1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რა ხდება უკრაინაში ომის 474-ე დღეს
რა ხდება უკრაინაში ომის 474-ე დღეს

რა ხდება უკრაინაში ომის 474-ე დღეს

168
0

რუსეთ -უკრაინის ომის 474-ე დღე

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 25 შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ერთი სარაკეტო და 36 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 38-ჯერ დაბომბეს.

“სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების რისკი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე მომავალშიც მაღალი რჩება“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 6 დარტყმა განახორციელა იმ ადგილებში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული.

ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსული ძალების მართვის 2 პუნქტს, ორ საარტილერიო ქვედანაყოფსა და მტრის სარადარო სადგურს დაარტყეს.

“უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 ჯარისკაცი გაათავისუფლა” – ინფორმაციას უკრაინული მედია ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენელი (მათ შორის თავდაცვის ძალების 15 წევრი), ეროვნული გვარდიის 29 წევრი, 11 მესაზღვრე და ოთხი სამხედრო მეზღვაური. მათგან ორი ოფიცერია, დანარჩენები კი რიგითები და სერჟანტები არიან.

საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ შესაძლებელი გახდა დამცველების დაბრუნება, რომლებიც კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ და ქვედანაყოფ „ახმატის“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის (მათ შორის „აზოვსტალის“) და კუნძულ „ზმეინის“ დამცველები, ტყვეები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან. 27 გათავისუფლებული დამცველი დონეცკის მიმართულებას (მათგან ხუთი ქალაქ ბახმუტის მახლობლად) იცავდა. ასევე არიან ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის და სუმის მიმართულებების დამცველები.

კახოვკას კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ბოლო დღეებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს გენერალურმა პროკურორმა სტიქიის გამოძიების თხოვნით ICC-ის პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ტერორისტული აქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება და გრძელდება დატბორილი ტერიტორიის, ევაკუაციის ზონის ყველაზე ცინიკური და სასტიკი დაბომბვით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას დაზარალებულ რაიონებში, მოწმეებზე, ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებაზე სრული წვდომით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობა დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუაციაში 4 000 ადამიანს დაეხმარა.

„უმძიმესი მდგომარეობაა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ კახოვკას ჰესის განადგურებას მინიმუმ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.