“პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები”- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
“პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ”- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას.
“პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. პრეზიდენტის კრიტიკა თუ უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. პრეზიდენტის კრიტიკა თუ სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს.
მათ განცხადებაში ბოლო წინადადება იყო, რომ შუამავლობა შეუძლიათ, გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ჰყოფს, ყველას პრეზიდენტია. დიდი მადლობა, როგორმე, ჩვენ თვითონ საზოგადოებასთან ურთიერთობას გავაგრძელებთ. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ? „ქართული ოცნება“ ამ განცხადებით ცდილობს, 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახით? პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის“, – განაცხადა მსხილაძემ.
“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას.