1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  “საუნივერსიტეტო დიპლომატია”- მნიშვნელოვანი ვიზიტი პოლონეთში
 “საუნივერსიტეტო დიპლომატია”-  მნიშვნელოვანი ვიზიტი პოლონეთში

 “საუნივერსიტეტო დიპლომატია”- მნიშვნელოვანი ვიზიტი პოლონეთში

259
0

2023 წლის 27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი დავით ჯალაღონია ბიდგოშის უნივერსიტეტის მიწვევით სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ. ჩვენი პოლონელი პარტნიორების ინიციატივით, პოლონურად ითარგმნა და იქვე გამოიცა რექტორ ზ. ხონელიძის მონოგრაფია „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, რომლის პრეზენტაციაც ბიდგოშის უნივერსიტეტშივე შედგა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მასპინძლებმა ძალიან საინტერესო და გადატვირთული სამუშაო პროგრამა დაახვედრეს: პრეზენტაციები, საჯარო ლექციები აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, შეხვედრები როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოს დიპლომატიურ მისიებთან (ჰოლანდია, ესპანეთი და სხვ.) და კათოლიკური ეკლესიის იერარქებთან.

 

აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრა მსმენელთა განსაკუთრებული აქტიურობით მიმდინარეობდა. სსუ-ს რექტორს არა ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა დაუსვეს, რასაც ამომწურავი პასუხები გაეცა.

 

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ბიდგოშის უნივერსიტეტს, მის დამფუძნებლებს, რექტორატს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესდნენ „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ქართული იდეით, თარგმნეს და გამოსცეს ეს წიგნი. მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმ პირობებისათვის, რომ პოლონეთში მოგვცეს შესაძლებლობა მაქსიმალურად ბევრ მნიშვნელოვან პიროვნებასთან დაგვემყარებინა ურთიერთობა და მათთვის წარმოგვედგინა როგორც საქართველო, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეა. ჩვენ ვცდილობდით და, მგონი, შევძელით კიდევაც, რომ ევროპელი მეგობრებისათვის საქართველო განსხვავებული კუთხიდან დაგვენახებინა და, ფაქტობრივად, ხელახლა გაგვეცნო მათთვის“, – აღნიშნა პროფესორმა ზ. ხონელიძემ სსუ-ს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან საუბარში.

 

პოლონურ საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსით, რით განსხვავდება ის სახალხო თუ სამეცნიერო დიპლომატიისაგან; ასევე მიექცა განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-ევროპის ურთიერთობებს.

 

„ჩვენ შევხვდით მაღალი დონის პოლონელ მეცნიერებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპატს. ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი და საპატიო იყო, რომ ბიდგოშის უნივერსიტეტში საგანგებოდ ჩამოვიდა პოლონეთის სტუდენტთა პარლამენტის 150 წარმომადგენელი. ისინი, ფაქტობრივად, ყველა პოლონურ უმაღლეს სასწავლებლებსა და მათ უცხოელ სტუდენტებს წარმოადგენდნენ. ამ პარლამენტის სპიკერი გახლავთ კიეველი გოგონა, რომელიც პრეზენტაციისა და საჯარო ლექციის შემდეგ ჩემთან მოვიდა და არა ერთ საკითხზე ვისაუბრეთ. ალბათ, მან გამოთქვა სურვილი საქართველოში ჩამოსვლისა და ჩვენი უნივერსიტეტების, პროფესორების, სტუდენტების უშუალო გაცნობისა“, – გვითხრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

 

მომხსენებელმა აუდიტორიას დაწვრილებით აუხსნა საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეა, რომელიც, თავისი არსით, მხოლოდ სამეცნიერო-საგანმანათლებლო არ არის, ისევე, როგორც ის მხოლოდ დიპლომატიურ-პოლიტიკური მიმართულებით არ უნდა განვიხილოთ:

 

„საუნივერსიტეტო დიპლომატია ორივე ამ ასპექტს სცდება, მაგრამ, იმავდროულად, მათ მჭიდროდ აერთიანებს, აკავშირებს, ახალი მიზნების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს მნიშვნელოვანია რათა მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების წინაშე დგას და ცალკე აღებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დიპლომატიისთვის გადაუჭრელად ისახება, ამ ორი სისტემის სინერგიით შეძლოს მშვიდობიანად გადაწყდეს, – აღნიშნა სსუ-ს რექტორმა. – აქედან გამომდინარე კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, შევძელით გაგვეხსნა „სამშვიდობო განათლების ცენტრი“, რომელიც, უკვე წლებია, წარმატებით ფუნქციონირებს“.

