იმდენად დიდი იყო ზეწოლა ციცინო შავაძეზე და მის მცირეწლოვან შვილებზე, რომ თვეების განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები მორიგეობით ცხოვრობდნენ შავაძეების ოჯახში. ყოველ ღამე ერთი ადამიანი რჩებოდა მათთან სახლში, რადგან მათ ჰქონდათ საფრთხე, ემუქრებოდნენ, რომ შემოგივარდებით და შენს შვილებსაც იმავეს დავმართებთ, რაც დაემართა შენს მეუღლესო, ამას ეუბნებოდნენ ქალბატონ ციცინოს. არაადამიანურ რეჟიმს დღეს აქვს მცდელობა, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და, ძალიან სამწუხაროდ, დღეს მას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ევროპარლამენტსა თუ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებში“, – განაცხადა სუბარმა.