8 ივლისის ღონისძიებაზე მაქსიმალურად ვეცადეთ, დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა – თეიმურაზ კუპატაძე
8 ივლისის ღონისძიებაზე მაქსიმალურად ვეცადეთ, დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.
როგორც თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, 9 ივლისს მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფი, 3000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
„მაქსიმალურად ვეცადეთ, დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად, მოვიდა კონტრაქციის წარმომადგენლების ძალიან დიდი რაოდენობა. ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე. ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო, ადამიანები კი ცდილობდნენ, რომ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი, მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ლოკაციამდე, სადაც ღონისძიება ტარდებოდა. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ „პრაიდის“ მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია, გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება. საბოლოოდ, რაც იყო ჩვენი მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა“, – განაცხადა კუპატაძემ.