1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ლეგენდარული ერდოღანი, რომელმაც დასავლეთი შეარყია“ – რას წერს „საბაჰში“ თურქეთის პრეზიდენტზე
„ლეგენდარული ერდოღანი, რომელმაც დასავლეთი შეარყია“ – რას წერს „საბაჰში“ თურქეთის პრეზიდენტზე

„ლეგენდარული ერდოღანი, რომელმაც დასავლეთი შეარყია“ – რას წერს „საბაჰში“ თურქეთის პრეზიდენტზე

208
0

თურქულ პრესაში აქტიურად გრძელდება სტატიების ბეჭდვა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შედეგს – რეჯეფ ერდოღანის გამარჯვებას ეხება. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უპირატესად მხარს ხელისუფლებას უჭერენ (ანუ პროსამთავროებად ითვლებიან), პუბლიკაციების აბსოლუტური უმეტესობა თავისი ხასიათით პოზიტიურია და ქება-დიდებით მოიხსენიებს მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტს. ზოგიერთი ავტორი უფრო შორს მიდის და რეჯეფ ერდოღანს ლეგენდარულ და მითოლოგიურ გმირად, დიდების შარავანდედით მოსილ ადამიანად წარმოსახავს.

გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) გამოქვეყნებულია სტატია შთამბეჭდავი სათაურით – „ლეგენდარული ერდოღანი, რომელმაც დასავლეთი შეარყია“ (ავტორი – ბერჯან თუთარი). მასში განხილულია თურქეთის მესამე ვადით არჩეული ქვეყნის პრეზიდენტის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოსათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ძველ დროში, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, დედამიწის გეოგრაფიას – მსოფლიოს – შვიდ ნაწილად ჰყოფდნენ, ე.წ. „შვიდ ქვეყნად“: ჩინეთად, ინდოეთად, არაბეთად, სპარსეთად, აფრიკად, ოსმალურ და ბერძნულ მიწებად.

ბოლო 400 წლის განმავლობაში დასავლეთმა ბატონობა დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე დაიწყო, თუმცა ამ ასწლეულში აშშ-სა და ევროპის მიერ შექმნილი გლობალური წესრიგი, „საბაზრო ცივილიზაციის“ სახელწოდებით, უკვე ინგრევა. თანამედროვე მსოფლიო ისევ ადრინდელ მრავალპოლუსიანობას უბრუნდება.

ამ ცვლილებებში უდიდესი წვლილი, უეჭველია, „ახალ თურქეთს“ შეაქვს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის ხელმძღვანელობით.

დასავლელი ანალიტიკოსები თურქეთის მეთაურს მსოფლიოს სამი პოლიტიკური ლიდერის – „დიდი სამეულის“ შემადგენლობაში ხედავენ, რომლებიც ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნიან: ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი და რეჯეფ ერდოღანი.

ამიტომაც აქცევდნენ ესოდენ დიდ ყურადღებას საპრეზიდენტო არჩევნებს თურქეთში, რომელიც საკვანძო ქვეყნად ითვლება როგორც ძველი, ასევე ახალი მსოფლიოსათვის და რომელიც გლობალურ მასშტაბებს ფლობს.

ხატოვნად თუ ვიტყვით, მსოფლიოს შვილი ნაწილი და ოთხი კონტინენტი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ჩვენს ქვეყანაში მომხდარ ისტორიულ მოვლენას – არჩევნებს – „ახალი თურქეთის“ მეორე ასწლეულის მიჯნაზე. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის არჩევნები მთელი მსოფლიოსათვის საბედისწერო მომენტად უნდა ჩაითვალოს.

იმ მილოცვების გამო, რომლებსაც რეჯეფ ერდოღანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებისაგან ზედიზედ იღებდა 28 მაისის გამარჯვების შემდეგ და იმ საერთო-სახალხო ზეიმის ფონზე, რაც ამ გამარჯვებამ გამოიწვია, ჩვენი პრეზიდენტის ირგვლივ ლეგენდები შეიქმნა.

რეჯეფ ერდოღანი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში გლობალური ბრენდი გახდა, „ახალ თურქეთს“ ისეთ მოთამაშედ აქცევს, რომ მსოფლიოსათვის მისაბაძ ნიმუშად ხდება ყველა მიმართულებით.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქმა ხალხმა, რომელმაც სხვა ქვეყნებს დემოკრატიის გაკვეთილი ჩაუტარა 14 და 28 მაისს, თავისი რეკორდულად მაღალი მონაწილეობით სრულიად გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში, პირდაპირ გააცამტვერა დასავლეთის მიერ რეჯეფ ერდოღანისათვის მიწებებული „დიქტატორის“ იარლიყი.

თურქეთის პრეზიდენტის ლეგენდარული წარმატება ძირს უთხრის გლობალურ სტატუს-ქვოს არა მარტო პოლიტიკურ არენაზე, არამედ სამხედრო, კულტურულ, ეკონომიკურ ფრონტებზე და არის შთაგონების წყარო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იმპერიალისტური ცენტრის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებიან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ იბნ ჰალდუნის (არაბი ფილოსოფი, ისტორიკოსი და მოაზროვნე) ისტორიული და სოციალურად ორიენტირებული დიალექტიკური თეორია, რომელიც აქცენტირებულია და დამყარებულია „ასაბიაზე“ – ანატოლიურ ცოდნაზე, თავის ყველანაირ განსახიერებას სწორედ „ახალ თურქეთში“ ამჟღავნებს.

და დღეს სწორედ ამ ცოდნის მფლობელი ძალა არყევს დასავლური სამყაროს ტახტს. ევროპული ქვეყნების ლიდერები ზედიზედ უკან იხევენ რეჯეფ ერდოღანის ლეგენდარული დიდების წინაშე.

უკვე არა მხოლოდ აღმოსავლეთმა, არამედ დასავლეთმაც დაიწყო იმედების დამყარება რეჯეფ ერდოღანზე, რომელიც საკვანძო მოთამაშე გახდა მსოფლიო დიპლომატიაში და კრიზისების დარეგულირებაში.

ამ ყველაფერს იმისკენ მივყავართ, რომ „თურქული საუკუნის“ სახელით ისევ ვრცელდება ოსმალური უნივერსალიზმი, რომელიც მსოფლიოს ძალიან ჭირდება.

ამრიგად, „ახალი თურქეთის“ წყალობით, რომელმაც დასავლეთის ბატონობას დაარტყა, მსოფლიო კვლავ თავის ნამდვილ – შვიდნაწილიან – სახეს იღებს, უკვე ძალიან მონატრებულ და სასურველ სახეს.

წყარო