ომის 469-ე დღე -რა ვითარებაა უკრაინაში
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა, სუმის ოლქში 19 -ჯერ გახსნეს ცეცხლი. რეგიონში 70-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა.
მეორედ დაიბომბა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონის ამიაკის მილსადენი. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, სოფელ მასიუტივკას მახლობლად მდებარე სატუმბი სადგურის მიდამოში, სულ 6 ფრენა დაფიქსირდა.
ფრონტის ხაზის ეპიცენტრი ისევ დონეცკის ოლქია, სადაც უკრაინული ძალები გააქტიურდნენ და წინ მიიწევენ.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, ჯერჯერობით არ უნახავთ ნათელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რა მოხდა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე 6 ივნისს და, შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ შეაფასებს პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი.
”აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებები ზოგადად შეესაბამება „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ 2022 წლის ოქტომბრის პროგნოზს, რომ რუსებს დნიპროს მარცხენა სანაპიროს დატბორვის უფრო დიდი და მკაფიო ინტერესი აქვთ, მათივე მომზადებული თავდაცვითი პოზიციებისა და ძალების დაზიანების მიუხედავად, ვიდრე უკრაინელებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციამ 2022 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ უკრაინა არ იყო დაინტერესებული კაშხლის აფეთქებით და მიუთითა, რომ 80 დასახლება დატბორვის საფრთხის ქვეშ იქნებოდა. რუსეთს კი შეეძლო წყალდიდობა დნიპროს გასაფართოებლად გამოეყენებინა და გაერთულებინა უკრაინის კონტრშეტევის მცდელობები ისედაც რთული წყლის ბარიერის გადასწვრივ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე რუსების მიერ შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას, განახორციელოს საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაცია და არ გაზრდის ოკუპანტების ამ ტერიტორიაზე დარჩენის შანსებს.
”რუსი ტერორისტების მიერ კახოვკაიას ჰიდროელექტროსადგურზე შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას და უკრაინელებს. ჩვენ მაინც გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას. რუსეთის ყოველი ტერორისტული თავდასხმა ზრდის მხოლოდ რეპარაციების ოდენობას, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ჩადენილი დანაშაულისთვის და არა ოკუპანტების შანსებს დარჩნენ ჩვენს მიწაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ხელისუფლება “ყველა დონეზე” ყველაფერს აკეთებს ხალხის გადასარჩენად და სასმელი წყლით მათ უზრუნველსაყოფად, ვინც წყალს კახოვკას წყალსაცავიდან იღებდა.