 

პოლონელი საზოგადოებრიობა, ბუნებრივია, ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდა საქართველო-ევროპის ურთიერთობების პერსპექტივას. ბატონმა ზურაბმა მათ უპასუხა:

 

„საქართველო ევროპის არც გერია და არც შორეული ნათესავი. ჩვენ უშუალოდ ევროპის ორგანული ნაწილი ვართ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალათასწლიანი ისტორია დაკავშირებულია ამ რეგიონთან. მაშინ, როდესაც ევროპა ისტორიას ელინებით იწყებს, მათ წინ უსწრებდა იბერიულ-კავკასიური მოდგმა, რომელსაც იმ დროს იმაზე ბევრად გაცილებით  დიდი სივრცე ეჭირა, ვიდრე დღეს აქვს. მათი ტერიტორია ხმელთაშუა ზღვის აუზსაც მოიცავდა, რაც დადასტურებულია სხვადასხვა კვლევით, მათ შორის – არქეოლოგიურით, ლინგვისტურით, საისტორიო წყაროებით. ჩვენ ევროპა აღმოსავლეთად განგვიხილავს ზოგჯერ. თუმცა აქ ჩვენი მეგობრები არც ცდებიან. დიახ, ჩვენ ბუნებრივი ხიდი ვართ ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ აღმოსავლეთს ვაკავშირებთ დასავლეთთან და ევროპას კი აზიასთან. ამას გვიჩვენებს და გვასწავლის ჩვენი ისტორიული წარსული. ესაა ჩვენი ჯვარიც და პასუხისმგებლობაც ორივე კონტინენტის მიმართ. ჩვენ ევროპის მიღმა ვერ დავრჩებით, რადგან მუდამ ამ ოჯახში ვიყავით, მაგრამ ევროპას, დასავლეთს შესანიშნავ ელჩობას, წარმომადგენლობას გავუწევთ აღმოსავლეთში. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანე არა ქართველ მკვლევართა დასკვნები, არამედ ცნობილ ევროპელ მოაზროვნეთა დაკვირვებები და მოსაზრებები საქართველოს შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დაინტერესდნენ, სხვა კუთხით შეხედეს ამ საკითხს, განსხვავებულად გაიაზრეს. ბიდგოშის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოში ჩამოსვლისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებისა“.

 

პოლონეთში ვიზიტის დროს გაიმართა (ონლაინ-ფორმატით) საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიდგოშის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უნივერსიტეტების ახალი მისია“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ბიდგოშის უნივერსიტეტის კანცლერი, დოქტორი ფილიპ სიკორა და სხვა პოლონელი მკვლევრებიც.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ მასპინძლებს უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

ამ ვიზიტის დროს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას გრძნობდა კომპანია „სარაჯიშვილის“ გენერალური დირექტორის, ბატონ ზურაბ ბუბუტეიშვილის მხრიდან.

 

ბიდგოშის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა რექტორმა, დოქტორმა ქშიშტოფ სიკორამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი – დედოფალ იადვიგას სახელობის მედლით დააჯილდოვა.

 

„დაჯილდოების ცერემონიალზე ჩვენს თბილ და ერთგულ პოლონელ მეგობრებს ვუთხარი, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მე ახალი საქართველოს სამ მნიშვნელოვან იდეას – სოხუმს, სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს – ვემსახურები. ეს არის ჩემი ცხოვრების უმთავრესი გამოწვევა“, – აღნიშნა ბატონმა ზურაბმა საუბრის დასასრულს.

შეგახსენებთ, რომ ბატონი ზურაბის მონოგრაფია უკვე გამოცემულია ინგლისურ, რუსულ და ბულგარულ ენებზე; მალე გამოქვეყნდება თურქულ და იტალიურენოვანი თარგმანები.